LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვიპოვოთ ჰარმონია საკუთარ თავთან და პარტნიორულ ურთიერთობებში – ასტრომაგია

23
sofia-bzekalava

2 აპრილს “ავტორადიოს” გადაცემაში “ასტრომაგია” სოფია ბზეკალავამ ტრადიციულად მიმოიხილა კვირის მთავარი ასტროლოგიური მოვლენები და მეტად საინტერესო თემაზე – ზოდიაქოს ნიშნების რომანტიკულ ურთიერთობებსა და თავსებადობაზე ისაუბრა.

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 

მართალია, მერკურისა და ნეპტუნის შეერთება ყველა ზოდიაქოს ნიშანმა, განსაკუთრებით კი, ტყუპებმა, ქალწულმა და მშვილდოსანმა იგრძნეს მტკივნეულად, რადგან გულმავიწყობას და დაბნეულობას ერთგვარი ქაოსიც დაემატა, მაგრამ არ ღირს გულის გატეხა, რადგან ყველაფერი წარმავალია, პლანეტები მუდმივ მოძრაობაში არიან და უსიამოვნებებიც მალე დასრულდება.

პირადი ჰოროსკოპი და პლანეტა ვენერა 

ზოგი თვლის, რომ ძალიან არ უმართლებს სიყვარულში, ზოგი კი, დარწმუნებულია, რომ ერთი ტიპის ადამიანებს იზიდავს და უსიამოვნებებიც მუდმივად მეორდება, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ბევრმა არ იცის, კონკრეტულად რა ტიპის ადამიანი ან ურთიერთობა სჭირდება. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ადამიანის პირადი ჰროსკოპი და პლანეტა ვენერას მდებარეობა, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს მის რომანტიკულ გრძნობებს და სურვილებს. მაგალითად, თუ ადამიანი ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა, ვენერა კი, კუროს ნიშანში ჰყავს, მაშინ მებრძოლი და შეუპოვარი ხასიათის მიუხედავად, პირად ურთიერთობაში მაინც სტაბილურობას მოისურვებს, პარტნიორად კი, გაწონასწორებულ ადამიანს აირჩევს, ვისთანაც ეტაპობრივად შეძლებს პირადი ცხოვრების მოწყობას.

პირად ცხოვრებაში პრობლემების მთავარი მიზეზი 

ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც მარცხი არ განუცდია პირად ცხოვრებაში, თუმცა ნებისმიერ უსიამოვნებას თავისი მიზეზი და ლოგიკური ახსნა აქვს, რისი გამოსწორება მხოლოდ საკუთარი თავის და გენეტიკური შაბლონის შეცვლით შეიძლება, არანაკლებ მნიშვნელოვანია პარტნიორის სწორედ განსაზღვრა, რადგან სინამდვილეში, პარტნიორი მხოლოდ იმ თვისებების პროექტორია, რომელიც გვაკლია ან ნაკლებად გვაქვს განვითარებული. ამასთანავე, პარტნიორს ერთნაირად შეუძლია როგორც ნაკლისა და კომპლექსების, ისე ღირსებისა და საუკეთესო თვისებების გააქტიურება. გასათვალისწინებელია, რომ არავინ მოდის ჩვენს ცხოვრებაში შემთხვევით, ყველას გარკვეული სიახლე მოაქვს, რაც გაზრდასა და გამოცდილების შეძენაში გვეხმარება. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ არაა აუცილებელი მთელი ცხოვრება ერთ პარტნიორს “ჩამოეკიდოს” და იმ ურთიერთობას ჩაებღაუჭოს, რომელიც არ ეწყობა.

ადამიანი არაა ვალდებული ნებისმიერ ფასად მოერგოს პარტნიორს, რადგან ურთიერთობა, რომელიც  საკუთარი თავის შეცვლას, სერიოზულ ტრანსფორმაციას მხოლოდ სხვისი გულისთვის ან მოთხოვნით აიძულებს, არასდროს ამართლებს. სინამდვილეში, ყველას ჰყავს მეორე ნახევარი – ადამიანი იდენტური პრიორიტეტებით და ფასეულობებით, მხოლოდ მისი პოვნაა საჭირო და თუ ერთისთვის ჩვენი ხასიათი მიუღებელია, მუდმივად მის გადაკეთებას, საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს, მეორესთვის აბსოლუტურად მისაღებია, რადგან ყველაფერი აკმაყოფილებს. მთავარია, არასდროს მოვირგოთ პარტნიორის სასურველი ნიღაბი და არ ავყვეთ მის კაპრიზებს, რადგან გულწრფელ ურთიერთობას არასდროს შვენის სიყალბე და თამაში. ასე რომ, თუ იძულებული ხართ მუდმივად “ამტვრიოთ” საკუთარი თავი, უმჯობესია საერთოდ უარი თქვა ურთერთობაზე და სხვაგან ეძიოთ ბედი.

ასტროლოგების მტკიცებით, თუ ურთიერთობას არც სიმშვიდე მოაქვს, არც ჰარმონია, მაშინ ის არა სიყვარული, არამედ კარმული გამოცდაა, რომელიც ცხოვრების და საკუთარი თავის გადაფასებას გვაიძულებს. რა თქმა უნდა, ურთიერთობაში აუცილებელია კომპრომისები, თუმცა დათმობა ორივე მხარემ უნდა ისწავლოს, რადგან როცა ერთი მხარე მუდმივად გასცემს, მეორე კი, მხოლოდ იღებს – ურთიერთობა ვერასდროს იქნება ჰარმონიული.

მშობლების გავლენა პირად ცხოვრებაზე 

პარტნიორის გულის მოსაგებად, მისი სიყვარულის დამსახურების სურვილით გადაკეთების მცდელობა, იმ პრობლემებზე მიანიშნებს, რომელიც ადამაინს წარსულიდან გამოჰყვა. მამაკაცის შემთხვევაში პრობლემების მთავარი მიზეზი დედაა, ქალისა კი – მამა,  რომელიც შესაძლოა ძალიან კარგი პიროვნება იყო, თუმცა ნაკლებად გამოხატავდა სიყვარულს, არასდროს ეცალა შვილისთვის და ვერ იჩენდა სათანადო ყურადღებას, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ბავშვი, რომელმაც მშობლის გულგრილობა გამოსცადა, ზრდასრულ ასაკში არასრულფასოვნების კომპლექსს და ყოველ ახალ ურთიერთობაში ძველ  პრობლემებს ებრძვის, რადგან დაბალი თვითშესაფასების პატრონი, ყოველთვის საკუთარ თავს თვლის დამნაშავედ და მთელი მონდომებით ცდილობს პარტნიორის სიყვარულის, პატივისციმის დამსახურებას, რაც საკუთარ თავს აკარგვინებს და საპასუხო გრძნობის ნახცვლად, მხოლოდ პრობლემებს აღრმავებს როგორც საკუთარი თავისთვის, ისე პარტნიორისთვის, რადგან მძიმე ურთიერთობა ორივე მხარეს ერთნად სტანჯავს. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ პირველ რიგში, საკუთარი თავის შეყვარებაა საჭირო, რადგან თუ ადამიანმა არ იცის საკუთარი თავის ფასი, მას არც პარტნიორი დააფასებს.

სირთულეები მამაკაცის ცხოვრებაში 

მამაკაცი, რომელიც ბავშვობაში დედის ძლიერ გავლენას, ფსიქოლოგიური წნეხს განიცდიდა და მუდმივ ბრძოლაში იყო, ზრდასრულ ასაკშიც აუცილებლად ურთიერთობის იმავე მოდელს გაიმეორებს, ძლიერ, რთული ხასიათის ქალს აირჩევს პარტნიორად და ახლა მასთან გამართავს ფარულ ომს.

ძლიერი ქალი 

ძალიან პირობითია ძლიერი ქალის მცნება, რადგან ქალი, რომელსაც საზოგადოება მიიჩნევს ასეთად, სინამდვილეში სწორედ მარცხმა და პირად ურთიერთობაში შეძენილმა მწარე გამოცდილებამ გააძლიერა, კომპლექსი გაუჩინა და ნებისმიერი მამაკაცისთვის საკუთარი უპირატესობის დამტკიცება აიძულა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ასეთ „ძლიერ“ ქალებს ყოველთვის უამრავი პრობლემა აქვთ პირად ცხოვრებაში.

ამასთანავე, ბევრი ქალი საერთოდ არ იცნობს საკუთარ თავს, წარმოდგენა არ აქვს რა უნდა და ნებისმიერის სიყვარულზე თანახმაა, ოღონდ მარტო არ იყოს და ფეხი აუწყოს თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნებს, რომელიც მხოლოდ მაშინ თვლის ქალს წარმატებულად, როცა მამაკაცია მის გვერდით.

ზოდიაქოს ნიშანთა თავსებადობა 

პირადი ჰოროსკოპი 12 სექტორად ანუ სახლადაა დაყოფილი და ასტროლოგებიც სწორედ მათი გათვალისწინებით იკვლევენ ადამიანის ცხოვრებას, მის ურთიერთობებს. პირველი სახლი ადამიანის ინდივიდუალურობას, მოპირისპირე – მეშვიდე – მის სასიყვარულო პარტნიორებს და მტრების ჩათვლით ყველა იმ ადამიანს განსაზღვრავს, ვინც სერიოზულ გავლენას ახდენს მის ცხოვრებაზე, პლანეტები პირველ სახლში კი, იმ თვისებებზე მიანიშნებს, რომლებიც ნაკლებად ან საერთოდ არ აქვს განვითარებული და სწორედ პარტნიორს შეუძლია მათი პროვოცირება ან შევსება, რადგან პარტნიორული ურთიერთობა პირველ რიგში გაცვლა-გამოცვლა, ერთგვარი გამთლიანებაა და არა ერთის ხარჯზე მეორეს დათრგუნვა – სწორედ ასეთი ურთიერთობა ნიშავს ჰარმონიულს და ასე განსაზღვრავენ ასტროლოგები ზოდიაქოს ნიშანთა თავსებადობას.

ურთიერთობაში პრობლემების არსებობის შემთხვევაში, პირველ რიგში საკუთარ თავში, მშობლების მიმართ დამოკიდებულებაში გარკვევა და ყველა ბავშვური წყენის გახსენება, გააზრებაა საჭირო, რადგან ის, რაც ადამიანს ბავშვობაში ტკენდა გულს, ზრდასრულ ასაკში აბსოლუტურად უმნიშვნელოდ ეჩვენება. სწორედ წასრულის გააზრებით და ობიექტურად შეფასებით შეიძლება შეკითხვაზე პასუხის გაცემა – თუ რატომ ვიზიდავთ მუდმივად პრობლემებს და ერთი ტიპის ადამაინებს, რომელთაც უსიამოვნების მეტი არაფერი მოაქვთ.

ზოგადად, ერთი სტიქიის ნიშნები ყოველთვის ერთმანეთს იზიდავენ, რადგან ბევრი აქვთ საერთო და სხვებზე უკეთ ესმით ერთმანეთის. იდეალურად შეიძლება ჩაითვალოს ურთიერთობა, როცა პარტნიორებს არ უწევთ საკუთარი თავის, სურვილების დათრგუნვა, არაფერს მალავენ და დამოუკიდებლად, ერთმანეთთან კონკურენციის გარეშე შეუძლიათ განვითარება. თუმცა, პირველ რიგში მაინც საკუთარი თავის შეყვარება, ნებისმიერი ნაკლითა და ღირსებით მიღებაა საჭირო, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მუშაობა და იმ პრობლემების საღი გონებით განსჯა, გამოსწორება, რომლებიც არა მხოლოდ პირად, არამედ ზოგადად ცხოვრებაში აფერხებს ადამიანს, რადგან როცა მისი მსოფმხედველობა იცვლება, სამყაროც აუციებლად იცვლება მის გარშემო. რა თქმა უნდა, ნებისმიერი იმსახურებს ბედნიერებას, მთავარია, საკუთარ თავთან შერიგება, მისი შეყვარება და ჰარმონიულად ცხოვრება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები