LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც უფრო მეტ ბაქტერიასთან და ვირუსთან ექნება ბავშვს კონტაქტი, მით უფრო მეტი ექნება „ბუნებრივი აცრა“- მალვინა ჯავახაძე გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან”

34
malvinajavaxadzestumradeqimtanjn

გადაცემის ლაივი LIVE

რა ტიპის ინფექციებია გავრცელებული ბავშვებში და რა სიმპტომებით ვლინდება ისინი, ვინ შეიძლება ჩაითვალოს მოწყვლად ჯგუფებში და რატომ ხდება, რომ რიგ ბავშვებთან ეს პრობლემა მკვეთრად გამოხატულია და რიგ შემთხევებში არა. რა არის პირველი დახმარება ნაწლავური ინფექციების დროს, შეიძლება თუ არა ელექტროლიტების თვითნებურად მიღება, რატომ ვნებს ანტიბიოტიკები და რას ნიშნავს ინფექციებით ხშირი ავადობა. ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის, პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, მალვინა ჯავახაძემ ისაუბრა.

პირველი შეკითხვა მინდა ნაწლავურ ინფექციებზე დაგისვათ, რომლებიც განსაკუთრებით ზაფხულში ხდება აქტუალური პრობლემა. რა ტიპის ინფექციებია გავრცელებული საქართველოში და განსხვავდება თუ არა ისინი სტატისტიკურად სხვა ქვეყნებში გავრცელებული ნაწლავური ინფექციებისაგან? ზოგადად რა არის ნაწლავური ინფექცია, რაზეც მშობლები ხშირად საუბრობენ?

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოებას ნაწლავურ ინფექციებზე რატომღაც არასწორი წარმოდგენა აქვს და სეზონურ პრობლემად მიიჩნევენ. თუმცა, ნაწლავური ინფექციები გვხვდება მთელი წლის განმავლობაში და არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ ყველა ასაკის ადამიანებში. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ნაწლავური ინფექცია კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა მონაკვეთის ანთებაა, რომელსაც სხვადასხვა გამომწვევი შეიძლება ჰქონდეს. ეს შეიძლება იყოს ვირუსები, ბაქტერიები, პარაზიტები, უმარტივესები და ა.შ. შესაბამისად იმის მიხედვით, თუ რომელ სეზონზე რომელი ცირკულირებს, ამ მიზეზებიდან სწორედ იმით შეიძლება იყოს გამოწვეული კონკრეტული ინფექცია. ნაწლავური ინფექციების გადაცემა ძირითადად ხდება ფეკალურ-ორალური გზით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანმრთელი ადამიანის პირის ღრუში უნდა მოხვდეს გამომწვევი, რომელიც შეიძლება იყოს საკვებში, წყალში, ჭუჭყიან ხელზე, ინფიცირებულ საგნებზე ან გარემოში, საიდანაც ის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს ჰაერწვეთოვანი გზით. შემდეგ გამომწვევი გადის მთელ საჭმლის მომნელებელ სისტემას და იმის მიხედვით, თუ რა არის მისი სამიზნე, შესაბამის მონაკვეთზე ვითარდება ანთება. მინდა გითხრათ, რომ ნაწლავური ინფექციები, რომლებიც ვირუსებითაა გამოწვეული, ხშირია ზამთარში, ასევე შემოდგომის ბოლოს და გაზაფხულის დასაწყისისაკენ. არის ვირუსული ნაწლავური ინფექციები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში გვხვდება. მიზეზი კი, რის გამოც ნაწლავური ინფექციების სეზონად ზაფხული მიიჩნევა ისაა, რომ ამ დროს ინფექციების გამომწვევებთან კონტაქტი და შემხებლობა უფრო ხშირია, ბავშვები დიდ დროს ატარებენ გარეთ, ისვენებენ მთაში, ტყეში და დიდია შანსი, რომ კონტაქტი ჰქონდეთ გამომწვევ მიზეზთან.

მინდა გკითხოთ მოწყვლად ჯგუფებზე. ჩვენ ვხვდებით ბავშვებს, რომლებიც ძალიან ხშირად ავადობენ ნაწლავური ინფექციებით, თუმცა ვხვდებით ისეთ ბავშვებსაც, რომლებსაც მსგავსი პრობლემა ფაქტიურად არ აწუხებთ. რა არის იმის მიზეზი, რომ ზოგ ბავშვს ხშირად აქვს ნაწლავური ინფექცია, ზოგს კი თითქმის არასოდეს? შეიძლება თუ არა ეს გენეტიკურ ფაქტორზე იყოს დამოკიდებული, თუ ეს ქცევიდან გამომდინარეობს?

მნიშვნელოვანია ბავშვებს ავუხსნათ, რომ საჭიროა თუნდაც ხელების ხშირად დაბანა. მათ არ იციან ამის შესახებ და ბუნებრივია, ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. ამას კარგად გვიჩვენებს დღევანდელი შედეგებიც.ოვიდ-ინფექციიდან გამომდინარე ხელების ხშირმა დაბანამ, სოციალურმა დისტანცირებამ და ჰიგიენის სხვა ნორმების მკაცრად დაცვამ სხვა დაავადებების შემცირებაც გამოიწვია. გასულ წელს და ზოგადად ბოლო პერიოდში ძალიან დიდი ოდენობით ნაწლავური ინფექციები ფიქსირდებოდა. მაღალი იყო როგორც ამბულატორიული მიმართვების, ასევე ჰოსპიტალიზებული პაციენტების რიცხვი. თუმცა კოვიდ-ინფექციასთან ბრძოლის ფარგლებში შემოღებული რეკომენდაციების გამო შემცირდა ნაწლავური ინფექციებით ავადობაც.

როდესაც ვსაუბრობთ მოწყვლად ჯგუფებზე, აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ვირუსული ეტიოლოგიის და ბაქტერიით გამოწვეული ნაწლავური ინფექციები. ვირუსით გამოწვეული ნაწლავური ინფექციები ისეთი დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც რაღაც გარკვეულ პერიოდში თითქმის ყველა ბავშვმა უნდა გადაიტანოს. მაგალითად ბოლო 8-10 წლის განმავლობაში ასეთი იყო ე.წ. როტავირუსული ინფექცია“, რომელიც ხვდებოდათ 5 წლამდე ასაკის ბავშვებს. ცირკულირებდა რამოდენიმე შტამი და შესაძლოა ყველა მათგანი გადაეტანა ერთ ბავშვს. იქიდან გამომდინარე, რომ როტავირუსული გასტროენტერიტით ყოველწლიურად 5 მილიონამდე ბავშვი ავადობდა და მაღალი იყო ლეტალობაც, შემუშავებული იქნა მისი საწინააღმდეგო ვაქცინა. დღეს ყველა ბავშვი იცრება როტავირუსზე და მისით ავადობა მკვეთრად არის შემცირებული. მეორე ადგილზე ავადობის გამომწვევ ვირუსებს შორის არის ნოროვირუსი,  რომელიც ძალიან ხშირად გვხვდება. ხდება ე.წ. „აფეთქებები“ საბავშვო ბაღებში, შემდეგ კი შესაძლოა მთელი ოჯახი დაავადდეს ნოროვირუსული დიარეით. ასევე არის ასტროვირუსები და ადენოვირუსის გარკვეული შტამები.

რაც შეეხება ნაწლავურ ბაქტერიულ ინფექციებს, აუცილებელი არ არის ადამიანმა ისინი გადაიტანოს. შეიძლება ადამიანი ისე მივიდეს სრულ ასაკამდე, რომ არცერთხელ არ გადაიტანოს სალმონელოზი, შიგელოზი ან ნაწლავის ჩხირი და ა.შ.

მოწყვლად ჯგუფებზე გეტყვით, რომ ესენი არიან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთაც იმუნური სისტემა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვთ, ამიტომ პათოგენებს უფრო ადვილად შეუძლიათ კუჭ-ნაწლავში ფეხი მოიკიდონ და ანთება გამოიწვიონ. რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ ასაკოვანი ადამიანებიც, თუმცა ისინი საზოგადოებასთან ნაკლებად კონტაქტობენ და მათი რიცხვი უფრო მცირეა.

შეიძლება სახეზე იყოს მიდრეკილება ნაწლავური ინფექციებისადმი. ამაში გარკვეულ როლს გენეტიკური ფაქტორიც თამაშობს. თუ მშობლებს ან ბებია-ბაბუებს აქვთ მიდრეკილება კუჭ-ნაწლავის დაავადებებისაკენ ან აქვთ ქრონიკული დაავადებები, მაგ: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ა.შ, ბავშვებს მიდრეკილება ექნებათ ინფექციური დაავადების განვითარებისაკენ და დაავადების განვითარების სიმძიმესაც ეს ფაქტორები განსაზღვრავს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ დაავადების სიმძიმე ძალიან ხშირად, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში ასოცირდება გამომწვევის რაოდენობასთან. რაც უფრო დიდი რაოდენობით მოხვდება ორგანიზმში გამომწვევი (ვირუსი, ბაქტერია და ა.შ), მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება. თუმცა შესაძლებელია ისიც, რომ გამომწვევი მცირე რაოდენობით მოხვდეს კუჭ-ნაწლავში და იქ გამრავლდეს.

მინდა დაგისვათ კითხვა, რომელიც ფორუმებზე საკმაოდ აქტუალურია. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომელიც ბავშვის განავალში ლორწოს და სისხლს აღმოაჩენს? ეს მშობლებისათვის საგანგაშო სიმპტომია. გარდა ამისა საინტერესოა კითხვა ანტიბიოტიკებზე –  თუ ეს სიმპტომები ნაწლავური ინფექციითაა გამოწვეული და მის წინააღმდეგ ინიშნება რომელიმე ჯგუფის ანტიბიოტიკი, როგორ ხდება ეს იმ ფონზე, როდესაც ანტიბიოტიკი გარკვეულწილად ცუდად მოქმედებს ნაწლავურ მიკროფლორაზე? რა დროს ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება?

ნაწლავური ინფექცია ანუ გამომწვევი პათოგენის მოხვედრა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შეიძლება გამოვლინდეს დიარეით ანუ ნაწლავთა დისფუნქციით და გახშირებული მოქმედებით, შეიძლება ის ყაბზობითაც გამოვლინდეს. ძირითადად ხდება განავალში პათოლოგიური მინარევების გაჩენა. შეიძლება ეს იყოს სითხე, ლორწო ან სისხლი. თუ რომელიმე მათგანი გაჩნდა და განსაკუთრებით სისხლი, ეს მშობლების შეშფოთების საგანია. თუ დიარეას წინ უძღვოდა გულისრევა, ღებინება, ტემპერატურის მატება, თუ ბავშვი მანამდე ჯანმრთელი იყო და ეს ხდება პირველად და ერთჯერადად, ძირითადად დიაგნოზი ნაწლავური ინფექცია იქნება. თუმცა როდესაც ბავშვებში, განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებში აღინიშნება სისხლიანი განავალი, მაგრამ ამას თან არ ახლავს ნაწლავთა მოქმედების გახშირება, არ ახლავს სხვა პათოლოგიური მინარევები, ლორწო ან სითხე, ეს შეიძლება რაიმე საკვების აუტანლობასთან იყოს დაკავშირებული. ეს უფრო ქრონიკული მდგომარეობაა.

მინდა გითხრათ, რომ არის მთელი რიგი მიკრობები, რომლებიც ინვაზიურ დიარეას იწვევს.  ეს იმას ნიშნავს, რომ გამომწვევი მიკრობის მიზანია, რაც შეიძლება ღრმად დააზიანოს ლორწოვანი გარსი. შესაბამისად შესაძლოა ასეთ დიარეას თან ახლდეს სისხლდენა. ასეთი ბაქტერიები არის მაგალითად შიგელები, ნაწლავის ჩხირი, პარაზიტებიდან ამება და ა.შ. როგორც პედიატრი და ინფექციონისტი ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ნაწლავური ინფექციის დიაგნოზი განავლის სტრუქტურის მიხედვით უნდა დაისვას. შემდეგ უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული შესაბამისი კვლევების ჩატარებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ანტიბიოტიკებს –  ნაწლავური ინფექციების დროს ყოველთვის აუცილებელი არ არის ანტიბაქტერიული საშუალებების, ანუ ანტიბიოტიკების დანიშვნა.  ანტიბაქტერიული საშუალებები ცალსახად იმ შემთხვევაში ინიშნება, როდესაც არის შესაბამისი ჩვენება, ანუ როდესაც ინფექცია ბაქტერიულია, სახეზეა ინვაზიის მაღალი ხარისხი, შეცვლილია განავლის საერთო ანალიზი, შეცვლილია სისხლის ფორმულა, მომატებულია ლეიკოციტები, სახეზეა ბაქტერიული მარკერები – მომატებულია C რეაქტიული ცილა და ა.შ. ამ დროს რასაკვირველია შეირჩევა შესაბამისი ანტიბიოტიკი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ როდესაც სახეზეა სისხლიანი განავალი, ყველაზე ფაქიზად და ფრთხილად სწორედ ანტიბაქტერიული საშუალებების შერჩევა უნდა მოხდეს.

არის ინფექციები, მაგ: კლოსტრიდიუმ დიფიცილე, ბაქტერია, რომელიც ხშირად იწვევს სისხლიან დიარეას, ასევე ნაწლავის ჩხირი, როდესაც ის გამოიმუშავებს ვეროტოქსინებს და კეთდება გამოკვლევა ვეროტოქსინზე, ასევე შიგელოზი, შიგელებით გამოწვეული დაავადება, რომელსაც ადრე დიზენტერიას ეძახდნენ. საინტერესოა, რომ შიგელოზი ყოველთვის ითვლებოდა ჭუჭყიანი ხელების დაავადებად და ეს იყო გარკვეული შტამი, მაგრამ მდგომარეობის შეცვლამ, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებამ, ჰიგიენური ნორმების დაცვამ მკვეთრად შეამცირა ეს შტამი. თუმცა სხვა ქევყნებში მოგზაურობის შემდეგად ჩვენთან მოხვდა უკვე ინფექციის სხვა შტამები. ბოლო 2-3 წელია საქართველოში საკმაოდ ხშირად გვხვდება ე.წ. „განვითარებული ქვეყნების შტამი“, რომელიც ადრე ძირითადად ამერიკაში და ევროპის ქვეყნებში იყო გავრცელებული.

ანტიბიოტიკის დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მიერ, ექიმმა უნდა განსაზღვროს ჩვენება ჭარბობს თუ არა უკუჩვენებას. რასაკვირველია ანტიბიოტიკმა არ იცის მისამართი, ის კლავს როგორც პათოგენურ, ასევე ნორმალურ ფლორას და იწვევს დისბიოზებს, რომელსაც შემდეგ თვეობით და შესაძლოა წლობითაც დასჭირდეს მკურნალობა ამ ერთი მიკრობის გამო, რომელსაც შეიძლება არც დასჭირდეს ანტიბიოტიკი. ასე რომ, საშუალოზე მძიმე ფორმების დროს, სტაციონარულად ანტიბიოტიკი შესაძლოა დაინიშნოს მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით.

ზოგჯერ ანტიბიოტიკის დანიშვნამ შესაძლოა მდგომარეობა უფრო გაართულოს, მაგალითად ვეროტოქსინები დახოცვის შემდეგ ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოყოფს, მათი ანტიბიოტიკით დახოცვის შემთხვევაში ეს ტოქსინი დიდი რაოდენობით გამოიყოფა და იმოქმედებს არა მხოლოდ ნაწლავის კედლებზე, არამედ თირკმელებზეც. შეიძლება განვითარდეს თირკმლის უკმარისობა, საჭირო გახდეს დიალიზი და ლეტალურადაც კი დასრულდეს ყველაფერი. ამიტომ არავითარ შემთხვევაში თვითმკურნალობას არ უნდა მივმართოთ. მედიკამენტების შერჩევა უნდა მოხდეს ექიმის მიერ.

ქალბატონო მალვინა, თქვენ ბრძანეთ, რომ ანტიბიოტიკები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მივიღოთ. თუმცა მე მინდა გკითხოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ თვითნებურად? როგორ გავუწიოთ ბავშვს პირველადი დახმარება? პირველი რაც ვიცით, ეს არის ის, რომ შეგვიძლია  ბავშვს მივცეთ ელექტროლიტები. ასეა თუ არა?

დიახ, შეგვიძლია მივცეთ ელექტროლიტების ხსნარი და მეტსაც გეტყვით, რაც უფრო მალე გავუწევთ ბავშვს ასეთი სახის დახმარებას, მით უკეთესი. დიარეის განვითარების ან ღებინების დროს ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს,  ელექტროლიტებს, ნატრიუმს, კალიუმს, კალციუმს და ა.შ.  ბავშვის გაღიზიანებას, საერთო სისუსტეს და დისკომფორტს ქმნის სწორედ ელექტროლიტების დისბალანსი და მის აღმოსაფხვრელად საუკეთესო საშუალებაა ელექტროლიტების ხსნარი. ყველაზე მნიშვნელოვანია ხსნარი სწორად მივცეთ ბავშვს. ეს უნდა მოხდეს ნელ-ნელა, ეტაპობრივად, რომ ბავშვმა ეს ვერც იგრძნოს და შესათვისებლადაც იოლი იყოს. ამ დროს მნიშვნელოვანია ტემპერატურის კონტროლი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ღებინების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება, რადგან ღებინება ნაწლავური ინფექციების დროს თავდაცვითი რეფლექსია. ორგანიზმი ცდილობს კუჭში მოხვედრილი უცხო აგენტი მოიშოროს. რასაკვირველია დეჰიდრატაცია იმიტომ ვითარდება, რომ ღებინებისას იკარგება დიდი რაოდენობით სითხე და ხდება გაუწყლოვება, მაგრამ მიზანი ამ უცხო აგენტის მოშორებაა და ორგანიზმს არ უნდა შევუშალოთ ხელი ამაში. არ უნდა გამოვიყენოთ არც ანტიდიარეული საშუალებები. დიარეაც ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა. მთავარი მიზანი უნდა იყოს პათოგენის მოშორება და არა ხელოვნურად სიმპტომების მოხსნა. ასეთ შემთხვევაში ბაქტერიები ორგანიზმში დარჩება, გამრავლდება და გართულებებს გამოიწვევს. ტემპერატურული რეაქციაც თავდაცვითი რეფლექსია. თუ ტემპერატურა ბავშვს არ აწუხებს, არ უნდა მივცეთ არც ტემპერატურის დამწევი. ორგანიზმს თვითონ აქვს საშუალება, თავი გაითავისუფლოს პათოგენისგან და ხელი არ უნდა შევუშალოთ. სიმპტომური მკურნალობა, რომელიც განიხილება, ექიმის მიერ უნდა იყოს დანიშნული. ჩვენ უნდა ვეცადოთ უბრალოდ ავუნაზღაუროთ რაც დაკარგა ელექტროლიტების სახით.

რა შემთხვევაში ხდება საჭირო გადასხმა, როდესაც ბავშვი უკვე სტაციონარში ხვდება?

როდესაც მშობელი დაინახავს, რომ ღებინება არ ჩერდება, აღინიშნება არა მხოლოდ საკვების, არამედ სითხის მიღებაზეც, როდესაც 24 საათში ბავშვი ვერ ახერხებს საჭმლის მიღებას ან დიარეა შენელების მაგიერ უფრო გახშირდება, უნდა მიმართოს ექიმს. თავდაპირველად ექიმის დასალევი საშუალებებით იწყებს მკურნალობას, ცდილობს პერორალურ რეჰიდრატაციას, მაგრამ როდესაც ესეც შეუძლებელია ხშირი ღებინების გამო, ხდება უკვე სითხეების ინტრავენური გადასხმა. ესეც კეთდება ელექტროლიტების ანალიზის შემდეგ, როდესაც ირკვევა რა და როგორი რაოდენობით აკლია ორგანიზმს, როგორი გაუწყლოვება გვაქვს სახეზე და როგორ უნდა მოხდეს მისი შემცირება. ამისთვის არსებობს სპეციალური პროტოკოლები. გადასხმის დროსაც ინიშნება დასალევი საშუალებები. მშობლებს უჭირთ გაუწყლოვების ხარისხის დადგენა, თუმცა უნდა მივხვდეთ, რომ საქმე გვაქვს დეჰიდრატაციასთან, როდესაც ბავშვი ჩვეულებრივზე ნაკლებად მოშარდავს. ასეთ დროს იწყება გაუწყლოვება. ხშირია ამ დროს ენის და ტუჩების გამოშრობა, თვალების ჩაცვენა. ასეთ დროს უკვე უნდა მივმართოთ ექიმს და დანარჩენ გადაწყვეტილებებს ექიმი მიიღებს.

ასეთი ტიპის ინფექციებისას შიშს იწვევს საკვებიც. მშობლებს ებადებათ კითხვა, ხომ არ აპროვოცირებს ვითარებას რომელიმე საკვები, მაგალითად ხილი ან ბოსტნეული. აქვს თუ არა რაიმე როლი საკვებს და მნიშვნელოვანია თუ არა რაიმე ტიპის დიეტა ნაწლავური ინფექციების დროს?

ეს მედიცინაში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. ჯერ კიდევ რამოდენიმე ათეული წლის წინ განიხილებოდა, რომ ნაწლავური ინფექციის დროს ბავშვმა მხოლოდ წყალი და ჩაი უნდა მიიღოს. ამის შემდეგ კვლევების საფუძველზე უკვე გამოვლინდა, რომ მკაცრი დიეტა მხოლოდ დაავადების მწვავე მიმდინარეობისას უნდა დაინიშნოს. როდესაც სახეზეა მწვავე ღებინება ან დიარეა, სითხესთან ერთად იკარგება ფერმენტები, ამიტომ წარმოიქმნება პრობლემები საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით. დიეტა უნდა დაინიშნოს რამოდენიმე დღე და პირველივე შესაძლებლობისთანავე უნდა მოიხსნას. მე, როგორც ინფექციონისტი არამც და არამც არ ვეთანხმები გახანგრძლივებულ დიეტას. ძალიან ხშირად ბავშვებს მათი ასაკისათვის შეუფერებელ საკვებს აძლევენ. ისინი კი ასაკის შესაბამისად უნდა იკვებონ. არ შეიძლება წლის ბავშვს მუდმივად შემწვარი საკვები ვაჭამოთ, მას უნდა ჰქონდეს თავისი მენიუ და ნაწლავური ინფექციების შემდეგ მალევე უნდა აღდგეს სრულფასოვანი, ასაკთან შესაბამისი კვება.

მინდა გკითხოთ კვებით აუტანლობებზე, რომელსაც ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ვხვდებით. რა არის ამის მიზეზი და რატომ გახშირდა მსგავსი შემთხვევები ბოლო დროს?

ვიდრე კვებით აუტანლობებზე გადავალთ, ერთ რამეს დავამატებდი. ჩვენი კუჭ-ნაწლავი სტერილური გარემო არ არის, მით უმეტეს ბავშვის კუჭ-ნაწლავი. ბავშვის ორგანიზმში ერთ კილოგრამამდე მიკრობებია, და აქედან 300-400 გრამი და შესაძლოა 500 გრამიც მხოლოდ ნაწლავების მიკრობიოტაა. ასე რომ განავლის დათესვა, პათოლოგიური მიკრობის ამოთესვა და ა.შ. მხოლოდ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს და შეაფასოს. როდესაც ბავშვი იბადება, ბაქტერიები მაშინვე იწყებს დასახლებას მის ორგანიზმში. სამ წლამდე ასაკში ხდება მიკრობიოტის ცვლილებები, იმუნური სისტემა ამ ასაკში ჩამოუყალიბებელია, ამიტომ უნდა მოვერიდოთ ნაწლავურ ინფექციებს. რაც შეიძლება უნდა ვეცადოთ, რომ ხშირად არ გადაიყანოს ნაწლავური, განსაკუთრებით ბაქტერიული ინფექციები. ადამიანის მიკრობიოტა უნიკალურია და შეიძლება მალე ისეთი დრო დადგეს, რომ ადამიანის იდენტიფიკაცია მისი მიკრობიოტით იყოს შესაძლებელი, როგორც დღეს ეს ხდება დაქტილოსკოპიით. თუ ჩვენ ვუფრთხილდებით ბავშვის ჯანმრთელობას, უნდა მოვუფრთხილდეთ მის მიკრობიოტას. ადამიანის ორგანიზმში უჯრედების 1% არის ადამიანისეული, დანარჩენი მიკრობისეულია. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ბავშვის ორგანიზმს, არ უნდა გამოვიყენოთ ანტიბიოტიკები დიდი დოზით და მითუმეტეს თვითნებურად. როგორი ჯანმრთელობა ექნება ჩვენს შვილს, რითი იავადებს ხშირად, როგორი გონებრივი განვითარება ექნება და კიდევ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტი ნაწლავის მიკრობიოტაზეა დამოკიდებული. ამიტომ ძალიან ფაქიზად უნდა მოხდეს მიდგომა როგორც მშობლის, ასევე ექიმის მხრიდან ამ მიმართულებით.

რაც შეეხება საკვების აუტანლობას, ეს ყოველთვის იყო, ჩვენს თაობაშიც, ჩვენს წინა თაობაშიც. რაღაც მოგვწონს, რაღაც არა. რაღაცას ჩვენი ორგანიზმი ადვილად ინელებს, რაღაცას ვერა. განსაკუთრებით საკვების აუტანლობა შეიძლება განივუთარდეთ ბავშვებს, თუ მათ მშობლებს ან ბებია-ბაბუებს ჰქონდათ ეს პრობლემა, ან კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, მიდრეკილება რომელიმე დაავადების მიმართ და ა.შ. აუტანლობებიდან ყველაზე ხშირად განიხილება გლუტეინის აუტანლობა. ამ დიაგნოზის დასმა უკვე თვეების ასაკშია შესაძლებელი, ვიდრე ბავშვი პურის და მარცვლეულის მიღებას დაიწყებს.

მე ძალიან არ ვეთანხმები მიდგომას, რომ რაკი ბავშვი რაღაც საკვებს ვერ იტანს, ეს საკვები უნდა მოვხსნათ. მან უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც განვითარებისთვის აუცილებელია, შეიძლება აუტანლობა იყოს ისეთ პროდუქტზე, რაც ორგანიზმის საშენი მასალა და ბავშვისთვის აუცილებელია. ამისთვის არის სპეციალური ანალიზი. მაგალითად გლუტეინი არის ცილა და არსებობს ანტისხეულები, რომელთა მომატებაც გლუტეინის აუტანლობაზე მიანიშნებს. თუ ეს პათოლოგია დაფიქსირდება, შემდეგ უკვე ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ მას უნდა ჰქონდეს გარკვეული კვების რეჟიმი და ცხოვრების წესი, ისე რომ ამან არ იმოქმედოს ფსიქიკაზე. ბავშვმა ყველაფერი შეიძლება მიიღოს ზომიერად, როგორც იცით დიაბეტით დაავადებულმა ბავშვმაც შეიძლება მიირთვას ტორტი, მთავარია ყველაფერი იყოს ზომიერად, აკადემიურად და ისე, რომ ამან ბავშვის ფსიქიკაზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს.

ზაფხულია და მინდა ყველა მშობლისთვის აქტუალური შეკითხვა დაგისვათ. წავიყვანოთ თუ არა ბავშვები ზღვაზე, სადაც ძალიან ხშირია ნაწლავური ინფექციებით ინფიცირება? ზოგი პედიატრი გასცემს რეკომენდაციას, ზოგი არა, თუმცა ფაქტია, რომ ზღვაზე დასვენებისას ბავშვებს ხშირად ემართებათ ნაწლავური ინფექციები.

მალვინა ჯავახაძე: მინდა გითხრათ, რომ საზღვაო კურორტები გამონაკლისი არ არის. ნაწლავური ინფექციები დიდი რაოდნეობით გვხვდება მთის კურორტებზე დასვენების შემდეგაც, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ზაფხულში ბავშვებს უფრო მეტ ადამიანთან აქვთ კონტაქტი. მიკროორგანიზმები, განსაკუთრებით ვირუსები და ბაქტერიები გარემოში ცხოვრობენ. ისინი მუდმივად არიან ჩვენი შვილის ირგვლივ, ასე რომ დაბადებიდანვე უნდა მიეჩვიოს ამას ბავშვის ორგანიზმი. რაც უფრო მეტ ბაქტერიასთან და ვირუსთან ექნება ბავშვს კონტაქტი, მით უფრო მეტი ექნება „ბუნებრივი აცრა“. შეიძლება ბავშვს ცოტ-ცოტა პათოგენთან მუდმივი კონტაქტის შემდეგ დიდი რაოდენობით გამომწვევთან კონტაქტი ჰქონდეს და დაავადება მძიმედ აღარ განვითარდეს. გარემოში ყოველთვის სხვადასხვა გამომწვევი პათოგენი ცირკულირებს, ისინი ბავშვს შეხვდება და ორგანიზმი ამას გადაიტანს, მთავარია გართულება არ განვითარდეს. თუ ბავშვი წლამდე ან რაღაც გარკვეულ ასაკამდე სტერილურ გარემოში მოვათავსებთ, ეს კარგ შედეგს არ მოიტანს, რადგან შემდეგ მაინც შეხვდება რაიმე ინფექცია და ორგანიზმი ბევრად მოუმზადებელი იქნება.

ხანდახან მშობლები ამბობენ, რომ ბავშვს ბაღში არ გაუშვებენ, რათა რაიმე ინფექცია არ გადაედოს. მაგრამ ეს არასწორია. ბავშვმა უნდა მიიღოს ეს „ბუნებრივი აცრა“, უნდა გადაიტანოს ეს ინფექციები, ტემპერატურამაც უნდა აუწიოს, იგივე დიარეა ან ღებინება არ უნდა იყოს შემაშფოთებელი. ეს არის იმუნიტეტის ჩამოყალიბების ეტაპი და ამის შემდეგ ბავშვის ორგანზიმს უყალიბდება გამძლეობა მთელი რიგი პათოგენების მიმართ. ეს არის გარემოსთან ადაპტირება, რომელშიც ბავშვმა შემდეგ მთელი ცხოვრება უნდა გაატაროს.

რაც შეეხება ზღვას, თვითონ ზღვაზე წასვლა არ ქმნის პრობლემას. თუ მშობელს გააჩნია ჰიგიენური ნორმების დაცვის რეჟიმი და ახერხებს აკონტროლოს, რომ ბავშვმა ვთქვათ არ დალიოს ზღვის ჭუჭყიანი წყალი, ან ქვიშიანი, დასაბანი ხელები არ ჩაიდოს პირში, თუ ახერხებს რომ ზღვაზე გაიყვანოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს შეიძლება, ანუ დილის საათებში ან საღამოს, როდესაც მზე უკვე აღარ არის ზენიტში, ბავშვს ნაწლავური ინფექცია არ დაემართება. მე ზღვაზე ბავშვების წაყვანის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ არ მესმის რატომ უნდა წავიყვანოთ ჩვილი ბავშვი ზღვაზე, თუ ის ვერც იბანავებს და არც მზეზე მისი ყოფნა შეიძლება. თუ მშობელს მაინც მიჰყავს ასეთი პატარა ბავშვი ზღვაზე, მაშინ ბავშვი კი არ უნდა მოერგოს მის რეჟიმს, მოზრდილებმა უნდა იცხოვრონ ბავშვის რეჟიმით. ამ შემთხვევაში ყველაფრის აცილება შეიძლება თავიდან. საჭიროა ბავშვების მიმართ მეტი ყურადღება და მეტი მზრუნველობა

არ შემიძლია არ გკითხოთ მსოფლიოს ნომერ პირველი პრობლემის შესახებ. მსოფლიო ახალი კორონავირუსის მეორე ტალღის მოლოდინშია. საბედნიეროდ, ჩვენთან მეტ-ნაკლებად ნორმალური ვითარებაა, რასაც ვერ ვიტყვით მეზობელ ქვეყნებზე. რას გვეტყვით ამის შესახებ?

ბუნებრივია დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს. იქამდე, სანამ არ იქნება პოპულაციური იმუნიტეტი ან ვირუსი გარემოში არ განადგურდება, სიფრთხილის დაცვა აუცილებელი იქნება. საბედნიეროდ დღესდღეობით საქართველოში სოციალური დისტანცირების, ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების და გარკვეული შეზღუდვების ფონზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს, რადგან ალბათ საზღვრები გაიხსნება და ტურისტები შემოვლენ ქვეყანაში. სამწუხაროდ ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს იმის დანახვა, რომ მოსახლეობა თითქოს მოეშვა. დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს. ერთ ადამიანს, რომელსაც არ აქვს გამოხატული სიმპტომები, ან მინიმალური სიმპტომები აქვს, ერთ თვეში 400 ადამიანის ინფიცირება შეუძლია. შესაბამისად 10 ინფიცირებულს შეუძლია ერთ თვეში 4000, ხოლო 100 ინფიცირებულს 40000 ადამიანის ინფიცირება. ამიტომ ვამბობ, რომ ყველაფერი ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება მეორე ტალღას, Sars-Cov-2  ამ მხრივ სხვა ვირუსებს ჰგავს. მისთვის გასამრავლებლად ძალიან ხელსაყრელია ტემპერატურული მერყეობის პირობები, შემოდგომა და გაზაფხული. თუ  ვირუსი ახლა არსებულ სტანდარტულ მაღალ ტემპერატურას , ან ზამთარში სტაბილურად დაბალ ტემპერატურას ცუდად უძლებს, მერყეობის პირობები მისთვის ძალიან ხელსაყრელია, ამიტომ შეიძლება კიდევ ერთი აფეთქება მოხდეს შემოდგომაზე. ამიტომ მე მინდა მივმართო ყველას, თუკი შემოდგომაზე ერთხელ კიდევ გავიჭირვებთ ისე, რომ საჭირო არ გახდეს ყველაფრის ჩაკეტვა და მკაცრი იზოლაცია, მაგრამ კარგად დავიცავთ ჰიგიენის ნორმებს, დისტანციას და ყველა დანარჩენ რეკომენდაციას, მაშინ მეორე ტალღასაც მშვიდად გადავიტანთ. გაზაფხულის აღარ მეშინია, ამ დროისათვის უკვე იქნება მსოფლიოში ისეთი იმუნიტეტი, რომ ეს ვირუსი საშიში აღარ იყოს. რაღაც რაოდენობით შემთხვევები სულ იქნება, ეს არ არის საგანგაშო, მთავარია არ მოხდეს აფეთქება, რასაც მოჰყვება ჰოსპიტალური კოლაფსი და ექიმები მოსახლეობის დახმარებას ვეღარ შეძლებენ. ნუ დავაყენებთ ექიმებს არჩევანის წინაშე, ვის უმკურნალონ და ვის არა. ეს რეალობაა, ეს მოხდა გუშინ და ხდება დღესაც ჩვენზე ბევრად განვითარებულ და სამედიცინო თვალსაზრისით უზრუნველყოფილ ქვეყნებში. მაღალი ლეტალობაც ამითია განპირობებული.

მთავარია ერთდროულად ბევრი შემთხვევა არ იყოს, თორემ თუნდაც ნაწლავური ინფექციებით მსოფლიოში წელიწადში 1 000 000 ადამიანი იღუპება.

სხვათა შორის კოვიდ-ინფექციას და ნაწლავურ ინფექციებს აქვს საერთო. ხანდახან კოვიდ-ინფექციის ერთ-ერთი სიმპტომი დიარეაა, ვირუსის სამიზნე უჯრედი კუჭ-ნაწლავის ტრაქტშიც არის და ესეც ერთ-ერთი სიმპტომია. შესაბამისად, დღეს კორონავირუსზე იტესტება ყველა პაციენტი როგორც დიარეით, ასევე ცხელებით. მაგალითად, ბოჭორიშვილის კლინიკაში, პედიატრიულ დეპარტამენტში  გვაქვს სპეციალური იზოლირებული ფლიგელი, სადაც შეგვიძლია აბსოლუტურად უსაფრთხოდ მივიღოთ პაციენტი და საჭიროების შემთხვევაში ტესტიც ჩავუტაროთ. ყველა პაციენტი ერთმანეთისგან იზოლირებულია და ამ მხრივ უსაფრთხოების ნორმები ბოლომდეა დაცული. ჩვენთან 35 კოვიდინფიცირებული ბავშვი მკურნალობდა და ყველა მათგანი იყო ოჯახური კერიდან, რაც იმას ნიშნავს რომ ეპიდემიოლოგიურად არსებული ვითარება სწორად არის მართული. გავაგრძელოთ ასე, დავიცვათ საკუთარი თავი, ოჯახის წევრები და გარშემომყოფები.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები