LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარი, გაზიანი სასმელი და „ჯანქ ფუდი“ ყველაზე სწრაფად აბერებს კანს – დერმატო-კოსმეტოლოგი ნინო გოგიბერიძე

24
ნინო-გოგიბერიძე

როდის ითვლება კანი პრობლემურად, რა არის გამონაყარის გამომწვევი ძირითადი მიზეზი, როგორ ხდება გამონაყარის მკურნალობა, სასურველია თუ არა სახის წმენდის პროცედურა, რას უნდა აკეთებდეს ქალი ყოველდღიურად კანის მოვლისთვის – ამ და სხვა საინტერესო კითხვებს ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ კლინიკა „კარაპს მედლაინის“ ესთეტიკური მიმართულების ხელმძღვანელმა, დერმატოლოგმა, კოსმეტოლოგმა – ნინო გოგიბერიძემ უპასუხა.

რას ნიშნავს ტერმინი პრობლემური კანი და როდის ითვლება კანი პრობლემურად?

პრობლემური კანი ძალიან სუბიექტური წინადადებაა. ყველა პაციენტი პრობლემურად მიიჩნევს თავის კანს, თუ მას გამონაყარი აქვს. გამონაყარი კი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგალითად, მიზეზი შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის, გინეკოლოგიური პრობლემები ან შეიძლება იყოს კანის დაავადება, აკნე. პაციენტმა მკურნალობისთვის აუცილებლად უნდა მიმართოს დერმატოლოგს. ჩვენს კლინიკაში კომპლექსურად ვმკურნალობთ პაციენტებს, გვეხმარება როგორც გასტროენტეროლოგი, ისე გინეკოლოგი, ვმკურნალობთ ერთობლივად და ეს ძალიან კარგ შედეგს გვაძლევს.

თქვენი დაკვირვებით, რა არის გამონაყარის გამომწვევი ძირითადი, ყველაზე ხშირი მიზეზი?

სხვადასხვა პაციენტთან სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს. გამონაყარი შეიძლება გამოწვეული იყოს ერთი კონკრეტული მიზეზით ან გარკვეული მიზეზების ერთობლიობით. კვებითი ალერგია აკნეს არ იწვევს, მაგრამ კუჭ-ნაწლავის და გინეკოლოგიურმა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი. როგორც წესი, ვიზუალური კუთხით უკმაყოფილო პაციენტები პირველ რიგში კოსმეტოლოგთან ან დერმატოლოგთან მიდიან და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი კომპლექსური მიდგომა ექიმებს შორის.

პაციენტები ხშირად მიმართავენ თვითმკურნალობას, იყენებენ სხვადასხვა ხსნარებს, საპნებს და ა.შ. რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს ასეთი ტიპის თვითმკურნალობა და ზოგადად როგორ ხდება გამონაყარის მკურნალობა, როგორ იწყებთ პაციენტებთან მუშაობას?

თვითმკურნალობას მკაცრად ვეწინააღმდეგები, რადგან პაციენტები ხშირად, პირიქით, კიდევ უფრო იზიანებენ კანს ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით თუ მეზობლის ან მეგობრის რჩევით. ყველა კანი ძალიან ინდივიდუალურია და ჩვენს კლინიკაში პირველ რიგში დიაგნოსტიკა, გამოკვლევა ხდება და ამის შემდგომ ვუნიშნავთ პაციენტს შესაბამის პრეპარატებს და თუ დერმატოლოგიურის გარდა სხვა პრობლემასაც ვაწყდებით, პაციენტს შესაბამის ექიმთან ვამისამართებთ. ამის შემდგომ, მკურნალობის ფონზე უკვე შეგვიძლია დავნიშნოთ სხვადასხვა კოსმეტოლოგიური დახმარება, პლაზმა თერაპია, მეზოთერაპია, ვიტამინები, აპარატურული მეთოდები და ა.შ. თვით მკურნალობა ძალიან დიდი შეცდომაა, პაციენტები ხშირად ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის მიხედვით იყენებენ სხვადასხვა საპნებს ან სპირტის შემცველ ხსნარებს მაშინ, როცა ცხიმიანი კანის შემთხვევაში კატეგორიულად არ შეიძლება სპირტის შემცველი საცხების, დასაბანი საშუალებების, შრატების და ა.შ. გამოყენება.

რა შემთხვევაში იყენებთ პლაზმოთერაპიას და როგორი ეფექტი აქვს მას გამონაყარისკენ მიდრეკილი კანის შემთხვევაში?

ძალიან კარგი შედეგები აქვს, როცა ეს მკურნალობის ფონზე ხდება. პლაზმოთერაპია და აპარატურული მეთოდები დამხმარე საშუალებებია, რომელთაც სწორი დიაგნოზის დასმის და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნის შემდეგ ვრთავთ, რომ გავაუმჯობესოთ ვიზუალური ეფექტი.

კვლავ აქტუალურია თუ არა სახის წმენდის პროცედურა, თავად თუ უწევთ რეკომენდაციას და რა სიხშირით?

საქართველოში სახის წმენდა ძალიან პოპულარულია, თუმცა მე ამის წინააღმდეგი ვარ, რადგან ეს არის მექანიკური დაზიანება, სტრესი. რაც უფრო მეტ სტრესს იღებს კანი, მით უფრო არასასურველ პასუხს გვაძლევს, ამიტომ შესაძლებელია, რომ გაწმენდის შემდეგ ბევრად მეტი გამონაყარი მივიღოთ. გაწმენდა ძალიან სწორად უნდა იყოს დაგეგმილი, წმენდის დრო ექიმმა უნდა შეარჩიოს და არა პაციენტმა. ახლა უამრავი აპარატურული მეთოდი არსებობს, რომელიც არ ვნებს კანს და არ აყენებს სტრესს. სახის წმენდა მკურნალობის ფონზე უნდა ჩატარდეს. თუ ჩვენ მწვავე, ჩირქოვან გამონაყარს გავწმენდთ, შეიძლება სახე ავაფეთქოთ და გავაუარესოთ მდგომარეობა. წმენდა ძალიან სწორად, სწორი სპეციალისტის მიერ უნდა იყოს გაკეთებული, ეს შეიძლება იყოს ესთეტისტი, კოსმეტოლოგი. დერმატოლოგები უმეტეს შემთხვევაში არ აკეთებენ წმენდას და არც ურჩევენ პაციენტს აღნიშნული პროცედურის ჩატარებას.

რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ, რა ტიპის სახის კანი გვაქვს?

ეს ძალიან მნიშვნელოვანია ექიმისთვისაც და პაციენტისთვისაც, რადგან კანის ტიპის შესაბამისად ინიშნება მკურნალობა, კანის მოვლის რუტინა, გამწმენდი საშუალებები და ა.შ. ცხიმიანი კანის მქონე პაციენტს ვერ დავუნიშნავთ საცხს, რომელიც მშრალი, კომბინირებული ან ნორმალური ტიპის კანისთვის არის განკუთვნილი.

რას უნდა აკეთებდეს ქალი ყოველდღიურად კანის მოვლისთვის, რა არის აუცილებელი?

პირველ რიგში, აუცილებლად უნდა დავიბანოთ სახე დილას და საღამოს. დაბანისას ქაფს გამოვიყენებთ, საპონს თუ ლოსიონს, ეს უკვე კანის ტიპზე და ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული. გამწმენდი საშუალება აუცილებლად ყოველ დილას და საღამოს უნდა გამოიყენოთ. დილით ან საღამოს აუცილებლად უნდა გამოიყენოთ დამატენიანებელი კრემი. დამატებით უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ შრატი, ტონერი, მკვებავი საცხი და.შ. ეს ყველაფერი უკვე ასაკზე, წყლის ბალანსზე, კვებაზე და სხვა უამრავ ნიუანსზეა დამოკიდებული. ექიმმა და კოსმეტოლოგმა ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა აუხსნან და ასწავლონ პაციენტს. დღესდღეობით უამრავი ბრენდი არსებობს, თუმცა ჩვენ ძირითადად სამკურნალო ხაზს ვუნიშნავთ პაციენტებს. ხშირად პაციენტიც აძლევს ექიმს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა უხდება, რა მოსწონს და რა – არა და ერთობლივად არჩევენ მოვლის საშუალებებს. ზემოთ აღნიშნული საშუალებები არის ის, რაც აუცილებლად უნდა იყოს დღის და ღამის რუტინაში და დამატებითი პროდუქტები და პროცედურები უკვე საჭიროების მიხედვით ინიშნება.

საჭიროა თუ არა სახის ნიღაბი და რა სიხშირით?

ნიღაბი არის დამატებითი, ასე ვთქვათ, კანის სარელაქსაციო პროცედურა, ეს არის დამატებითი დატენიანება, დამატებითი აჭიმვა, გამკვრივება, გამოკვება. ნიღაბი აუცილებელი არ არის, მაგრამ მისი გამოყენება ყველას მოგვწონს. მთავარია, რომ ნიღაბი არ გამოიყენოთ ყოველდღიურად. მე მყავდა ასეთი პაციენტი, რომელიც ყოველდღე იკეთებდა ნიღაბს და როცა ვუთხარი, რომ ხომ წერია ინსტრუქციაში, რომ კვირაში ერთხელ უნდა გამოიყენო-მეთქი, მიპასუხა, რომ სხვადასხვა ნიღაბს იყენებდა და არა ერთსა და იმავეს. ნიღაბი კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ უნდა გამოიყენოთ.

რამდენად ეფექტურია სახლში დამზადებული ნიღბები?

ამბობენ, დიასახლის ყველაზე კარგი კანი აქვს, რადგან ყველაფერს, რისგანაც საჭმელს ამზადებს, სახეზე იცხებსო ( იცინის). მე არ ვარ მომხრე, რომ საკვები პროდუქტები სახეზე წავისვათ. არსებობენ კომპანიები, რომლებიც საუკეთესო ფორმულებით ქმნიან ნიღბებს, მთელი ცხოვრება ამაზე მუშაობენ და უამრავ კვლევას ატარებენ, რომ მათი კლიენტი კმაყოფილი იყოს. შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ნიღაბი შეიძინოთ, იქნება ეს გამამკვრივებელი დამატენიანებელი თუ სხვა სახის და გამოიყენოთ, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე ნიღაბი დამხმარე პროდუქტია და არა-აუცილებელი.

როგორ ხდება ლაქების მკურნალობა და ახასიათებს თუ არა მას რეციდივი?

საერთოდ ყველა ადამიანმა უნდა გამოიყენოს მზისგან დამცავი, ეს არის, ასე ვთქვათ, პირველი იარაღი, რადგან მზე პროვოცირებას უწევს ლაქების წარმოქმნას და გამრავლებას. ლაქების წარმოქმნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ განწყობასაც. ლაქები შეიძლება იყოს მზის პიგმენტაცია და შეიძლება მათ აკნეს შემდგომაც იჩინონ თავი. ლაქების მოშორება სხვადასხვა მეთოდებით, ლაზერული ან ქიმიური პილინგით შეგვიძლია. ლაქები საერთოდ ძალიან დიდი, ძალიან ხშირი პრობლემაა თანამედროვე კოსმეტოლოგიაში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მზიან ქვეყანაში ვცხოვრობთ, პაციენტების 80-90 %-ს აწუხებს ეს პრობლემა.

ჩაანაცვლა თუ არა სახის საცხები სხვადასხვა ესთეტიკურმა პროცედურებმა?

არა, რადგან ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და საუკეთესო შედეგისთვის ჩვენ კომპლექსური მიდგომა გვჭირდება. სახლის რუტინას და საცხებს თავისი ადგილი აქვს, ინიექციურ კოსმეტოლოგიას თავისი და ვერასდროს ერთი მეორეს ვერ ჩაანაცვლებს, რადგან მათ კანის სხვადასხვა შრეებზე აქვთ მოქმედება. ის, რომ ჩვენ კანის დატენიანება გავიკეთეთ ნემსით, არ ნიშნავს იმას, რომ დამატენიანებელი საცხი აღარ უნდა გამოვიყენოთ.

რა საკვები აზიანებს კანს ყველაზე მეტად?

სახის კანზე ცუდად მოქმედებს ე.წ. „ჯანქ ფუდი“ და გაზიანი სასმელები, რადგან ისინი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავენ. შესაბამისად, კანს არ უხდება შაქრიანი პროდუქტები. არსებობს ასეთი ტერმინი გლიკაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ გლუკოზა აერთებს კოლაგენის და ელასტინის ბოჭკოებს, რაც კანის სწრაფ დაბერებას იწვევს. შაქრიანი და ცხარე საკვები კანზე კარგად არ მოქმედებს.

რას ურჩევდით ადამიანებს, რომელთაც კანის პრობლემები აქვთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ სახის კანი იყოს მუდმივად ჯანსაღი და რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს ახალგაზრდული იერი?

პირველ რიგში, გირჩევთ, დაიცვათ წყლის ბალანსი. მიიღეთ სწორი რაოდენობის წყალი, დღეში 2-2,5 ლიტრი. წყალი ადამიანის ორგანიზმში ძალიან დიდ როლს თამაშობს. წყლის ბალანსი მნიშვნელოვანია როგორც კანის სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, ისე საერთოდ ორგანიზმისთვის. ჯანსაღი ცხოვრების პირველი პუნქტი არის მივიღოთ საჭირო რაოდენობის წყალი.

რა სიხშირით გვირჩევდით სპეციალისტთან ვიზიტს?

აქ უკვე მნიშვნელობა აქვს რა მდგომარეობაშია კანი, რა პროცედურები გვჭირდება. დერმატოლოგთან შეგიძლიათ წელიწადში ორჯერ მოხვიდეთ, კოსმეტოლოგთან უფრო ხშირად, რადგან შეიძლება გაიკეთოთ მოვლის პროცედურები, ინიექციური პროცედურები, აპარატურული, ლაზერული პროცედურები. ახლა ძალიან მრავალფეროვანი არის კოსმეტოლოგიური ბაზარი და შეგვიძლია პაციენტებს სხვადასხვა, მათთვის საუკეთესო პროცედურები შევთავაზოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები