LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ „ნიღბავენ” აუტიზმის სიმპტომებს გოგონები და რატომ ვერ ახერხებენ ამას ბიჭები – მედეა ზირაქაშვილის განმარტებები გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“

131
მედეა-ზირაქაშვილი

19 აპრილს ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ ბავშვთა ფსიქიატრი და ნევროლოგი, მედეა ზირაქაშვილი სტუმრობდა, რომელმაც აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე,  სადიაგნოსტიკო მეთოდებზე, მეტყველების და ქცევის დარღვევებზე, უახლეს კვლევებზე და სხვა საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

 მედეა, რა არის ის მთავარი სადიაგნოსტიკო მეთოდები/ინსტრუმენტები, რომლებიც მკაფიოდ და გამოხატულად გვეუბნება, რომ სახეზეა აუტისტური სპექტრის აშლილობა?

აუტიზმის დიაგნოზი კლინიკური მსჯელობით ისმება, დიაგნოზს სვამს ექიმი ფსიქიატრი, თუმცა ის შეფასების პროცესში ეყრდნობა ოქროს სტანდარტად წოდებულ აუტიზმის სადიაგნოსტიკო ტესტებს და მულტიდისციპლინური გუნდის შეფასება- კონსულტაციებს.

ოქროს სტანდარტად აღიარებულ სადიაგნოსტიკო ტესტებში მოიაზრება  ისეთი ორი ძირითადი ტესტი როგორიცაა: 1.  აუტიზმის სადიაგნოსტიკო დაკვირვების შკალა -ADOS-2 და აუტიზმის დიაგნოსტიკური ინტერვიუ -ADI-R,  ეს ორი აუტიზმის სადიაგნოსტიკო ტესტი გვეხმარება, რომ მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად კლინიკური მსჯელობის საფუძველზე შევაფასოთ აუტისტური სიმპტომები და დავსვათ დიაგნოზი.

აუტიზმის დიაგნოსტიკური ინტერვიუ- ADI-R დაახლოებით 1 ½-2 საათიანი, 93 შეკითხვის შემცველი ინტერვიუ გახლავთ. ამ დროს ინტერვიუერი, ექიმი-ფსიქიატრი ან კლინიკური ფსიქოლოგი, იწყებს დეტალური შეკითხვების დასმას პაციენტის მშობლისთვის. ეს, ასე ვთქვათ, მშობლისთვის გამიზნული სადიაგნოსტიკო ტესტია, რა დროსაც მშობელს აქვს შესაძლებლობა, დეტალურად მოჰყვეს ბავშვის განვითარებაზე დაბადებიდან აწმყომდე. იქ არის შეკითხვები ანტენატალურ, პრენატალურ, პოსტნატალურ განვითარებასთან, სოციალურ-კომუნიკაციურ სფეროსთან, ინტერესებთან და ქცევასთან დაკავშირებით. ამ შეკითხვებით ჩვენ დეტალურად, ამომწურავად ვიკვლევთ ბავშვის განვითარების ისტორიას.

რეალურად, ADI-R-ს ძალიან დიდი დრო მიაქვს, ამიტომ კლინიკები არაპრაქტიკულობიდან გამომდინარე ნაკლებად იყენებენ, მაგრამ მე მას ყოველთვის ვატარებ პაციენტებთან და სულ ვამბობ, რომ არა მხოლოდ ჩვენთვის არის ეს აუცილებელი, არამედ პაციენტისთვისაც, რადგან იქ არის ისეთი შეკითხვები, რომელზედაც შეიძლება, პაციენტის მშობელს არასდროს გაუმახვილებია ყურადღება, მაგრამ დასმული შეკითხვების შემდეგ ის სხვანაირად იწყებს საკუთარი შვილის განვითარებაზე დაკვირვებას.

თუ ADI-R მშობლისგან შეკრებილი ძალიან დეტალური ინფორმაციაა, ADOS-2 ის ტესტი უშუალოდ ბავშვის ქცევაზე დაკვირვების ტესტი გახლავთ. ტესტი რამდენიმე მოდულისგან შედგება, ის მოიცავს სტრუქტურირებულ, ნახევრად სტრუქტურირებულ გარემოში ინსტრუქტაჟის მიცემას და შესაბამისად, დაკვირვებას ბავშვის ქცევებზე. აქ ხდება შეფასება, თუ როგორია ბავშვის სოციალური ღიმილი, არის თუ არა ჟესტების გამოყენება, თუ როგორი მოთხოვნის ფორმა აქვს ბავშვს, არის თუ არა გაზიარება გარშემომყოფებთან, როგორ თამაშობს, როგორი დამოკიდებულება აქვს სათამაშოებთან და ა.შ… ამის შემდეგ ხდება აღნიშნული სფეროების ქულობრივი შეფასება, რომელიც თავსდება გარკვეულ ქულობრივ ჭრილში, რის მიხედვითაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ კონკრეტულ დიაგნოზზე. ADOS-2 ის ტესტს 5 მოდული აქვს და თუ რომელი მოდული უნდა ჩატარდეს, ამაზე პასუხისმგებელი ასაკი და  ენობრივი განვითარების შესაძლებლობებია. ADOS-2 ტესტის ჩატარებას ჩვენ 12 თვიდან ვიწყებთ და მისი ჩატარება ზრდასრული ასაკის ჩათვლით შეიძლება. ADOS-2-ს აქვს შესაძლებლობა იმსჯელოს აუტიზმის სიმპტომების გამოვლინების სიმძიმის ხარისხებზე. განასხვავებენ 4 ძირითად ხარისხს: არ არის აუტიზმი/რისკი მინიმალურია, აუტიზმის ნიშნები მსუბუქია, საშუალო სიმძიმით ან მძიმედ გამოხატული.

მშობლები ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ტესტი ცდებოდეს, რომ ბავშვი უცხო გარემოში შესაძლოა აბსოლუტურად სხვანაირად იქცეოდეს და ა.შ. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას, შესაძლებელია, რომ თქვენს მიერ აღნიშნული ტესტები შეცდეს და სახეზე არ იყოს აუტისტური სპექტრის აშლილობა და უბრალოდ იყოს აუტიზმის მსგავსი მდგომარეობა თუ ყოველთვის 100%-იანია ტესტის პასუხი?

ნებისმიერ ლიტერატურას რომ ჩახედოთ, ნახავთ, რომ აუტიზმის სადიაგნოსტიკო ტესტები, იგივე ADOS-2, ADI-R და სხვა დამატებითი ტესტები, რომლებიც ბავშვის ფუნქციონირების დონეს განსაზღვრავს, არ არის იმდენად ვალიდური, რომ მხოლოდ ტესტის პასუხზე დაყრდნობით დაისვას აუტიზმის დიაგნოზი. მიუხედავად იმისა,რომ აღნიშნული ტესტების სენსიტიურობა- სპეციფიურობა ძალიან მაღალია.

როდესაც ჩვენ აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს აუტიზმის სადიაგნოსტიკო ტესტებით მიღებული ქულობრივი მონაცემები, რომ შემდეგ ამის ინტერპრეტაცია მოახდინოს მულტიდისციპლინურმა გუნდმა, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი ექიმ-ფსიქიატრს ენიჭება, რადგან  დიაგნოზს ყველა შემთხვევაში ექიმი-ფსიქიატრი სვამს. აბსოლუტურად ვეთანხმები მშობლების პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ ერთი ტესტით დიაგნოზი არ ისმება. ვეთანხმები იმასაც, რომ ბავშვი კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება შედარებით განსხვავებულად მოიქცეს, მაგრამ აუტიზმის შესაფასებელ დიაგნოსტიკურ ტესტში, ანუ ADOS-2 ში იმდენად ბევრ სფეროზეა აქცენტი გამახვილებული, რომ არ შეიძლება ყველა ეს სფერო ერთიანად პრობლემური იყოს ერთჯერადად კონკრეტულ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, ბავშვი სახლის გარემოში სხვანაირად იქცევა და უცხო გარემოში აბსოლუტურად სხვანაირად, მაგრამ ADOS-2 ის ტესტს ეს ყველაფერი განსაზღვრული და გათვალისწინებული აქვს.  ტესტი პირდაპირ გეუბნება, რომ შენ უნდა მოახდინო რეაგირება მხოლოდ იმაზე, რასაც შეფასების პროცესში ხედავ, რაც არ უნდა ინფორმაცია მოგაწოდოს დედამ და გითხრას, რომ სხვა უნარები აქვს, შენ, ინტერვიუერს არ გაქვს უფლება, მშობლისგან მიწოდებული ინფორმაცია გაითვალისწინო ადოსის ტესტით ჩატარებული შეფასების ინტერპრეტაციისას. ADOS-ის პასუხი მხოლოდ სპეციალისტის კონკრეტულ დაკვირვებას ეფუძნება. ადამიანს, რომელიც ADOS-ის ტესტს ატარებს, უნდა გავლილი ჰქონდეს სპეციალური ტრენინგი, ის ძალიან კარგად უნდა ფლობდეს ინსტრუმენტს და შესაბამისად, მას აქვს შესაძლებლობა, რომ სწორი ინტერპრეტაცია გააკეთოს. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ მხოლოდ ტესტის საფუძველზე აუტიზმის დიაგნოზი არ ისმება, სადიაგნოსტიკო ტესტები ჩვენ უბრალოდ გვეხმარება. აუცილებელია კლინიკური მსჯელობა მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად.

აუტისტური სპექტრი კითხვის ნიშნის ქვეშ – ასეთი ტიპის დიაგნოზები სოციალურ ქსელშიც ბევრჯერ გამოქვეყნებულა. როცა ამ ტიპის სადიაგნოსტიკო დიდი სპექტრი გვაქვს, რატომ შეიძლება, რომ დიაგნოზი კითხვის ნიშნის ქვეშ დაისვას?

ძალიან რთული შეკითხვაა, რადგან არ ვიცი ასეთ შემთხვევაში რა კონკრეტული სიტუაცია იგულისხმება. პირდაპირ გეტყვით, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობა ან არის ან არ არის.

თუ არის კონკრეტული ისეთი შემთხვევა, როცა არის ძალიან პატარა ასაკი, მაგალითად, წლის და 4 თვის და მშობელი გეუბნება, რომ ბავშვი იზრდება გარემო დეპრივაციაში, არ აქვს განვითარების სტიმულირების ხელშემწყობი გარემო და თუ ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული სფეროების მიხედვით არის არასრულად გამოვლენილი სიმპტომები აუტიზმის სპექტრის თვალსაზრისით, შეიძლება, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, ავირჩიო დაცდის ტაქტიკა, ვთქვათ, რომ აქ არის დაყოვნების რაღაც გარკვეული ფორმა, რომ არის გარკვეული რისკი აუტიზმის სპექტრის აშლილობის და დავიწყოთ ინტენსიური თერაპიული პროცესი და დავაკვირდეთ დინამიკაში. დინამიკაში ვაკვირდებით აუცილებლად აქტიური თერაპიული პროცესის ფონზე და არა – ფეხი ფეხზე გადადებულები და იმ აზრით, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება.შემდეგ ვაკეთებთ განმეორებით შეფასებას და მხოლოდ ამის შემდეგ ვსვამთ დიაგნოზს.

პირველი, რაც აუტიზმის ეჭვს აჩენს მშობლებში, ეს არის დაგვიანებული მეტყველება. მეტყველების დაგვიანება ყოველ ჯერზე მართლაც წარმოადგენს თუ არა იმ სასიგნალო ნიშანს, რომ შეიძლება აუტისტური სპექტრის აშლილობასთან გვქონდეს საქმე?

ქართულ რეალობაში, მეტყველებას მშობლები დაახლოებით წლინახევრის შემდეგ მოელიან, მანამდე ამაზე დიდად არ შფოთავენ. აღსანიშნავია, რომ წლინახევრამდე უკვე არის ძალიან ბევრი სიმპტომი, რომელიც თავისუფლად შეიძლება მიანიშნებდეს აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე ჯერ კიდევ ადრეული პერიოდიდან. ძალიან კარდინალური ნიშნებია სახელის დაძახებაზე რეაგირება, თითის გაშვერა, წარმოსახვითი თამაშის სტილი, პასუხი გაზიარებულ ყურადღებაზე, სოციალური ღიმილი, სტერეოტიპული ქცევები.

რაც შეეხება მეტყველებას( ენის განვითარებას), ის შედარებით უფრო გვიან პერიოდში მოდის. ჩვენ მეტყველებაზე გაცილებით დიდ ყურადღებას კომუნიკაციის ხარისხს ვაქცევთ. ბავშვი შეიძლება იყენებდეს სიტყვებს, ფრაზებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რამდენად ჰყავს ადრესატი ამ სიტყვებს და ფრაზებს, რამდენად ფუნქციურად და დანიშნულებისამებრ იყენებს სიტყვებს. მაგალითად, შეიძლება, ბავშვმა თქვას „ეს რა არის“, მაგრამ ეს იყოს უბრალოდ ექოლალია და რეალურად სულ არ აინტერესებდეს პასუხი.

ჩემი აზრით, ძალიან სწორია თუ მეტყველების დაგვიანებისას ეჭვი მიაქვთ აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე, თუმცა ჩემი გამოცდილებით, პირიქით, ამ დროს აუტიზმზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ ხოლმე და ამ ყველაფერს მიაწერენ იმას, რომ ბაბუამ, ბებიამ და ა.შ. გვიან დაიწყო ლაპარაკი და ამის გამო მომართვიანობა ძალიან აგვიანებს და შესაბამისად აგვიანებს დიაგნოზიც. მნიშვნელოვანია, რომ მეტყველების დარღვევების პარალელურად გარემოსთან კომუნიკაციასაც მივაქციოთ ყურადღება. თუ აუტიზმის სპექტრის აშლილობა გამოირიცხა, ენისა და მეტყველების დარღვევების ნებისმიერი კატეგორიის დიაგნოზი გაცილებით უფრო მარტივად ექვემდებარება თერაპიულ პროცესს.

რატომ არის, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობა შეიძლება მეტად შეუმჩნეველი იყოს გოგოებში, ვიდრე ბიჭებში?

ამაზე სხვადასხვა ვარაუდები არსებობს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფიქრობდნენ, თავის ტვინის გარკვეული უბნების განსხვავებულობით ხომ არ იყო განპირობებული ეს ყველაფერი, ან გოგონების სურვილით, ნაკლებად განსხვავდებოდნენ სხვებისგან. გოგონების შემთხვევაში ერთ-ერთი ვერსია იყო, რომ კულტუროლოგიურად გოგოს ეპატიება, რომ გაცილებით მშვიდი იყოს, არ გამოხატავდეს ინიციატივებს. დღესდღეობით, პასუხი იმაზე, თუ რატომ განსხვავდება გოგონების კლინიკური მაჩვენებლები ბიჭებისგან,მხოლოდ გარკვეულ ჰიპოთეზებს ითვალისწინებს და დადასტურებული პასუხი არ არსებობს. თქვენ ნახავთ ისეთ ლიტერატურასაც, სადაც ზოგიერთი მკვლევარი იმასაც ამბობს, რომ გოგოების და ბიჭების მახასიათებლები საერთოდაც არ განსხვავდება და რომ განსხვავებული არის გარემოს, საზოგადოების დამოკიდებულება ამ სიმპტომებისადმი, ანუ რასაც მარტივად პატიობენ გოგონებს, ვერ პატიობენ ბიჭებს და ა.შ. (თუმცა ჩემი დაკვირვებით, გოგონებიის შემთხვევაში სიმპტომები ნამდვილად ინიღბება, შედარებით მსუბუქად ვლინდება და ჩვენ ათმაგი ძალისხმევა და სიფრთხილე გვჭირდება დიაგნოსტიკის პროცესში,რომ რამე არ გამოგვრჩეს.

მინდა გითხრათ, რომ თუ წლების წინ, ბიჭებზე აუტიზმზე გამოთქმული ეჭვი, ჩვენ ძალიან რთულად, აგრესიის სახით  გვიბრუნდებოდა მშობლებისგან და იყო ძალიან მკვეთრად გამოხატული მიმღებლობის პრობლემა, ახლა საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად ბიჭებში არსებული კლინიკური მახასიათებლები, რომელიც უფრო კლასიკურია, რაღაცნაირად უფრო მიიღო,  მაშინ, როცა გოგონებში მიმდინარე კლინიკური მახასიათებლების ამოცნობა და აღიარება (არაკლასიკური გამოვლინების გამო)-  დღემდე ერთ-ერთ დიდ პრობლემად რჩება.

ახლა ჩვენ გაცილებით უფრო ხშირად გვაკითხავენ თინეიჯერი გოგონები, რომელთა მიმართაც ჩვენ გამოვთქვამთ ეჭვს, ხომ არ არის აუტიზმის სპექტრის აშლილობა…..

ითვლება, რომ აუტიზმის  სქესთან დაკავშირებული განმასხვავებლები ჯერ კიდევ წინა სასკოლო პერიოდში ძალიან თვალსაჩინოა, მაგალითად, მიიჩნევა, რომ გოგონების უმეტესობა მიდრეკილი არის არა, ვთქვათ, იზოლაციისკენ, ისე როგორც ბიჭები, არამედ მათში უფრო გამოხატულია ქცევის დარღვევა ტანტრუმების სახით, ანუ მათ გაცილებით გამოხატული აქვთ მანიპულაციური ქცევები ადრეულ პერიოდში.

პატარა გოგონები უფრო მეტად ბაძავენ სხვებს, ვიდრე ბიჭები სოციალურ სიტუაციებში და სურთ „მორგებულნი იყვნენ“ სხვა ბავშვებს. ისინი ხშირად პოულობენ ხერხებს მათი სიმპტომების შენიღბვისთვის( კომუფლაჟი). ასევე საზოგადოების წნეხიდან გამომდინარე მოტივირებულნი არიან , ჰყავდეთ მეგობრები და თუნდაც სხვის ჩრდილქვეშ, ხშირად ახერხებენ კიდეც ამას. ასევე გოგონებში შესაძლებელია წამყვანი სიმპტომი გახლდეთ კვებითი დარღვევები(რაც ამჟამინდელი აქტიური კვლევის საგანია მეცნიერთა წრეებში)

ბიჭები უფრო მეტად იზოლირებულნი არიან ხოლმე სხვებისგან. ბიჭების მშობლები უფრო მეტად სწუხან მათი განმარტოებისადმი სწრაფვაზე, ხოლო გოგონების მშობლებს მეტად აწუხებთ ემოციური აფეთქებები( ტანტრუმები) და მელთდაუნები, ასევე გამღიზიანებადობა და განლევადობა.

გოგონები უკეთ აკონტროლებენ თავიანთ ემოციებს სკოლაში, სადაც ისინი ბევრად განსხვავებულად მოქმედებენ, ვიდრე სახლში,სადაც უფრო ახასიათებთ ქცევითი დარღვევები,გოგოები სკოლაში უფრო აქტიურად ახერხებენ უკან დახევას,კომპრომისს,  მაშინ,როდესაც ბიჭებში ჰიპერაქტიურობა და ქცევის დარღვევებია ხშირად სიმპტომები,რომლებიც სკოლაში მეტად აწუხებთ.

მიუხედავად ამისა, აუტიზმის მქონე გოგონებს რეალურად ისეთივე სირთულეები აქვთ სოციალურ და კომუნიკაციურ უნარებში,როგორც ბიჭებს და სოციალური სიტუაციების კონტექსტი ერთნაირად არ ესმით, მდედრობით სქესს აქვს უპირატესობა  ჟესტების გამოყენების და საუბრის შენარჩუნების თვალსაზრისით.

რომ შევაჯამოთ:

აუტიზმის სპექტრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი სოციალური ურთიერთობები გახლავთ და როცა ჩვენ ბიჭის მშობელს ვეკითხებით ამ თემაზე, გვეუბნება, რომ ბავშვს მეგობარი არ ჰყავს, რომ სახლიდან გარეთ გასვლა არ უნდა, რომ ძალიან ჩაკეტილია და ურჩევნია თავისთვის იყოს.

რაც შეეხებათ გოგონებს, როგორც აღმოჩნდა, რომ მათ ძალიან კარგად შეუძლიათ შენიღბვა, რასაც „კამუფლაჟის პრინციპს“ უწოდებენ. გოგონა ერთგვარად შეიძლება ჩაიციკლოს კიდეც მეგობრის გაჩენაზე. ეს შინაგანად უნდა თუ არა მას, უკვე სხვა საკითხია, მაგრამ გოგონებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს სოციუმის შეკვეთაა. რის გამოც გოგონა შემდეგ ხერხებს მიმართავს, ის ეწეპება შედარებით უფრო აქტიურ გოგონას, მიჰყვება მის აქტივობებს, ირგებს კარგი მეგობრის როლს. გოგონას ძალიან კარგად შეუძლია, რომ შეზღუდული ინტერესები და განმეორებადი ქცევები სელებრითების ინტერესით, საყვარელი სიმღერებით და ა.შ. შენიღბოს.

ამ ყველაფერს გოგონები უნებლიედ აკეთებენ?

განვმეორდები და ვიტყვი, რომ გოგონებს ბიჭებისგან განსხვავებით გაცილებით მეტი აქვთ მოთხოვნილება, რომ სხვებისგან არ განსხვავდებოდნენ. თუ გოგონა მშვიდია, დიდად არ გამოხატავს ინიციატივას და მიჰყვება დინებას, ეს საზოგადოებისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, ამ დროს უბრალოდ გოგონას მახასიათებლებზე გაავლებენ ხაზს, იტყვიან, რომ წყნარი გოგოა და ნაკლებად მიაქცევენ ყურადღებას იმას, რომ ასეთ შემთხვევაში შფოთვითი აშლილობების ხარისხი გაცილებით მაღალი შეიძლება იყოს, რადგან არც ისე მარტივია მთელი ცხოვრება რაღაც როლის მორგება.

სიახლეებს გადავხედე და ძალიან საინტერესო რამ, „4 საათის სინდრომი” აღმოვაჩინე. ითვლება, რომ გოგო აუტისტების ქცევა უცხო გარემოში ძალიან განსხვავებული, შენიღბული და მოწესრიგებულია, განსხვავებით სახლისგან. შეიძლება, რომ ისინი სახლში ბევრად უფრო აგრესიულები იყვნენ, შეიძლება გამოხატავდნენ წინააღმდეგობას მშობლების მიმართ და იყვნენ მეტად ოპოზიციურები. ეს კვლევა ძირითადად სკოლის ასაკის ბავშვებზე არის ჩატარებული და ამ ყველაფრის ახსნა არის ის, რომ ისინი სკოლაში იმდენად აქტიურად ირგებენ როლს და ეს მათთვის ემოციურად იმდენად გამომფიტავია, რომ სახლში დაბრუნების შემდეგ მათ სჭირდებათ თვითრეფლექსია, რელაქსირდებიან და შესაბამისად, შესაძლოა, რომ ტანტრუმების ხარისხი გაცილებით მაღალი იყოს.

მიიჩნევა, რომ გოგონების ინტელექტუალური შესაძლებლობები ხშირად მაღალია, ამიტომ გოგონებში დიაგნოზის გადავადებას აქვს ხოლმე ადგილი. შესაბამისად, ადგილი აქვს ხოლმე ჩარევის გადავადებასაც. ამიტომაც არის, რომ აუტისტი გოგონების დიაგნოზი წლების განმავლობაში სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობების დიაგნოზით, მაგალითად, ყურადღების დეფიციტის სინდრომით, შფოთვითი აშლილობებით, დეპრესიით იფუთება, ანუ სახეზე შეიძლება იყოს კარგად შეფუთული, შელამაზებული, კამუფლაჟის პრინციპით მომუშავე აუტისტური სპექტრის აშლილობა.

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს აღენიშნებათ ქცევის დარღვევები, იქცევიან განსხვავებულად, ხანდახან აგრესიულად და ა.შ. როგორ ვმართოთ ქცევა, ამ მიმართულებით რა რჩევის მიცემა შეგიძლიათ მშობლებისთვის?

ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს განსხვავებული ქცევები. მოგეხსენებათ, სადიაგნოსტიკო კრიტერიუმების შემადგენელია შეზღუდული ინტერესები და განმეორებადი ქცევები. ჩვენ ძალიან ხშირად ვნახავთ აუტისტ ბავშვებს, რომელთაც აქვთ ხელების სტერეოტიპული მოძრაობები, ისინი იკმაყოფილებენ სხვადასხვა სენსორულ შეგრძნებებს  გარკვეული მოძრაობების სახით. სენსორული დეზინტეგრაციის ნიშნების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხშირად ვამახვილებთ ყურადღებას, ხომ არ არის ირიბი მზერა, რომლითაც უყურებს ნივთებს, ან საგნების ჩამწკრივება, რომელიც ძალიან უყვართ და აინტერესებთ, ან ძირს გაწოლა და მანქანის მოძრაობით თამაში, რა დროსაც საშუალება აქვთ კარგად დააკვირდნენ ბორბლების ტრიალს. ჩვენ ასევე ხშირად ვნახავთ ბავშვებს, რომელთაც აქვთ წინ და უკან სირბილი, რითაც ასევე იკმაყოფილებენ თავიანთ გარკვეულ სენსორულ მოთხოვნილებას, ყურებზე ხელ აფარებულ ბავშვებს, რომელთაც აქვთ ჰიპერსენსიტიურობა ხმაურზე და პარალელურად, რა თქმა უნდა, შეიძლება, ვნახოთ აგრესიული ქცევებიც, იმ შემთხვევაში, როცა ბავშვს არ აქვს სხვა შესაძლებლობა, ფორმა, რომ გარემოს საკუთარი საჭიროებების შესახებ გააგებინოს. სამწუხაროდ, აგრესიული ქცევა შეიძლება იყოს ერთადერთი გზა ყურადღების მიქცევისთვის, ან სენსორული გადატვირთვისგან გასათავისუფლებლად. განსაკუთრებით ისეთ გარემოში, სადაც არ იციან აუტიზმის სიმპტომები. როცა მშობელმა, აღმზრდელმა უკვე შეხედვით იცის, თუ რა საჭიროებები შეიძლება ჰქონდეს ბავშვს, იქ ქცევითი დარღვევები გაცილებით ნაკლებია. უცხო გარემოში ასეთი ქცევების ალბათობა, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი შეიძლება იყოს. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ის ბიჰევიორული ტექნიკები, რასაც სამუშაო სივრცეში იყენებენ და ამის შესახებ მშობლებმა ძალიან ბევრი იციან. ამ დროს აქცენტს ვაკეთებთ ქცევის წინა პირობაზე და ვაკეთებთ ქცევის წინა პირობის მოდიფიცირებას იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში პრევენცია გავაკეთოთ შემდგომში მსგავსი ქცევების. მშობელს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რომ აგრესიული ქცევა არ არის წინაპირობა, აგრესიული ქცევა არის შედეგი, რომელიც რაღაცაზე მიგვანიშნებს. შესაბამისად, ყურადღება ქცევის წინაპირობაზე უნდა გავამახვილოთ.

როდესაც ვსაუბრობთ აუტისტური სპექტრის აშლილობაზე, ბავშვზე, რომელსაც აქვს გამოხატული სიმპტომები, რომელსაც უჭირს ლაპარაკი, აქვს სპეციფიკური ჩვევები და ა.შ. გვაქვს იმის შანსი, რომ ეს სიმპტომები მინიმუმამდე დავიყვანოთ?

გამოსავალი ყოველთვის არსებობს, შედეგი და გაუმჯობესება ყოველთვის არის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დეტალურად ვიცოდეთ სიმპტომები, ყველაზე პრობლემური სფეროები და გავაკეთოთ მაქსიმუმი ბავშვის შესაძლებლობების ფარგლებში. სულ ვამბობ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი გმირი მშობელი გვყავს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ჩვენს გუნდთან ერთად და მათთვის ყველანაირი შედეგი ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ყველას თავისი სამოტივაციო, სამოქმედო არეალი და მიზანი აქვს. როდესაც ჩვენ აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ პატარ-პატარა მიზნები დავისახოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა წავიდეთ ამ მიზნების მისაღწევად და შედეგების დასადებად, რადგან აუტიზმის სპექტრის აშლილობა ძალიან ფართოა თავისი კლინიკური გამოვლინებით.

სტატისტიკაზე რომ ვისაუბროთ, არის 30%, სადაც გვაქვს შედარებით რთული მდგომარეობა მთელი ცხოვრების მანძილზე, არის ბავშვების 30%, რომლებიც იმდენად ადაპტირებულნი ხდებიან გარემოში, რომ სირთულეები მინიმალურზე მინიმალურია, არის ბავშვების 40%, რომელთაც აქვთ თავის მოვლის უნარ-ჩვევები, სიტყვების და ფრაზების გამოყენების საშუალებები და მე ყოველთვის ვეუბნები მშობლებს, რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ზუსტად იმ 70%-ში მოვხვდებით, როცა ძალიან ბევრი უნარის გაუმჯობესება შეგვიძლია, როცა ძალიან ბევრი სფეროს წამოყვანა შეგვიძლია წინ, თუ დროულად დავინახავთ პრობლემას, თუ დროულად ჩავერთვებით მის მართვაში, გავითავისებთ ყველა იმ პრობლემას, რაც შეიძლება, რომ თან ახლდეს ამ დიაგნოზს და ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყებთ ამ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვას. არ არსებობს მდგომარეობა, სადაც შედეგი არ იდება, სადაც პროგრესი არ გვაქვს, უბრალოდ, ეს სადღაც უფრო ნაკლებად ხდება და სადღაც უფრო მეტად.

არის თუ არა აუტიზმთან მიმართებაში რაიმე ხელშესახები სიახლე, რაზეც დღეს მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციები საუბრობენ?

უკანასკნელი ყველაზე აქტუალური სიახლე რაც გვაქვს,არის,  რომ პრევალენტობა მატულობს, რომ წლების მანძილზე ჩვენ დრამატული ზრდა გვაქვს, ახლანდელი მონაცემებით:  36 ბავშვში 1-ს აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზი აქვს. ითვლება, რომ ზოგადად,აუტიზმის გავრცელება საშუალოდ 1-დან 3%-მდეა, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც 5%-მდეა. საქართველოში ჩატარებული კვლევით, ითვლება, რომ 25 ბავშვში 1-ს აქვს აუტიზმის სპექტრის აშლილობა. შესაბამისად, ეს ნამდვილად არის ის მაჩვენებელი, რომელიც პირდაპირ გვაძლევს მიმართულებას, რომ კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს სარეაბილიტაციო სივრცეები, კიდევ უფრო მეტი სპეციალისტი უნდა გადამზადდეს იმისთვის, რომ გაცილებით უკეთ იმართოს ეს მდგომარეობა და კიდევ უფრო მეტი საგანმანათლებლო სექტორის სპეციალისტი უნდა ჩაერთოს ამ ყველაფერში იმისთვის, რომ ძალიან მრავალმხრივი, მულტიდისციპლინური იყოს მიდგომა აუტიზმთან დაკავშირებით და რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ ის შედეგი, რომელიც ამ ბავშვების გარემოსთან მაქსიმალურ ადაპტირებას გამოიწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები