თიხა - უნივერსალური პროდუქტი მედიცინაში - ადრენალინი

როგორც მოგეხსენებათ თიხა უამრავი ფერის არსებობს, თუმცა თიხა „კაოლინი“ ცალკე განხილვის საგანია. კაოლინის სასარგებლო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ მას არა მხოლოდ კოსმეტიკური მიზნით, არამედ მედიცინაშიც იყენებდნენ. თეთრ თიხას ორგანიზმის უჯრედების ცხოველმოქმედების პროდუქტების, ტოქსინების, სუნისა და აირების შთანთქმა შეუძლია. კლავს ავადმყოფობის წარმომშობ ბაქტერიებს და ამასთან ერთად ქიმიურად ინერტული რჩება, ანუ ორგანიზმისათვის აბსოლუტურად უვნებელია. სახალხო მკურნალები თეთრ თიხას თმის ცვენის შესაჩერებლად იყენებდნენ, რადგან იგი სუსტ და მტვრევად თმას ამაგრებს და კურნავს სებორეას. კაოლინი მრავალ სასარგებლო ნივთიერებასა და მიკროელემენტს შეიცავს. მათ შორის კაჟმიწას, კალიუმს, თუთიას, ნატრიუმს, მაგნიუმს და შეუძლია ეს ყოველივე კანს გადასცეს. დღეს, ბევრი კოსმეტიკური ფირმა თეთრ თიხას თავისი პროდუქციის შემადგენლობაში უმატებს, როგორიცაა: შამპუნი, კბილის პასტა, გამწმენდი ნიღბები და სხვა.

დღეს კოსმეტიკური თიხის შეძენა პრობლემა არ არის. იგი წმენდს კანს, აღადგენს ეპითელს, აქვს ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. აუმჯობესებს თმის მდგომარეობას, ებრძვის ცელულიტს და შლის ჭრილობის კვალს. თეთრი თიხის ზემოქმედება სახისა და სხეულის კანზე ჭეშმარიტად სასარგებლოა. კაოლინი კანის ზედა ფენების სისხლძარღვებს მოქნილობას მატებს, ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას, რომლის თავის მხრივ კანის ელასტიკურობას ამაღლებს. თეთრი თიხა შესანიშნავი ანტისეპტიკური საშუალებაა. აცხრობს ანთებით პროცესებს და ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას. გარდა ამისა, კაოლინს, სამკურნალო თვალსაზრისით შიგნით მისაღებადაც იყენებენ: ჭიების დროს, რაქიტით დაავადებულ ბავშვებში ძვლების გასამაგრებლად, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, ანემიის დროს, ლიმფური კვანძების ანთებისა და ფაღარათის დროს.

– რაც უფრო მუქი ფერისაა თიხა, მით უფრო კარგად შეიწოვს ცხიმს და ეფექტურია ფერისმჭამელების სამკურნალოდ.

– ვარდისფერი თიხა მშრალ და მგრძნობიარე კანს ამშვიდებს, დამჭკნარსა და მოდუნებულს ამაგრებს, ხოლო დაზიანებულს სწრაფად აღადგენს.

– რუხი თიხა კანს ატენიანებს და ორგანიზმს ტონუსს აძლევს.

– ცისფერი თიხა ეპითელში სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს, კანს დეზინფექციას უკეთებს და აქრობს ანთებით პროცესებს.

– წითელი თიხა კანქვეშა კაპილარებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, უებარია ალერგიული გამონაყარის დროს, აგაცილებთ კანის არაჯანსაღ სიწითლეს.

– ყვითელი თიხა ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის ნარჩენ პროდუქტებსა და ტოქსიკურ მიკრობებს გამოდევნის. აქტიურად ებრძვის ცელულიტს.

– მწვანე თიხა იდეალურია ცხიმიანი, ფორიანი კანისა და ყველა სახის გამონაყარის ღრმა წმენდისთვის. ამცირებს ცხიმის გამოყოფას, ავიწროებს ფორებს, ასწორებს ნაოჭებს, ჭიმავს კანს, აქრობს შეშუპებას, აღადგენს ნივთიერებათა ცვლას და აქვს ანტიმიკრობული მოქმედება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თიხით მკურნალობა რეკომენდებული არ არის ჭარბთმიანობის შემთხვევაში.