LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეზონური გრიპის საგანგაშო სიმპტომები  – პედიატრ ეკა ყიფიანის რჩევები მშობლებს

30
doctor

როგორ განვასხვავოთ გრიპის ნიშნები ბანალური ვირუსული ინფექციისგან, ავადობიდან მერამდენე დღეს მივმართოთ ექიმს, გამოვიძახოთ თუ არა სასწრაფო პედიატრი ტემპერატურის მატებისთანავე, ვინ არიან გრიპით ინფიცირების რიკსჯგუფში და რომელი ანტივირუსული პრეპარატები გვიცავს გრიპისგან. ამ თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან “ „სასწრაფო პედიატრის“ ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, პედიატრმა ეკა ყიფიანმა ისაუბრა.

რომელია ის საგანგაშო სიმპტომები, რომელიც მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს იმ საგანგაშო გრიპის ვირუსთან, რომლის აგრესიული შტამიც ახლაა გავრცელებული?

რა არის ის ნიშნები, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს სეზონურ გრიპთან. მთავარი, რაც H1N1-ს ახასიათებს, ეს არის უეცარი დასაწყისი და აუცილებლად მაღალი ტემპერატურა. იწყება შემცივნებით, ძლიერი თავის ტკივილით, თვალების, სახსრების და კუნთების ტკივილით, ეს არის ის ძირითადი და ყველაზე მეტად მახასიათებელი ნიშნები, რაც არ ახასიათებს ჩვეულებრივ ბანალურ გაციებას ან რესპირატორული სისტემის დაავადების გამომწვევ სხვა სიმპტომებს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გვხვდება. ამ ყველაფერს შესაძლოა თან ერთვოდეს ძლიერი ინტოქსიკაცია, ღებინება, დიარეა, მივარდნილობა ან პირიქით, მომატებული აღგზნებადობა. ესაა პირველადი ნიშნები იმისა, რომ შესაძლოა გვქონდეს გრიპის ვირუსი.  აღსანიშნავია, რომ მედიცინაში შესაძლოა, ატიპიური შემთხვევები დაფიქსირდეს.

შესაძლოა მცირეწლოვანმა ბავშვმა ტკივილის და შემცივნების შეგრძნება ვერ გადმოგვცეს, რა ვქნათ ამ დროს? ასევე, რას გულისხმობთ მოვლენების სწრაფ განვითარებაში, რა პერიოდზეა საუბარი?

დავიწყებ საუბარს გავრცელების პერიოდით, გრიპის ვირუსის ინკუბაციური პერიოდი არის არა 2-3 დღე, არამედ მეტი. ინკუბაციურ პერიოდში ვერც მშობელი და ვერც ექიმი, ვერ მიხვდება, შეიძლება თუ არა გამოვლინდეს გრიპის ვირუსი. სწორედ ამიტომ ხასიათდება გრიპი ძალიან მაღალი კონტაგიოზურობით.

მართალია, ტკივილი ბავშვმა შესაძლოა ვერ გადმოგვცეს, მაგრამ აუცილებლად იქნება ძლიერი ჭირვეულობა, თითქოს ხელის შეხებისას მას ყველაფერი სტკივა და შვებას არ გვრის არაფერი. ცხელება, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში რჩება მთავარ სიმპტომად. შესაძლოა გულყრაც განვითარდეს, რაც ასევე ახასიათებს ამ ვირუსს. ამიტომ რეკომენდაცია ასეთია, მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების პირველივე დღიდან ბავშვი იმყოფებოდეს არა საავადმყოფოში, არამედ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. როდესაც ვაკონტროლებთ დინამიკას და სამი დღის შემდეგ დადებითი დინამიკა არ შეინიშნება, ეს უკვე გვაფიქრებინებს დამატებითი კვლევების აუცილებლობაზე და ეს პროცესი ბინაზე მკურნალობას აღარ ექვემდებარება.

რა დროს უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო?

პირველივე შემთხვევიდან, როდესაც ფიქსირდება ის სიმპტომები, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე, ეს არის ნიშანი იმისა, რომ გამოიძახოთ პედიატრი. აუცილებელია, თავი დავიცვათ რეინფექციებისგან, რომლის საფრთხეც რასაკვირველია კლინიკებში არის. ამას ემატება სტრესული გარემო როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვის. სტრესი კი ყოველთვის გვიბიძგებს იმუნოდეფიციტური პრობლემისაკენ. პედიატრს დღეს აქვს არა მხოლოდ ის მომსახურება, რომ ბინაზე მოვიდეს ექიმი და დაგაკვალიანოთ, არამედ შესაძლებელია ჩატარდეს გრიპის სწრაფი ტესტი. ის 15 წუთში გვაძლევს პასუხს და არაინვაზიური მეთოდია ანუ ცხვირის ლორწოვანზე წკირის შეხების შედეგად ხდება კვლევის ჩატარება. გარდა ამისა, სიახლეა ვაქცინაცია, რომელიც შეგიძლიათ ჩაიტაროთ სახლიდან გაუსვლელად, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ბინაზე. ეს ის სერვისებია, რომლეიც სტაციონალურ მკურნალობას, დამატებით ვირუსებს და სტრესულ გარემოს აგაცილებთ თავიდან.  რაც ყველაზე მთავარია, ბავშვი იქნება ექიმის მიერ მართული არა მხოლოდ ერთჯერადი ვიზიტით, არამედ მრავალჯერადად, მისი ავადობის პერიოდში.

რა სიმპტომია მთავარი განმასხვავებელი გრიპსა და ვირუსს შორის?

მთავარი განმასხვავებელი არის დინამიკა. ჩვეულებრივი ბანალური ვირუსის შემთხვევაში  სამ დღეში ბავშვის მდგომარეობა მკვეთრად უმჯობესდება, შესაძლოა ტემპერატურის მხოლოდ ერთი ტალღა დაფიქსირდეს. გრიპის ვირუსის მიმდინარეობა კი, არის 5-დან 7 დღემდე, ბოლო პერიოდში 9 დღემდეც გაგრძელდა, მყარი 5 დღიანი ცხელების შემდეგ თითქოს ბავშვი გამოჯანმრთელდა და ისევ მოდის მეორე ტალღა. ავადობის ხანგრძლივობა ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ ასაკში, როდესაც პაციენტს  72 საათის შემდეგ არ აღენიშნება გაუმჯობესება, ეს ნიშნავს იმას, რომ გრიპის ვირუსთან გვაქვს საქმე. თუ დასაწყისში ვამბობთ, რომ მიიღეთ ბევრი სითხე, იკვებეთ კარგად, დარჩით სახლში კომფორტულად, 3 დღის შემდეგ უკვე მშვიდად ვერ იქნებით, გვჭირდება კვლევევი იმის დასადგენად, ხომ არ გვაქვს სადმე გართულება, გრიპს კი გართულებები ახასიათებს.

 რომელია გრიპის ვირუსის ყველაზე ხშირი გართულება?

გრიპი, ეს არის ვირუსი, რომელიც ცდება ზედა სასუნთქ გზებს, მას ახასიათებს ტროპიზმი ქვედა სასუნთქ გზებზე და შესაბამისად, მას ახასიათებს გართულება პნევმონიის სახით. ის რაც გვამშვიდებს არის ის, რომ გრიპი არ არის ელვისებური ფორმა. იმ სავალალო შედეგებიდან რაც ჩვენთან დადგა, არცერთი მათგანი არ განვითარებულა პირველ და მეორე დღეს, ყველა შემთხვევაში სახეზეა ან დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია ან თანხმლები დაავადებები.

შეიძლება თუ არა H1N1 იმართებოდეს სახლის პირობებში თუ ის მსუბუქად მიმდინარეობს და მუშაობს თუ არა ამ შემთხვევაში მკურნალობის ის სქემა, რაც ტიპიური ვირუსების დროს?

გრიპის ვირუსი რთულდება 1% შემთხვევაში, ვგულისხმობ ჯანმრთელი, ქრონიკული დაავადების არმქონე ადამიანებს. 99% შემთხვევაში ეს ვირუსი მიმდინარეობს გართულების გარეშე. დაუყოვნებელი, სპეციფიკური მკურნალობა მას არ სჭირდება, როდესაც საქმე გვაქვს ექიმის რეკომენდაციის ქვეშ მყოფ პაციენტთან, რომელიც სახლის პირობებში  სიმპტომური მკურნალობით იმართება. სიმპტომური მკურნალობა გულისხმობს ბევრ სითხეს, ბალანსირებულ კვებას და იმ დისკომფორტის მოხსნას, რომელიც კონკრტულ შემთხვევაში აღენიშნება პაციენტს.

 ყოველთვის საჭიროა თუ არა პრეპარატ „ტამიფლუს“ გამოყენება გრიპის ვირუსისას და შეიძლება თუ არა მისი გამოყენება ჩვეულებრივი ვირუსის დროს, როცა მაღალ ტემოერატურას ქვემოთ ჩამოსვლა უჭირს?

არა! ტამიფლუ, ეს არის ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც მოქმედებს დადასტურებულ გრიპის ვირუსზე,  რომლის რეკომენდაციასაც გასცემს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია. დიდი ბედნიერებაა, რომ ჩვენ ხელში გვიჭირავს ეს მედიკამენტი, რომელიც ვიცით რომ ერთადეთია და მოქმედებს გრიპის ვირუსზე, რაც კვლევებით დადასტურებულია. მას აქვს თავისი ჩვენება და ყველაზე ეფექტურია დაავადების დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში, ის აჩერებს ვირუსის რეპლიკაციას. დადასტურებულია, რომ ავადობის ხანგრძლივობა  და  გართულებების რისკი მცირდება. გრიპის ვირუსის მკურნალობაში ამ მედიკამენტის ჩართვა კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით უნდა გადაწყვიტოს მხოლოდ ექიმმა.

რა თანმხლები დაავადებები შეიძლება გახდეს გრიპის ვირუსის გართულების საბაბი?

გრიპის გართულება აბსოლიტურ კორელაციაშია თანხმლებ დაავადებებთან. ამ შემთხვევაში მწვავე შედეგებს იწვევს არა უშუალოდ გრიპი, არამედ გრიპის ფონზე გამწვავებული მწვავე დაავადებები, რომლის მატარებელი ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანი შეიძლება იყოს. ბავშვებში შეიძლება იყოს თანდაყოლილი  ან შეძენილი მანკი.  ზრდასრულ ადამიანებში ყველაზე ხშირია გულსისხლძარღვთა სისტემის  დაავადები, გადატანილი ინფარქტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, დიაბეტი, სიმსივნე, ასთმა, მორეციდივე ბრონქიტი, ნებისმიერი იმუნოდეფიციტით მიმდინარე დაავადება. ეს არის რისკჯგუფია, რომელიც განსაზღვრა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და ეს ადამიანები უნდა იყვნენ იმუნიზირებულნი. უნდა გვახსოვდეს, თუ რაიმე ტიპის ქრონიკული დაავადება აღენიშნება პაციენტს, ის უკვე ეკუთვნის რისკ-ჯგუფს, განურჩევლად სისტემის, მიმდინარეობის, დადგენის და ა.შ.

სად არის გრიპით ინფიცირების ყველაზე დიდი საფრთხე?

სეზონური გრიპი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ცირკულირებს, განვითარებული ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. მას მაღალი კონტაგიოზურობა ახასიათებს, გადამდებია ჰაერწვეთოვანი გზით და იმ საგანზე შეხებით, რომელსაც ინფიცირებული ადამიანი შეეხო.  ინკუბაციური პერიოდი, ორი დღე, შესაძლოა სრულიად უმტკივნეულოდ მიმდინარეობდეს, მაგრამ ვიყოთ კერა ირგვლივ მყოფების დაინფიცირებისთვის. დადებითი დინამიკა ბოლო პერიოდისთვის განაპირობა არდადეგებმა, იანვრის პირველი ორი კვირა სტატისტიკურად ყოველთვის იკლებს შემთხვევები. ეს ხდება სოციალური თავშეყრის ადგილების განმუხტვის ფონზე.

პრევენციაზე შეიძლება ითქვას, რომ უნდა მოერიდოთ დახურული ტიპის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რადგან ასეთ ადგილებში დაავადების რისკი დიდია.

 ძალიან მრავლად ვხედავთ მედიკამენტების რეკლამას, რომლებიც ამაღლებს იმუნიტეტს და იცავს გრიპის ვირუსისგან, თქვენი გამოცდილებით არსებობს თუ არა გრიპის ვირუსისგან დასაცავი საშუალება და როგორ შეიძლება ის მოვნახოთ?

მენტალური პრობლემაა, როდესაც ძალიან გვჯერა რეკლამის, ფარმაცევტული კომპანიის და მათ შორის, მეზობლების. კარგი იმუნიტეტი რომ ჰქონდეს ბავშვს, ამისათვის რაიმე მედიკამენტი, ვიტამინების კომპლექსი ან სხვა ტიპის საშუალება არ არსებობს. დღეისათვის მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს პრეპარატი, რომელსაც მივცემთ ბავშვს და ის აღარ იავადებს. მშობლების განათლება დღეს უკვე გაზრდილია და აუცილებლად მოითხოვეთ ახსნა, რატომ ჭირდება ესა თუ ის დანიშნული  მედიკამენტი თქვენს შვილს.

 აქვს თუ არა ეფექტი გრიპის საწინააღმდეგო აცრას იანვარში, როდესაც გრიპის ვირუსის ერთი ტალღა გადავლილია?

გრიპის ვაქცინის გაკეთების იდეალური დროა ოქტომბერი, ნოემბერი, ეს არის პერიოდი როდესაც ვემზადებით სეზონური ვირუსებისთვის. ერთხელ აცრა არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება იმუნიტეტი გვექნება, ყოველ წელს გამოდის ახალი ვაქცინა და ექვსი თვის შემდეგ ის ეფექტურობას კარგავს. აცრიდან ორი კვირის შემდეგ  იწყება იმუნიტეტის გამომუშავება და ჩვენი ორგანიზმი უკვე მზად არის რომ არ მიიღოს, ან თუ კი მოხვდა ორგანიზმში ვირუსი მას ებრძოლოს. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ გახლავთ 100% – იანი ვაქცინა, ის ეფექტურია 60-70% შემთხვევაში, როდესაც სრულად გვაძლევს იმუნიტეტს ან გვიცავს იმ გართულებებისგან, რაც ამ გრიპის ვირუსს ახასიათებს.

ახლა, მიმდინარე პერიოდში ვაქცინაციას  მაინც აქვს აზრი, იმიტომ რომ ორი კვირის შემდეგ ჩვენ მაინც გვაქვს შანსი გრიპს ვებრძოლოთ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია არ არის, რომ ყველამ უნდა აიცრას. რეკომენდაცია ძალიან მკაცრად არის გაწერელი და მოიცავს 18 წლამდე ბავშვებს, ორსულებს, 65 წელს ზემოთ ადამიანებს, ქრონიკული დაავადებების მქონე და გარემოსთან მუდმივ კავშირში მყოფ ადამიანებს, ექიმებს, ჟურნალისტებს და ა.შ. გარკვეულ პერიოდში იყო ვაქცინის დეფიციტი, მაგრამ „სასწრაფო პედიატრს“ უკვე აქვს აცრის რეზერვები და სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ აიცრათ. აცრის გაკეთებიდან სოციალურ აქტივობაში ჩართვა სასურველია ორი კვირის შემდეგ მოხდეს, მაგრამ ამის საშუალება თუ არ არის, უნდა გააკონტოლოთ, რომ სკოლის და ბაღის დაწესებულებებში ცარიელი ოთახი ნიავდებოდეს 45 წუთში ერთხელ. ასევე,  დღეში მინიმუმ ორჯერ სველი წესით უნდა დამუშავდეს.

რეკომენდებულია თუ არა აცრის გაკეთება იმ ბავშვებისთვის,  ვინც სეზონური გრიპი უკვე გადაიტანა?

ლაბორატორიულად ან კლინიკურად დადასტურებული დიაგნოზის შემთხვევაში, თუ ბავშვმა H1N1 ვირუსი გადაიტანა, მას ერთი წლის განმავლობაში იმუნიტეტი უკვე აქვს. იგივენაირად მოზრდილ ადამიანებსაც. მათ მომავალი წლისთვის უნდა იზრუნონ, რომ მომზადებული შეხვდნენ ახალ ტალღას. იმუნიზაცია ”აცერი და დაიცავი”  ეს არის ყველაზე პირველი, რითაც ამის პრევენცია უნდა მოვახდინოთ, მეორე ეს არის ჰიგიენური წესების დაცვა და ასევე ნებისმიერი ადამიანი, სრულ გამოჯანმრთელებამდე უნდა იყოს სახლში. მოზრდილ ადამიანში უსიცხო პერიოდიდან 48 საათის შემდეგ,  ბავშვებში კი, 10-12 დღის შემდეგ დგება სრული გამოჯანმრთელება. თუ კი თქვენ სრულად გამოჯანმრთელების გარეშე ბავშვს უშვებთ სოციალურ გარემოში, ამით აშავებთ როგორც თქვენი შვილის, ასევე სხვების წინაშე.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები