LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმინდი – იდეალური მკურნალი

18
სიმინდი

სიმინდის სამშობლო ამერიკაა. საქართველოში მე-16 საუკუნეში შემოიტანეს. მე-17 საუკუნეში ის უკვე იხსენიება ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომებში. სიმინდი გემრიელი საკვებია. ტაროს ხარშავენ ან წვავენ. ფქვილისგან ამზადებენ ფაფას და კვერებს – ღომს და მჭადს, გამხმარი მარცვლებისგან ბატიბუტს, რომელიც განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს. სიმინდის ფქვილისგან და ყურძნის წვენისაგან მზადდება უგემრიელესი ფელამუში. სიმინდის მოხარშული მარცვლებით სალათებს კაზმავენ. სიმინდის ფქვილს კოსმეტოლოგიაშიც იყენებენ. მისი აბაზანა არბილებს გაუხეშებულ კანს, აცხრობს ანთებით კერებს, ხსნის ქავილს. სიმინდის ფქვილის ნიღაბი არაჩვეულებრივად წმენდს სახის კანს, ასუფთავებს ფორებს, არბილებს და სინაზეს ანიჭებს მას. ევროპაში სიმინდისგან სასმელებსაც ამზადებენ. მაგალითად : ლუდს, ვისკის. ტრადიციული ირლანდიური ვისკი დადუღებული ან დაუდუღარი ქერის ალაოსგან მზადდება, მაგრამ არსებობს სახეობები, რომელთა წარმოებაში სიმინდსაც იყენებენ.

სიმინდისგან იღებენ ფქვილს, ბურღულს, ხოლო ჩანასახისგან საჭმელ ზეთს. სიმინდის მარცვალი შეიცავს წყალს, ცილოვან ნივთიერებებს, სახამებელს, ცხიმს, ნაცარს, ცხიმზეთს, ეთერზეთს, ქლოროფილს, K, B1, B2, B6, D და E ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას. სიმინდის ღეროსა და ფუჩეჩის პრეპარატებს იყენებენ შარდკენჭოვანი დაავადების, ნაღვლის სადინარებისა და ღვიძლის დაავადებების, ასევე სისხლდენების დროს. მათი მიღებისას ძლიერდება ნაღვლის სეკრეცია, მცირდება მისი სიბლანტე, ბილირუბინის რაოდენობა, იმატებს პროთრომბინის დონე და სისხლის შედედების უნარი.

ჩინური მედიცინის მიხედვით, სიმინდი, პირდაპირ კუჭის წამალია. აძლიერებს პერისტალტიკას, აჩქარებს მოუნელებელი საკვების გამოდევნას, რითაც ხელს უშლის ყაბზობის ჩამოყალიბებას. სიმინდის კერძები სასარგებლოა კანის სიმშრალის დროს, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, აძლიერებს ნერწყვდენას. ჩინელები სიმინდის სახამებლისაგან ამზადებენ საგოს, რომელიც მდიდარია ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლებით. საგო დიეტურ საკვებად მიიჩნევა და ფართოდ გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს. ქართულ კულინარიაში მას ღომი ცვლის. სიმინდის შემადგენლობაში შედის გლუტამინის მჟავა, რომელიც აუმჯობესებს მეხსიერებას და თავის ტვინშიო ნივთიერებათა ცვლას. სიმინდის ზეთი უხვად შეიცავს E ვიტამინს, რომელიც დიდ როლს ასრულებს სასქესო ჰორმონების ცვლაში. მას სიბერის საწინააღმდეგო ვიტამინსაც უწოდებენ. იგი ორგანიზმს იცავს ასთმისგან, შაკიკისგან, კანის დაავადებებისგან და სხვა. ის ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა. თუ დღეში 75 გრამამდე მივიღებთ, სისხლში ქოლესტერინის დონე დაიწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები