LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ განვასხვაოთ ნაწლავური ინფექცია სხვა ვირუსებისგან და რომელი საკვები მივცეთ ამ დროს ბავშვს – ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები

182
ინგა-მამუჩიშვილი

რას ნიშნავს ნაწლავური ინფექცია, როგორ უნდა განვასხვაოთ ის ინტოქსიკაციისგან, რა იწვევს მას და რა სიმპტომებით ვლინდება, როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია და როგორ უნდა ვებრძოლოთ სხვადასხვა სიმპტომებს სახლის პირობებში – ამ და სხვა საინტერესო კითხვებს ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი – ინგა მამუჩიშვილი პასუხობს.

ქალბატონო ინგა, წინა წლებთან შედარებით წელს ძალიან იმატა ნაწლავური ინფექციის შემთხვევებმა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

წელს ნამდვილად ძალიან გადავიღალეთ ვირუსული ინფექციების სიხშირით. წინა პერიოდში, მოხდა ისე, რომ კოვიდ პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა და იზოლაციამ სხვადასხვა ვირუსული ინფექციების გავრცელება შეაფერხა. წელს კი რეგულაციების მოხსნასთან ერთად, ადამიანებმა, რა თქმა უნდა, ცხოვრების წესის შეცვლაც გადაწყვიტეს. ამ ყველაფერს დაემთხვა ის პერიოდი, როდესაც უამრავი ტურისტია საქართველოში ჩამოსული და ჩვენი კურორტები სავსეა ადამიანებით. შესაბამისად, გავრცელდა ზოგადად ვირუსული ინფექციები. ვირუსული ინფექციები ეს მხოლოდ რესპირატორული ტრაქტის ინფექციები არ არის, რადგან ვირუსს ახასიათებს ტროპიზმი ლორწოვანი გარსის მიმართ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გასტროინტესტინალური ტრაქტი ლორწოვანით არის ამოფენილი და გამომდინარე აქედან, ვირუსულ ინფექციას ხშირად თან ახლავს ე.წ. ნაწლავური სინდრომი, განსაკუთრებით კი ბავშვებში, რადგან ისინი განსაკუთრებული ანატომიურ-ფიზიოლოგიური, ბიოქიმიური თავისებურებებით გამოირჩევიან, მოუმწიფებელია მათი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტული სისტემა, ჩამოუყალიბებელია მიკრობიოტა და ა.შ. აქვე მინდა განვმარტო, რომ ტერმინი ენტეროვირუსი არასწორია. ენტეროვირუსული ინფექცია ეს არის კოკსაკი, ЕСНО კლასის ვირუსი, რომელიც ზოგადად იწვევს რესპირატორული ტრაქტის დაზიანებას. მას შეიძლება ახლდეს სხვადასხვა გართულებები, შესაძლოა მიმდინარეობდეს პირღებინებით, დიარეით, რადგან ამ დროს, როგორც სხვა ვირუსის დროს, შესაძლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსი დაზიანდეს. ნაწლავური ინფექციები ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის ანთებით მიმდინარე დაავადებებია, რაც შეიძლება გამოიწვიოს ვირუსებმა, ბაქტერიებმა, უმარტივესებმა.

ვირუსული ნაწლავური ინფექციები, დიარეები, გულისრევა, პირღებინება, რომლებიც ძირითადად მარტის თვიდან იწყება და ნოემბრის ბოლომდე გრძელდება, შეიძლება, რომ ეს ვირუსული ინფექციები რესპირატორული სიმპტომების გარდა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოვლენებითაც გამოვლინდეს. ეს ვირუსები ძირითადად 4 ტიპისაა, ესენია: მარტივი კორონავირუსი, ადენოვირუსი, ნოროვირუსი, როტავირუსი.


როგორ უნდა მივხვდეთ ნაწლავური ინფექციის გამომწვევი ვირუსია თუ ბაქტერია?

ამის გარჩევა მშობელსაც ძალიან მარტივად შეუძლია. თუ პროცესი მაღალი ტემპერატურით, ჰიპერთერმიით იწყება და ამას თან ახლავს პირღებინება, გულისრევა, რომელთა შეჩერების შემდეგაც იწყება დიარეის პროცესი, რა დროსაც განავლოვანი მასები არ არის მწვანე და მყრალი, არის მოყვითალო ფერის და არ შეიცავს დიდი რაოდენობით სითხეს და თუ ტემპერატურის ჩაცხრომასთან ერთად ეს მოვლენებიც ქრება, მაშინ როგორც წესი, ვირუსული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებასთან გვაქვს საქმე. ბაქტერიის შემთხვევაში დაავადება მუცლის ძლიერი ტკივილით იწყება, ამას თან ახლავს დეფეკაციის მოვლენა, რომლის დროსაც მწვანე ფერის მყრალი გადაუმუშავებელი მასები გამოიყოფა. ამას თან შეიძლება დაერთოს ტემპერატურული რეაქცია და პირღებინება. როგორც წესი, ასეთ გახშირებულ დეფეკაციას სისხლის გაჩენა ე.წ. ჰემოკოლიტი მოჰყვება ხოლმე, რომელმაც შემდგომში ჰემორაგიულ-ურემიული გართულება შეიძლება გამოიწვიოს. ეს არის ბაქტერიული კოლიტის ყველაზე უფრო რთული, ყველაზე უფრო მძიმე გართულება, რომლის შედეგადაც ადგილი აქვს ხოლმე თირკმლის უკმარისობის განვითარებას. ეს შეიძლება ვირუსულ დიარეასაც მოჰყვეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი უყურადღებოდ რჩება პირველივე სიმპტომების გაჩენის შემდეგ. 

ნაწლავურ ინფექციებს ხშირად ზღვას ვაბრალებთ ხოლმე. რატომ არის ზღვა ამ ინფექციის ასეთი მომტანი და რამდენად სწორია მოსაზრება, რომ აღნიშნული ინფექცია შეიძლება ზღვის წყლის გადაყლაპვამ გამოიწვიოს?

მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ვირუსული ინფექციები, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციით მიმდინარეობს, ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემის გარდა ორალურ-ფეკალური გზითაც ვრცელდება.

კურორტებზე ნაწლავური ინფექციები ხშირად ემართებათ თერმულად დაუმუშავებელი პროდუქტების, გაურეცხავი ხილის და ა.შ. მიღების შედეგად, ასევე დიდია ჭუჭყიანი ხელების როლი. რა თქმა უნდა, ზღვის წყლის ყლაპვის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს აღნიშნული ინფექცია, თუმცა უფრო ნაკლებად.

გარდა ამისა, კურორტებზე ხშირია გარეთ კვება და სწრაფი კვების ობიექტებით სარგებლობა, იმის გაკონტროლება კი სუფთა ხელებით მზადდება თუ არა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ვერ ხერხდება და ესეც ერთ-ერთი ფაქტორია.

მოგეხსენებათ, ნაწლავურ ინფექციებს ხშირად ჭუჭყიანი ხელების სინდრომსაც ვეძახით, მაგალითად, დიზენტერია ხშირ შემთხვევაში ჭუჭყიანი ხელებით არის გამოწვეული. წელს ხშირი იყო კვებითი ინტოქსიკაციებიც, მაგალითად, ძალიან ხშირი იყო საზამთროთი ინტოქსიკაცია. ინტოქსიკაცია ეს არის ბავშვის ფერმენტული სისტემის მიუღებლობის და გადაუმუშავებლობის შედეგად ჩამოყალიბებული ნაწლავთა პერისტალტიკის გაძლიერება იმისთვის, რომ გარკვეული ტოქსინი ან პროდუქტი გამოიდევნოს ორგანიზმიდან. დიარეის და პირღებინების დროს მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს გაუწყლოება.

მნიშვნელოვანია დავიცვათ ჰიგიენის ნორმები, ბავშვებს არ ვაჭამოთ გაურეცხავი ხილი, ბოსტნეული და ა.შ. როდესაც რაღაცას ყიდულობთ, აუცილებლად შეამოწმეთ ვადები. არ იყიდოთ მზეზე მოთავსებული რძის პროდუქტები და აუცილებლად ნახეთ, როგორ პირობებში ინახება პროდუქტი, განსაკუთრებით, თევზი. სათანადოდ გარეცხეთ მწვანილი, რადგან მწვანილის მეშვეობით ძალიან ხშირად ხდება ინფიცირება, ნაწლავური, ტოქსიკო ინფექციების განვითარება. მნიშვნელოვანია აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინება, თორემ ის, რომ ზღვა აჩენს რაღაც ინფექციას ეს ნამდვილად მითია.

ბევრი მიიჩნევს, რომ ნაწლავური ინფექცია გადამდები არ არის, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. განვმარტოთ, როგორია ამ ინფექციის გავრცელების მექანიზმი, თუ ჩვენ ამ ბაქტერიას, ინფექციას გარემოსთან რაღაც ტიპის კონტაქტის შედეგად ვიღებთ, როგორ ხდება შემდეგ მისი ჰაერწვეთოვანი გზით გადადება?

პირველ რიგში, ეს არის თვითონ ვირუსის მოხვედრა ლორწოვან გარსზე. ის შეიძლება გადაეცეს ჰაერწვეთოვანი გზით, შეიძლება მოხდეს ადჰეზია ცხვირის ლორწოვან გარსზე, შეიძლება მოხვდეს ხახაზე, შემდეგ დაიწიოს და მოხვდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, კუჭში, რასაც შეიძლება მოჰყვეს ღებინების განვითარება. ამის შემდეგ ის გადაინაცვლებს ნაწლავში, მოხდება ადჰეზია ნაწლავის ლორწოვან გარსზე და მოხდება დიარეის განვითარება. გავრცელებისას დიდ როლს თამაშობს ჭუჭყიანი ხელების მექანიზმი, ინდივიდუალური ჭურჭლის არ ქონა და ა.შ. არსებობს გავრცელების ორი გზა, პირველი ეს არის ჰაერწვეთოვანი, როდესაც დაცემინება-დახველების შედეგად ხდება გადაცემა და მეორე, როდესაც ბავშვი განავლოვანი მასების მეშვეობით გამოყოფს ვირუსს და ეს ვირუსი შემდეგ დაბინძურებული ხელების მეშვეობით ვრცელდება. თუ ინფექცია ბაქტერიით არის გამოწვეული, მაშინ ასეთი კონტაგიოზურობით არ ხასიათდება.

როგორ უნდა განვასხვაოთ მოწამვლის სიმპტომები ნაწლავური ინფექციისგან?

როგორც წესი, ზაფხულის პერიოდში ძალიან ბევრია ინტოქსიკაცია. როგორც წეღან ვახსენე, წელს ძალიან ხშირი იყო საზამთროთი ინტოქსიკაცია, რა დროსაც ბევრი მშობელი აღნიშნავდა, რომ ბავშვმა წინა დღეს ჭამა საზამთრო და 1-2 საათში დაეწყო ღებინება. როდესაც პროდუქტი ხვდება კუჭში და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გამოიყოფა ტოქსინები, მომენტალურად ხდება ანტიპერისტალტიკის განვითარება, რადგან კუჭ-ნაწლავისთვის უცხოა ეს პროდუქტი და ყოველი კუჭში ჩასული ულუფის შემდეგ ხდება ღებინება, ანუ კუჭი ვერ იღებს საკვებს. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში ტემპერატურული რეაქცია არ გვაქვს, არ გვაქვს არც მუცლის ტკივილი, გვაქვს ეპიგასტრიუმის არეში ჭრის შეგრძნება. ღებინება არ მთავრდება მანამ, სანამ მთლიანად არ მოხდება მავნე ნივთიერების, ორგანიზმისთვის მიუღებელი საკვების კუჭიდან ევაკუაცია. ამ დროს ბავშვს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები. თუ ბავშვს ჰქონდა ღებინება, მაშინ ორალური რეჰიდრატაციის საშუალება უნდა მივცეთ, რადგან ეს კუჭის ამორეცხვის ბუნებრივი პროცესია. რა თქმა უნდა, ინტოქსიკაცია შემდგომში მთავრდება იმით, რომ აუცილებლად ვითარდება დიარეა. როდესაც ჩაცხრება ღებინება, ეს მდგომარეობაც მოიხსნება. ნაწლავში ტოქსინის გადასვლის შემდეგ, ნაწლავის პერისტალტიკის განვითარება ხდება, რადგან ეს დამცავი მექანიზმივითაა. ორგანიზმი ცდილობს გააძლიეროს ნაწლავის პერისტალტიკა, რომ გამოდევნოს მავნე ნივთიერება, მავნე ტოქსინი. ასეთ დროს, როგორც წესი, დამახასიათებელია ზოგადი სისუსტე, ზოგადი სიფერმკრთალის განვითარება, ძილიანობა. ღებინების რეფლექსს განსაკუთრებით მძიმედ ხვდებიან ბავშვები და ასეთ შემთხვევაში შეიძლება კოლაფტოიდური მდგომარეობაც კი განვითარდეს. აღსანიშნავია, რომ ვირუსულ და ბაქტერიულ პროცესებს ძალიან დამახასიათებელი სისხლის სურათი, ჰემოგრამა აქვთ. თუ არის ვირუსული ღებინება, ასეთ შემთხვევაში ვირუსისთვის დამახასიათებელი სისხლის სურათია, არის ლეიკოპენია, ანუ შემცირებულია ლეიკოციტების რაოდენობა. ბაქტერიული პროცესის შემთხვევაში არის ლეიკოციტოზი. ინტოქსიკაციის შემთხვევაში ჰემოგრამაზე თავდაპირველად შეიძლება სურათი შეცვლილი არც იყოს.

აღნიშნეთ, რომ ინტოქსიკაციით გამოწვეული ღებინების დროს არ არის სასურველი ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღება. ნაწლავური ინფექციისას რა მეთოდის გამოყენებაა ყველაზე სასურველი და ეფექტური?

თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ბავშვი ღებინების შემდეგ თავს კარგად გრძნობს, არ აქვს თავბრუსხვევა, არ არის მივარდნილი, ძილად მიშვებული, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა მივცეთ ბავშვს იმის საშუალება, რომ მოახდინოს კუჭიდან ევაკუაცია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ დამთრგუნველი საშუალებები. უნდა დავტვირთოთ მხოლოდ და მხოლოდ რეჰიდრატაციის საშუალებებით. არსებობს ასეთი ძალიან კარგი საშუალებები, მაგრამ თუ ეს სპეციალური ხსნარები არ გაქვთ, შეგიძლიათ თავად მოამზადოთ და იმით დავირთოთ ბავშვი, მაგალითად, მარილი, შაქარი და წყალი. ორალურ რეჰიდრატაციის საშუალებას ყოველი შემდგომი ამოღებინების შემდეგ ვაძლევთ ბავშვს და ვაკვირდებით. თუ ბავშვს ბაქტერიული პროცესი და ამის შედეგად გამოწვეული დიარეა და ღებინება აქვს, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სპეციფიკური მკურნალობაა საჭირო და აქ ერთვება ანტიბაქტერიული საშუალებებიც. ვირუსული პროცესის შემთხვევაში ეს, რა თქმა უნდა, არ არის საჭირო. ვირუსული პროცესის შემთხვევაში ბავშვს აქვს ღებინება და ღებინება როდესაც ჩერდება, ხდება დიარეის განვითარება. ამ დროს ბავშვს ჩვეულებრივად ვაწვდით საკვებს, რადგან ის უკვე ირგებს მას. თუ ბავშვი აქტიურია, თუ არ ვითარდება სომნოლენცია, თუ ის ადეკვატურად იღებს საკვებს და სითხეს, ასეთ შემთხვევაში, მას არ სჭირდება ინტრავენური გადასხმა, რომელიც ძალიან უყვართ მშობლებს და ხშირად ითხოვენ ამ პროცედურის ჩატარებას.

თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ბავშვი 5-10 წუთში ერთხელ ორალურად იღებს 5-10 მილილიტრ სითხეს, თუნდაც აღებინებდეს, თუ შემდეგ ისევ იღებს სითხეს, მას არ სჭირდება ინტრავენურად სითხეებით დახმარება.

რა თქმა უნდა, კლინიკის შემთხვევაში ხდება ხოლმე მიკროელემენტების განსაზღვრა და ამ მიკროელემენტების დეფიციტის შემთხვევაში შეგვყავს ხოლმე აღნიშნული სითხეები.

ბავშვი შეიძლება უარს აცხადებდეს საკვებზე, მაგრამ თუ სითხის მიღებაზეც უარი თქვა, მივარდა, აღენიშნა მაღალი, შეუპოვარი ცხელება, გაუჩნდა ნევროლოგიური სიმპტომატიკა, თავის, კისრის ტკივილი და ა.შ. აუცილებლად დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

რაც შეეხება სხვადასხვა მეთოდებს და ხალხურ მედიცინას, ხალხური მედიცინის წინააღმდეგ ვერ წავალ, რადგან საბოლოო ჯამში აბსოლუტურად ყველა მედიკამენტს ხალხური მედიცინა უდევს საფუძვლად. მაგალითად, ამ დროს ძალიან კარგია თბილი გვირილიანი ჩაის მიღება. მე თვითონ ხშირად ვასწავლი ხოლმე შემდეგ რეცეპტს, რაც გულისხმობს, ბრინჯის, ბანანის, ვაშლის წვენის და ტოსტის, ორცხობილას შემცველობით დამზადებულ ფაფას, რომელიც ძალიან კარგია დიარეის დროს. ხშირად მეკითხებიან მშობლები, თუ როგორი დიეტა უნდა დაიცვას ამ დროს ბავშვმა. ბავშვთა ასაკში დიეტა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. არაჯანსაღი პროდუქტები ისედაც არ უნდა შედიოდეს მათ რაციონში, ვგულისხმობ, მაიონეზს, კრემიან ნამცხვრებს და ა.შ. დიარეის შემთხვევაში ყველა სხვა საკვები ჩვეულებრივ უნდა მიიღონ ბავშვებმა. თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზეა, აუცილებლად უნდა გავახშიროთ ძუძუთი კვების რეჟიმი. ბავშვი რაც შეიძლება ხშირად უნდა გამოვკვებოთ, თუნდაც ყოველი კვების შემდეგ ღებინება აღენიშნებოდეს. არასწორია, როდესაც მხოლოდ ორცხობილაზე, წყალზე და კარტოფილის პიურეზე, მათ შორის, ბრინჯის ნახარშზე გადაჰყავთ ბავშვები. ამ დროს ვიტამინებით დატვირთული საკვების მიღება მნიშვნელოვანია. ბრინჯის ნახარში შეგიძლიათ მისცეთ, ოღონდ უნდა მისცეთ სხვა საკვებიც და ეს ნახარში კვებებს შორის შუალედებში უნდა დაალევინოთ. ეს არის პროცესი, რომელიც დაიწყო და აუცილებლად გაჩერდება და არ გართულდება თუ ჩვენ ბავშვს სითხეებით დავტვირთავთ და სწორად ვუმკურნალებთ. ნებისმიერი სახის პირღებინებას, გულისრევას და დიარეას გამომწვევი მიზეზის მიხედვით მკურნალობის სპეციფიკური დანიშნულება სჭირდება.

რაზეა დამოკიდებული ის  ფაქტორი, რომ ცხელება ზოგიერთ ბავშვთან 40 გრადუსამდე ადის, ზოგი კი ძალიან მარტივად იტანს მას და ტემპერატურა თუ არის ინდიკატორი იმის, თუ რა ტიპის ინფექციასთან გაქვთ საქმე?

როგორც ყველა ვირუსული ინფექციის დროს, ნაწლავური ვირუსული ინფექციის დროსაც შეიძლება, რომ ტემპერატურა ძალიან მაღალი იყოს. მაღალი ტემპერატურა ვირუსული ინფექციებისთვის დამახასიათებელია, რადგან ეს არის ორგანიზმის სასიგნალო სისტემა, ორგანიზმი განგაშს ტეხს იმასთან დაკავშირებით, რომ მასში შეჭრილია უცხო ვირუსი, რომელთან ბრძოლაც საჭიროა ლეიკოციტების გააქტიურებით, ინტერფერონის გამომუშავებით და ა.შ. 38 გრადუსამდე ტემპერატურას, თუ ბავშვი კარგად იტანს მას, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, არ უნდა ვებრძოლოთ. 38 გრადუსის ზევით, რა თქმა უნდა, უნდა მივცეთ შესაბამისი პრეპარატი ბავშვს, რომ მას არ შეექმნას დისკომფორტი. რა თქმა უნდა, თუ ბავშვს ტემპერატურის დროს გულყრა უვითარდება, ან ადრე ჰქონია მსგავსი შემთხვევა, მაშინ ნებისმიერ ტემპერატურას უნდა შევებრძოლოთ. ნაწლავური ინფექციების შემთხვევაში ცოტა რთულია სიცხის დამწევი საშუალების შერჩევა, რადგან ამ დროს ხშირად ვერ იყენებენ სანთელს იმის გამო, რომ ბავშვს დიარეა აქვს. ხშირ შემთხვევაში ვერ ვიყენებთ ორალურ საშუალებებსაც, რადგანაც ზოგიერთი მათგანი კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს, მაგალითად, იბუპროფენი და ამ რიგის პრეპარატები. ვცდილობთ, პაციენტს უფრო პარაცეტამოლის რიგის პრეპარატები მივცეთ, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ეს პრეპარატები შედარებით უფრო ნაკლებად მუშაობს ვიდრე იბუპროფენი. მშობლებს ხშირად ვურჩევთ, რომ შესაბამისი დოზის სიცხის დამწევი საშუალება ორალური რეჰიდრატაციის ხსნარში გახსნან და ასე ნელ-ნელა მისცენ ბავშვს, რადგან წყალში გახსნილი შეიძლება უფრო არ ამოაღებინოს ბავშვმა და უფრო შეირგოს. წეღან გვირილის ნაყენი ვახსენეთ და აღსანიშნავია, რომ გვირილის ნაყენი ნაწილობრივ სიცხის დაწევასაც უწყობს ხელს. ტემპერატურისას ბუნებრივი საშუალებებით უნდა გავაგრილოთ ბავშვი, უნდა დავზილოთ არა ცხელი ან ცივი, არამედ თბილი წყლით. ცივი წყლით დაზელა არ შეიძლება, რადგან ბავშვმა შეიძლება მომენტალურად განავითაროს სისხლძარღვოვანი სპაზმი და ტემპერატურა კიდევ უფრო მაღლა ავარდეს. ბავშვს უნდა გავხადოთ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავფუთნოთ ის. ნაწლავის სინდრომის დროს, როდესაც ის ვირუსით არის გამოწვეული, ტემპერატურა შეიძლება ისეთივე მაღალი იყოს, როგორიც ჩვეულებრივი რესპირატორული სიმპტომებით მიმდინარე ვირუსის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს უკვე ინდივიდუალურია და იმუნურ სისტემაზეა დამოკიდებული.

რამდენ დღიანი ტემპერატურული რეაქცია ახასიათებს აღნიშნული ტიპის ვირუსს?

ბანალურად, ზუსტად ისეა, როგორც ვირუსული ინფექციის დროს ხდება ხოლმე. ტემპერატურული რეაქცია შეიძლება იყოს 5, 7, 9, 10 დღე, ამის შემდეგ კი ხდება ვირუსის ელიმინაცია. როგორც წესი, ტემპერატურა უმეტესად 5-7 დღე გრძელდება.

რას გვირჩევთ იმუნური სისტემის გასაძლიერებლად?

მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება, წყალი და ასაკობრივი ვაქცინებით დროული ვაქცინაცია. ეს ყველაფერი იცავს ბავშვს და უქმნის მას იმუნიტეტს. მოგეხსენებათ, რომ 2-დან 6 წლამდე ბავშვები ხშირად ავადობენ და ამ ავადობას ვერაფერი აღუდგება წინ, რადგან ასეა მოწყობილი. ეს ხდება იმისთვის, რომ ბავშვმა შეიძინოს იმუნიტეტი, იმუნოლოგიური მეხსიერება, რომ შემდგომში, როდესაც ამ ვირუსებს შეხვდება, გაუმკლავდეს მათ. მაგალითისთვის, ჩვენ ვიცით, რომ სკოლის ასაკის ბავშვები ნაკლებად ავადობენ, ვიდრე ბაღის. იმისთვის, რომ სხვადასხვა დაწესებულებებში არ გავრცელდეს ინფექცია, უპირველეს ყოვლისა ჰიგიენური ნორმების დაცვაა საჭირო. არ უნდა დაგვეზაროს ოთახების განიავება, ოთახების სველი წესით დალაგება, ბავშვებისთვის ხელების დაბანა. ის, რომ ფანჯარა ღიაა და ბავშვი გაცივდება, მითია. ფანჯრები ღია უნდა იყოს, უბრალოდ არ უნდა შევქმნათ ორპირი. სასურველია ერთჯერადი ჭიქების გამოყენება, რადგან ჩვენ ძალიან ხშირად გვინახავს, რომ ონკანთან დგას ერთი ჭიქა და ამ ერთი ჭიქით სარგებლობენ ბავშვები, რა დროსაც ლორწოვანით ხდება ინფექციების გადადება. ვირუსების გავრცელებას ხელს უწყობს ისიც, რომ ხშირად მიჰყავთ ბაღში ავადმყოფი ბავშვები, სხვადასხვა რესპირატორული სიმპტომებით. აუცილებლად უნდა გავაკონტროლოთ იბანს თუ არა ბავშვი ხელებს. ბავშვს გამოყოფილი სეკრეტი აუცილებლად ერთჯერადი ხელსახოცით უნდა მოვწმინდოთ და ეს ხელსახოცი შემდეგ სპეციალურ ურნაში უნდა მოვათავსოთ. სასურველია გამოვიყენოთ სადეზინფექციო ხსნარები. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ოჯახის წევრები ავად ჰყავს( გატესტილები არიან და აქვთ ბანალური ინფექცია და არა კოვიდ ინფექცია), მაგრამ თავად არანაირი სიმპტომი არ აქვს და მიდის ბაღში, სასურველია, რომ ატაროს ნიღაბი. აღსანიშნავია, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის ანტივირუსული მალამოები, რომლებიც ცხვირის შესასვლელში და ცხვირ-ტუჩის სამკუთხედში ესმევათ ბავშვებს. პირადად მე ამ მალამოების ძალიან კმაყოფილი ვარ.

აღნიშნეთ, რომ იმუნიტეტის გასაძლიერებლად საუკეთესო საშუალება ბალანსირებული კვებაა, თუმცა აღნიშნული სხვადასხვა მიზეზების და გამო ხშირად ვერ ხერხდება და ბავშვი ვერ იღებს საჭირო ვიტამინებს. ამ დროს თუ არის რეკომენდებული სხვადასხვა სახის დანამატები?

მესმის, რომ რთულია შეუქმნა შესაბამისი პირობები ბავშვს, რადგან ადამიანი ყოველთვის ვერ ყიდულობს იმას, რაც საჭიროა. მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვი მუდმივად ერთფეროვან საკვებს იღებს, მაგალითად, ჭამს მხოლოდ მაკარონს, წიწიბურას, შემწვარ კარტოფილს და კითხულობენ, თუ შეიძლება, რომ ისეთი რამ მისცენ ბავშვს, რაც მათ მადას გაუძლიერებს, რომ სხვა საკვებიც მიიღონ. ასეთ ბავშვს შეიძლება მისცე ვიტამინები და ვიტამინებმა შეიძლება გაუძლიეროს მადა, მაგრამ ეს მადა ისევ თავისი საყვარელი პროდუქტების მიმართ გაუძლიერდება. მშობლები ასევე ხშირად ამბობენ, რომ ბავშვი არ ჭამს სუპს, რა თქმა უნდა, სასურველია მიიღოს ბოსტნეულის ნახარში, მაგრამ თუ არ იღებს, შეგიძლიათ ცოცხალი ბოსტნეული მისცეთ. შეგიძლიათ ლამაზად გაუფორმოთ სტაფილო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო. თქვენც აიღეთ ბოსტნეული მისი თეფშიდან და მიირთვით, აჩვენეთ, რომ თქვენც იღებთ აღნიშნულ საკვებს, გამოიყენეთ სხვადასხვა ხრიკები და მეთოდები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ხილის და ბოსტნეულის სახით მიიღოს ვიტამინები. არიან ბავშვები, რომლებიც კატეგორიულად არ იღებენ გარკვეულ პროდუქტებს, მაგალითად, თევზს. ასეთ შემთხვევაში, ეს უნდა უთხრათ ოჯახის ექიმს და ის შეგირჩევთ შესაბამის ვიტამინებს და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები