LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ზიანს აყენებს ორგანიზმს მწვავე რესპირატორული ვირუსი – ადრენალინი

24
410badd0f0724e6af260fd311f81eaf8

მწვავე რესპირატორული ვირუსი აზიანებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს. გართულების შემთხვევაში შესაძლებელია ის ქვედა სასუნთქ გზებში გადავიდეს და მოიცვას ბრონქები და ფილტვები. კლინიკურად განვითარების სამ სტადიას გამოყოფენ. შრალ სტადიას, როდესაც დაავადება სუნთქვის გაძნელებით და ყელის სიმშრალით იწყება და რამდენიმე საათს გრძელდება. ამ დროს ავადმყოფს დაბალი სიცხე აქვს. მეორე სტადიის დროს ცხვირის ღრუში უხვი ლორწოვანი სითხე შეინიშნება, ხოლო მესამე სტადია ცხვირიდან ლორწოვან-ჩირქოვან გამონადენს გულისხმობს. ეს ხდება დაავადების დაწყებიდან მეოთხე დღეს. საბოლოოდ ყალიბდება მწვავე დაავადება ნაზოფარინგიტი. ამ დროს ანთებითი პროცესი კარგად ჩანს ხახაში, ლიმფურ კვანძებზე და ხახის უკანა კედელზე. აღინიშნება მკვეთრი სიწითლე. ადამიანს აწუხებს ყელის სიმშრალე, ყურის ტკივილი, უჭირს ყლაპვა. ავადმყოფი თავს სუსტად გრძნობს, მოდუნებულია, დარღვეული აქვს ძილის რეჟიმი, მადა დაკარგული ტემპერატურა კი მომატებული.

საერთოდ, ტემპერატურა არის ორგანიზმის რეაქცია, მასში მოხვედრილი უცხო სხეულის თუ მიკრობის მიმართ, რაც აბსოლუტურად ნორმალურია. თუ ტემპერატურა 38 გრადუსამდეა, მასთან ბრძოლა აუცილებელი არ არის, რადგან ვირუსის დიდი ნაწილი სწორედ მაღალ ტემპერატურაზე კვდება. იმ შემთხვევაში, თუ სიცხე 39 გრადუსს აღწევს, ავადმყოფს სიცხის დამწევი საშუალებები უნდა მისცეთ.

ინტოქსიკაციის შესამცირებლად აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხის მიღება, როგორიცაა: ცხელი ლიმონიანი ჩაი, ჟოლოს კომპოტი ან ჩაი და მინერალური წყალი.

რაც შეეხება საკვებს, ეცადეთ მიიღოთ თხევადი საკვები. მაგალითად: ბოსტნეულის ნახარში, ბულიონი და სხვა. ასევე ეფექტურია სალბის, გვირილის ან კალენდულას ნაყენის ყელში გამოვლება.

რაც შეეხება ცხვირის ღრუს მოწესრიგებას, ამ მხრივ სისხლძარღვების სპეციალური შემავიწროვებელი ცხვირის წვეთები დაგეხმარებათ.

მწვავე რესპირატორული ინფექცია ხშირ შემთხვევაში თვალებსაც აზიანებს. ამ დროს, თბილ გადადუღებულ წყალში ბამბა დაასველეთ და თვალები დღეში რამდენჯერმე გაიწმინდეთ. შეგიძლიათ ჩაის ნაყენიც გამოიყენოთ.

იმ შემთხვევაში, თუ ერთხელ უკვე გადაიტანეთ მწვავე რესპირატორული დაავადება, მაქსიმალურად შეეცადეთ არ გაცივდეთ. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და ავადმყოფებთან კონტაქტს.

ხშირი ავადმყოფობისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა ვარჯიში, სუფთა ჰაერზე ყოფნა, წყლის პროცედურები, სრულფასოვანი კვება. მიირთვით რაც შეიძლება ბევრი ნიორი, ხახვი. ასევე კივი, ბანანი და ვაშლი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები