LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუ-ჯოკ თერაპიის გასაოცარი შედეგები ნევროზის მკურნალობაში – ტარიელ ბიბილური

84
tariel-bibiluri-stumrad-eqimtan-show

გადაცემის ლაივი LIVE

გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ამჯერად დაეთმობა ძალიან საინტერესო თემას, რაზეც აქამდე არ გვისაუბრია. საუბარია ალტერნატიული მკურნალობის მეთოდზე, რომელიც გარკვეულწილად ბუნებრივია მედიცინასთან კავშირშია, თუმცა მკურნალობის იმ ფორმატსაც გვთავაზობს, რომელიც ტრადიციულ მედიცინას არ ახასიათებს. ეს არის  მტევანსა და ტერფზე ზემოქმედებით მკურნალობის ულტრათანამედროვე მეთოდი, ე.წ. სუ-ჯოკ თერაპია, რომელიც აღმოსავლური მედიცინის სხვადასხვა სახეობას ეფუძნება. ერთი შეხედვით ეს შეიძლება მარტივად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან რთული და საპასუხისმგებლო ტექნოლოგიაა. ჩვენს შეკითხვებს იმის შესახებ, თუ რა არის სუ-ჯოკ თერაპია, რა დაავადებების დროს გამოიყენება, რა ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე და რა შედეგებს იძლევა საბოლოოდ, სუჯოკ თერაპევტი, ტარიელ ბიბილური უპასუხებს.

-ბატონო ტარიელ, რატომ გადაწყვიტეთ, რომ საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც  რთულად იღებს ნებისმიერ სიახლეს, არა მხოლოდ შეგესწავლათ მკურნალობის ეს მეთოდი, არამედ პრაქტიკაშიც დაგენერგათ?

ტარიელ ბიბილური: ეს ყველაფერი დაიწყო ჩემი ინტერესით აღმოსავლური კულტურის მიმართ. გატაცებული ვიყავი აღმოსავლური ფილოსოფიით, ბუდიზმით, გარდა ამისა ამ სფეროში გარკვეული ცოდნა უკვე მქონდა. სუ-ჯოკ თერაპია სამხრეთ კორეაში არც თუ ისე დიდი ხნის წინ შეიქმნა და ის მოიცავს არა მხოლოდ უშუალოდ კორეული მედიცინის მიღწევებს და მკურნალობის მეთოდებს, არამედ ეგვიპტური, ჩინური და ინდური მედიცინის მეთოდებსაც.

-რას გულისხმობს სუ-ჯოკ თერაპია და რა ზემოქმედებას ახდენს იგი ორგანიზმზე? ჩვენ უკვე ვახსენეთ მტევანი და ტერფი, ანუ ის, რაც გვსმენია სუ-ჯოკ თერაპიაზე, მაგრამ რეალურად რა ტიპის ზემოქმედება აქვს მას და რა ტიპის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება?

ტარიელ ბიბილური: სუ-ჯოკ თერაპია პირველ რიგში მოქმედებს ადამიანის ენერგეტიკულ, ანუ ეთერულ სხეულზე. ენერგეტიკული სხეული ერთი საფეხურით მაღლა დგას ფიზიკურ სხეულზე და მთლიანად მართავს მას. ადამიანის სასიცოცხლო ენერგია ბრანა ისევე მიმოიქცევა ადამიანის ენერგეტიკული სხეულის არხებში, როგორც სისხლი სისხლძარღვებში. ადამიანის სასიცოცხლო ენერგია ერთი საფეხურით მაღლა დგას ფიზიკურ სხეულზე, უფრო მაღლაა ფსიქო-ემოციური დონე და ყველაზე მაღლა არის უკვე მენტალური დონე ანუ გონებრივი სფერო. ამ ოთხივე სფეროზე ახდენს გავლენას სუ-ჯოკ თერაპია, მთლიანი დატვირთვა კი მოდის ადამიანის ენერგეტიკულ სხეულზე. ის, რასაც აღძრავ ადამიანის ენერგეტიკულ სხეულში, მაგალითად თუ მოახდენ ენერგიის სტიმულაციას ან დამუხრუჭებას, მომენტალურად ან თანდათან ფიზიკურ სხეულზეც აისახება. ანუ შენ ენერგეტიკული ძვრების საშუალებით მართავ ადამიანის ფიზიკურ სხეულს მისსავე სასიკეთოდ.

-უფრო გასაგები რომ იყოს მსმენელისათვის რა ტიპის პროცედურაა ეს, პროცედურულ დონეზე რომ აგვიხსნათ.

ტარიელ ბიბილური: ადამიანის სხეულში 72 000 ენერგეტიკული არხია, თუმცა ყველა სასიცოცხლო ორგანოსთან დაკავშირებული მთავარი არხების უმეტესობა მდებარეობს ხელის და ფეხის გულებზე. სწორედ ხელისგული და ფეხის ტერფი არის ის ადგილები, სადაც ყველაზე მეტი საპროექციო ზონაა. ჩვენთვის ცნობილი სამივე მთავარი არხი და 12 მერიდიანი არის სწორედ ხელის და ფეხის გულებზე. არის წერტილები, რომლებიც პასუხს აგებს გულის, ღვიძლის, თირკმლის, თვალის, ყურის და ა.შ სიჯანსაღეზე. სუ-ჯოკ თერაპევტმა იცის, როგორ იპოვოს ამა თუ იმ ორგანოს პრობლემური ზონა და როგორ იმუშაოს მასთან ნემსით, რის შემდეგაც ამ ორგანოზე მოხდება დადებითი ენერგეტიკული გავლენა. ეს უნივერსალური ენერგიაა და მისი ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითად იმ შემთხვევაშიც აისახება, როცა შეიძლება მისთვის ცნობილი არც არის, რომ ამა თუ იმ ორგანოს პრობლემა აწუხებს.

ჩემი მიმართულება სუ-ჯოკ თერაპიაში ნევროზებია და შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ შეგვიძლია ადამიანს უსიხარულო გარემოში გავუაქტიუროთ სიხარულის წერტილი, რის შემდეგაც ის კვლავ შეძლებს იყოს ბედნიერი და ცხოვრებისგან სიხარული მიიღოს. შესაბამისად, თუ ნევროზების დროს შევძლებთ დავამუხრუჭოთ უარყოფითი ენერგია, შესაძლებელი გახდება პაციენტს მოვუხსნათ დეპრესია, შფოთვითი მოვლენები, შიშები, ნევროზისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები და დავუბრუნოთ სრულყოფილი ცხოვრება.

-თქვენ ისაუბრეთ ნევროზის და დეპრესიის შესახებ, მაგრამ ვიცით, რომ ნევროზი მხოლოდ სიხარულის და მწუხარების შეგრძნება არ არის, ეს არის საკმაოდ კომპლექსური და რთული პროცესი მთელი რიგი გართულებების, რომელიც ადამიანის ტვინიდან იმართება. ნევროზს სხვადასხვა სიმპტომები შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად აკვიატებული შიშები ან მძიმე ემოციური ფონით განვითარებული ფიზიკური პრობლემები.

ტარიელ ბიბილური: როცა საქმე ეხება ნევროზს, ეს ძირითადად ერთი და იგივე ტიპის ნევროზია, უბრალოდ განსხვავდება მისი წარმომავლობა, ანუ ეტიოლოგია და მისი სიმპტომები. ზოგ პაციენტთან განსაკუთრებით გამოხატულია დეპრესია, სრული უიმედობა. ზოგთან აკვიატებული მდგომარეობა, ზოგთან ისტერიული. ძირითადად საქართველოში ამ სამი ტიპის ნევროზს ვხვდებით. ყველა ამ მდგომარეობის წარმატებით განკურნება შესაძლებელია სუ-ჯოკ თერაპიით და ეს შესაძლებელია დაახლოებით 20-30 სეანსის შემდეგ, ბევრად მცირე დროში ვიდრე ფსიქოლოგთან მკურნალობისას, რომელსაც შესაძლოა რამოდენიმე წელი დასჭირდეს.

-როგორც ვხვდები, ეს ეხება იმ შემთხვევებსაც, როდესაც ნერვული ფონი დამძიმებულია მაგალითად თავის ტკივილებით ან აკვიატებებით, ისტერიული შეტევებით და ა.შ.

ტარიელ ბიბილური: რასაკვირველია, მკურნალობა ხდება სიმპტომების მიხედვით, ხდება ამ ე.წ. „შავი ემოციების“ მოხსნა, თუ აკვიატებული მდგომარეობებია, ვმუშაობთ ამ კუთხით, იქ აუცილებლად იქნება შიშებიც და საჭირო იქნება მათზე მუშაობაც. რაც არის წამყვანი, შემაწუხებელი სიმპტომი, სწორედ ამ მიმართულებით ხდება მკურნალობაც.

-დაახლოებით რამდენი ხანია საჭირო ამა თუ იმ დაავადების განსაკურნებლად? ჩვენ, ქართველებს გვახასიათებს ასეთი რამ, ჩვენ რთულად ვიჯერებთ რამეს, თუ შედეგი არ დავინახეთ. რამდენი დრო უნდა საშუალოდ განკურნებას?

ტარიელ ბიბილური: როგორც წესი, პაციენტი შვებას პირველი სამი სეანსის შემდეგვე გრძნობს. შეიძლება პირველივე სეანსის შემდეგვე იმდენად მოეხსნას დაძაბულობა, რომ დაინახოს შედეგი. მე მყავდა პაციენტი, შვილმკვდარი დედა, რომელიც 7 წელი გლოვობდა შვილის სიკვდილს და დაახლოებით 20 დღე დაგვჭირდა მისი უმძიმესი სულიერი განცდების მოსახსნელად. 20-30 დღეში, როგორც წესი, შესაძლებელია არაჩვეულებრივი შედეგის მიღება.

გაცილებით რთულია ქრონიკული დაავადებების მკურნალობა. როგორც ყველა სხვა თერაპია, სუ-ჯოკ თერაპიაც მკურნალობის დასაწყისში იწვევს დაავადებული ორგანოს გაღიზიანებას. მკურნალობის პროცესის დასაწყისში მდგომარეობა ჯერ მწვავდება და მერე ვაღწევთ უკვე განკურნებას. მაგალითად რომ ავიღოთ ბრონქიტი, ის ჯერ ხველით მწვავდება და შემდეგ იკურნება. ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვს, მდგომარეობის გამწვავების შემდეგ აღარ მოდის მკურნალობის დასასრულებლად მიუხედავად იმისა, რომ მე მათ ვაფრთხილებ. როგორც წესი, ქრონიკული დაავადების დროს ჯერ ხდება მდგომარეობის გამწვავება და შემდეგ ხდება უკვე განკურნება.

-როგორც თქვით, თქვენი ძირითადი მიმართულება ნევროზებია. გარდა ნევროზებისა რაზე მუშაობს დადებითად სუ-ჯოკ თერაპია?

ტარიელ ბიბილური:  ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ასევე ქალური და მამაკაცური დაავადებების შემთხვევაში. არსებობს დაავადებები, რომლებიც როგორც ქალებს, ასევე კაცებს ასაკთან ერთად აწუხებთ. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, თუ დარეგულირდება ენერგია, დარეგულირდება ფიზიკური სხეულის მდგომარეობაც.

-როგორც წესი, ადამიანები ალტერნატიულ მკურნალობას მაშინ ირჩევენ, როდესაც ტრადიციული მედიცინა მათ ვერ ეხმარება. შეიძლება ტრადიციული მეთოდებით პაციენტმა წლები იმკურნალოს, მაგრამ უშედეგოდ და ამის შემდეგ მოიძიოს ალტერნატივა. მინდა გკითხოთ, თუ გაქვთ არჩევითობის პრინციპი, ანუ არის თუ არა შემთხვევები თქვენს პრაქტიკაში, როცა პაციენტს არ იღებთ, რადგან თვლით, რომ სუ-ჯოკ თერაპია ამ  კონკრეტულ პრობლემას ვერ მოერევა?

ტარიელ ბიბილური:  მე არ მაქვს ასეთი მიდგომა, რომ სუ-ჯოკ თერაპია ამას ვერ მოერევა. მე ყოველთვის ისეთი განწყობით ვარ, რომ 20-30 დღეში უნდა დაექვემდებაროს მდგომარეობა მკურნალობას. მე ვცდილობ ადამიანი ჩავატიო 10, 20 ან 30 დღეში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში მძიმე ეკონომიკური ფონია და ადამიანებს ხანგრძლივი მკურნალობის საშუალება არა აქვთ, ამიტომ ვცდილობ ყველანაირად დავეხმარო და თუ ხანგრძლივი მკურნალობაა საჭირო, ვეუბნები რომ შეგვიძლია შესვენებებით სეანსების ჩატარება. გარდა ამისა, მე ვერიდები დიდ ფსიქიატრიაში გადასვლას, იმიტომ რომ ეს უკვე სხვა დარგია, სხვა სფეროა. მაგ: თუ ადამიანს აქვს აგრესიის სინდრომი, მას სახლის პირობებში ვერ მივიღებ, მე კი სახლში ვიღებ პაციენტებს.

-როდესაც ალტერნატიული მედიცინის და მეთოდების შესახებ ვსაუბრობთ, საზოგადოებაში ხშირად ჩნდება კითხვა, ხომ არ გვაქვს საქმე პლაცებოს ეფექტთან, ანუ ჩვენ რეალურად კი არ განვიკურნებით, არამედ გვეხსნება სიმპტომები იმიტომ, რომ გვჯერა, რომ განვიკურნეთ.

ტარიელ ბიბილური:   მინდა გითხრათ, რომ რწმენას მოაქვს ყველაზე დიდი შედეგი. ამიტომ პლაცებოს მეთოდი ქართულ საზოგადოებაში სრულიად უსაფუძვლოდ განიხილება, როგორც რაღაც არასერიოზული. სინამდვილეში ეს ძალიან სერიოზული, რწმენის ეფექტია. პლაცებოს ეფექტის დამსახურებით, ჩვენთვის ფიზიოლოგიური რეალობა ხდება ის, რაც გვწვამს, იმიტომ, რომ რეალურად ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება სამყარო ჩვენს გარშემო. პლაცებოს ეფექტი არაჩვეულებრივად მუშაობს, ეს ძალიან სერიოზული სამედიცინო საშუალებაა.

წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს აძლევთ ნეიტრალურ ტაბლეტს, სახამებლის ტაბლეტს და თუ ის ამას მიიღებს იმ განწყობით, რომ გამოჯანმრთელდება, მართლა გამოჯანმრთელდება.

მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ აშშ-ის ერთ-ერთ ციხეში ჩაატარეს ექსპერიმენტი. მათ აარჩიეს პატიმრები, რომლებსაც ხანგრძლივი ვადით ჰქონდათ მისჯილი თავისუფლების აღკვეთა და უთხრეს, რომ თუ ექსპერიმენტში მიიღებდნენ მონაწილეობას, სასჯელის ვადა მნიშვნელოვნად შეუმცირდებოდათ. ექსპერიმენტის არსი იყო შემდეგში –  მათ თვალწინ გააცხელებდნენ კოვზს და შემდეგ შეახებდნენ ამ კოვზს ხელზე. ექსპერიმენტის დროს მათ თვალწინ გააცხელეს კოვზი, შემდეგ აუხვიეს თვალები და კანზე შეახეს ჩვეულებრივი ცივი კოვზი. მიუხედავად ამისა, ყველა მათგანმა მიიღო ისეთი დამწვრობა, როგორსაც მიიღებდნენ მაშინ, მართლა გავარვარებულ კოვზს რომ შეხებოდნენ. ასეთია რწმენის ძალა.

თუმცა სუ-ჯოკ თერაპია მხოლოდ რწმენას არ ეფუძნება.პლაცებოს ეფექტი მისგან დამოუკიდებელია. სუ-ჯოკ თერაპია ადამიანზე მაშინაც მოქმედებს, თუ მას რეალურად არ სჯერა სუ-ჯოკ თერაპიის და მისი მეთოდების. ადამიანს აქვს კონკრეტული ორგანოს პრობლემა და სუ-ჯოკ თერაპევტი სპეციალურ წერტილებს ეხება მერიდიანებზე და იღებს შედეგს. ძალიან ბევრმა ადამიანმა მხოლოდ მას შემდეგ დაიჯერა სუ-ჯოკ თერაპიის, რაც განიკურნა მისი დახმარბით, თუმცა იქამდე სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი.

-თქვენ ისაუბრეთ ღვიძლის პრობლემებზე, ქალურ დაავადებებზე, აი თუნდაც საშვილოსნოზე რომ ვილაპარაკოთ. ვიცით, რომ ყველა მათგანს აქვს სპეციალური ენერგეტიკული წერტილები, მაგრამ როგორ ხდება ინდივიდუალურად შემთხვევების კონტროლი? ვიცით რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, შეიძლება დაზიანების სხვადასხვა ხარისხი იყოს და ა.შ.

ტარიელ ბიბილური:   აღმოსავლური მედიცინა არც ერთ ორგანოს არ განიხილავს, როგორც ცალკეულს. ორგანო არის დონორი ან რეციპიენტი გამომდინარე იქიდან, იგი ენერგიას გასცემს თუ იღებს. მაგალითად საშვილოსნო, რომელიც ახსენეთ, რეციპიენტია და ენერგიას ოთხი სხვა ორგანოსგან იღებს: ღვიძლისგან, ელენთისგან და ორივე თირკმლისგან. ძალიან ხშირად დაავდებათა დიდი ნაწილის მიზეზი ისაა, რომ საშვილოსნოს შეწყვეტილი ან დარღვეული აქვს ენერგიის მიღება. როგორც წესი, რა პრობლემაც არ უნდა იყოს, მე პირველ რიგში იმას ვითვალისწინებ, რომ რომელიმე ორგანოდან ენერგიის მიწოდება შეიძლება დარღვეულია და ვმუშაობ დონორი ორგანოების წერტილებზეც.

– ბატონო ტარიელ, ვისაუბროთ ანამნეზის შესახებ. ამისთვის გარკვეული ანალიზებია საჭირო თუ მხოლოდ გასაუბრებით კრებთ ანამნეზს მკურნალობის დაწყებამდე?

ტარიელ ბიბილური:   ბუნებრივია, პირველი არის გასაუბრება პაციენტთან, რათა გავიგოთ რა აწუხებს, გავიგოთ მისი დაავადების ისტორია. გარდა ამისა სუ-ჯოკ თერაპიას აქვს საკუთარი მეთოდი. ხელისგულებზე არსებობს სპეციალური სასიგნალო წერტილები, რომლებზე მუშაობისასაც ტკივილის ინტენსივობით დგინდება რომელი ორგანოა დაავადებული და ითხოვს მკურნალობას. თუ პაციენტი ჩემთან ზუსტი დიაგნოზით მოვა, ამას არაფერი სჯობს, თუმცა სამწუხაროდ, საქართველოში იშვიათად მოდიან ჩემთან ზუსტი დიაგნოზით.

-მინდა გკითხოთ უკუჩვენებებზეც. აქვს თუ არა სუ-ჯოკ თერაპიას უკუჩვენება?

ტარიელ ბიბილური:   უკუჩვენება არა აქვს, მაგრამ ახასიათებს უცნაური შეგრძნებები. მაგალითად, ხშირად როდესაც ენერგია იცვლება, ადამიანი გრძნობს სიცივეს, იგი თავს ისე გრძნობს, თითქოს გაციებულია. სინამდვილეში ეს გაციება არაა, ენერგიის ცვლილება იწვევს ამას. როცა პაციენტი მოდის მძიმე დეპრესიით, მისი მოხსნის შემდეგ მოდის უკვე შინაგანი სიმშვიდის არაჩვეულებრივი გრძნობა. შემიძლია გავიხსენო შემთხვევა, როდესაც ასეთი პაციენტი ჩემგან წასვლის შემდეგ თითქმის მთელი დღე ჩემი სახლის წინ არსებულ ბაღში იჯდა და სიმშვიდით ტკბებოდა.

-სუ-ჯოკ თერაპია აბსოლუტურად განსხვავებულად მუშაობს ადამიანის ორგანიზმზე, ვიდრე ტრადიციული მედიცინა. შეიძლება ისეც ხდებოდეს, რომ სუ-ჯოკ თერაპიის პარალელურად ადამიანი გადიოდეს ტრადიციულ თერაპიას ან მედიკამენტოზურ მკურნალობას. უშლის თუ არა ეს ხელს მას სუ-ჯოკ თერაპიის წარმატებით გავლაში?

ტარიელ ბიბილური:  ნამდვილად უშლის. ჩემთან მოსული პაციენტების უმეტესობას მედიკამენტები უმეტეს შემთხვევაში არასწორად აქვს დანიშნული. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ ადამიანი დიდხანს მკურნალობს და არა აქვს შედეგი. თუ პაციენტი მედიკამენტს ათი წელი იღებს და არ შველის, ესე იგი ეს მედიკამენტი არასწორადაა დანიშნული. განსაკუთრებით მძიმე შედეგებს  ვხვდები მაშინ, როდესაც საქმე ეხება ფსიქოტროპულ საშუალებებს. ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის იმის გაცნობიერება, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტები არ შველის ნევროზს. ისინი დროებით ხსნიან სიმპტომებს. თუმცა ფსიქოტროპული საშუალებები იწვევს მიჩვევას და ადამიანს აყალიბებს როგორც ნარკომანს, ამ დამოკიდებულების მოხსნა კი ძალიან ძნელია.

-თქვენ თქვით, რომ ბევრ დაავადებაზე მოქმედებს სუ-ჯოკ თერაპია დადებითად, თუმცა ალბათ არის გამონაკლისებიც. რომელ დაავადებებზე არ მუშაობთ, ვინ ვერ ისარგებლებს სუ-ჯოკ თერაპიით?

ტარიელ ბიბილური:   მე არ ვიღებ ბავშვებს 8 წლის ასაკის ქვემოთ. ასევე ფსიქიატრიული დაავადებების მქონე პაციენტებს, რომლებსაც აქვთ აგრესიის სინდრომი. როგორც აღვნიშნე, ფსიქიატრიაში აღარ გადავდივარ, ეს ჩემი სფერო არ არის.

-პაციენტის ცხოვრების წესს თუ აქვს მნიშვნელობა? მაგალითად თუ იღებთ პაციენტებს რომლებსაც აქვთ ალკოჰოლიზმის პრობლემა, ცხოვრობენ არაჯანსაღი ცხოვრების წესით და ა.შ?

ტარიელ ბიბილური:   მე გეტყვით ასეთ რამეს: ცხოვრების წესი არის მთავარი იმაში, ადამიანი დაავადდება ან განიკურნება თუ არა. თუ ადამიანის ცხოვრების წესი არის მშვიდი და არის ლოცვა, ის შეიძლება ისე გავიდეს ამ ქვეყნიდან, რომ არ დაავადდეს. ჯანსაღი ცხოვრების წესს ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები