გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ სეზონის ყველაზე მწვავე და აქტუალურ თემას, წითელას დაეთმო. რატომ იმატა წითელას შემთხვევებმა, რატომ ითვლება ასეთ საშიშ დაავადებად, როგორია წითელას პირველადი ნიშნები და სიმპტომები, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მას – ამ და სხვა საინტრესო თემებზე გადაცემაში სტუმრად ექიმთან „სეუ-კლინიკის“ პედიატრიული დეპარტამენტისა და “მზიურიმედის” პედიატრმა, პროფესორმა ინგა მამუჩიშვილმა ისაუბრა.
რატომ იმატა წითელას შემთხვევებმა და რატომ დავდეგით ეპიდემიის საშიშროების წინაშე, დავიწყეთ გრიპის ვირუსით, რამაც ძალიან შეგვაშინა და ცუდი შედეგები დაგვიდო, ახლა წითელას ვირუსი, რატომ გახდა იანვრის პერიოდი ასეთი საშიში ეპიდემიების თვალსაზრისით?
ეს პერიოდი ყოველთვის გამოირჩევა გრიპის ვირუსის გააქტიურებით, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ გრიპის ვირუსებს სხვადასხვა შტამები აქვთ, შარშან H3N2-ის აფეთქება გვქონდა, ეს შედარებით მარტივად მიმდინარე ფორმაა, წელს კი დაფიქსირდა H1N1 ვირუსი, რომელიც ძალიან კონტაგიოზურია, სწრაფად ვრცელდება. ჩვენ ბევრად უფრო ადრე ვიწყებთ ხოლმე ამ ვირუსებისთვის მზადებას, ეს არის ზაფხულის პერიოდი, ხშირად მოვუწოდებთ მშობლებს, რომ შემოდგომის პერიოდში მოახდინონ გრიპის ვაქცინაცია, რადგან ჩვენ არ ვიცით, რომელი შტამი რა შედეგს გამოიღებს. მშობლები გვეურჩებიან ხოლმე და ალბათ ამიტომაც იფეთქა ამ ფორმით გრიპის ვირუსმა, ახლა ძალიან ბევრი მშობელი რეკავს და გვეკითხება, შეიძლება თუ არა ამ პერიოდში აცრის გაკეთება, აცრა გვიანი არასოდეს არ არის, უბრალოდ ყველაზე კარგი პერიოდი ოქტომბერი-ნოემბერია. წითელას ვირუსს რაც შეეხება, ასეთივე მიმართებაში ვართ, ძალიან ბევრი აუცრელია, იყო პერიოდები, როდესაც გვქონდა ჩავარდნა, მშობლები უარს აცხადებდნენ ვაქცინაციაზე, წითელა ძალიან კონტაგიოზური ვირუსია, გამოჩნდა რამდენიმე შემთხვევა და მოედო, აღმავლობის პერიოდშია ეს ვირუსი, ვნახოთ, შეიძლება შეჩერდეს ან პირიქით გაგრძელდეს და მოიმატოს შემთხვევებმა. საპანიკო არაფერი არ გვაქვს, რადგან წითელას ვირუსთან მიმართებაში, დროულად შეგვიძლია პრევენციული ღონისძიებების მიღება, თუნდაც შეხება გვქონდეს უშუალოდ ვირუსით დაავადებულ ადამიანთან.
რატომ ითვლება წითელა ასეთ საშიშ დაავადებად, რა გართულებებზეა საუბარი, რითი შეიძლება დამძიმდეს წითელა?
დღეს სამედიცინო დონის ამაღლება აუცილებელ მომენტად იქცა, იმიტომ რომ ინტერნეტსივრცეში ძალიან დიდი მასალაა და ისინი აბსოლუტურად არ ეყრდნობა ფაქტებზე დამყარებულ მედიცინას, მეტ ანალიზით შესრულებულ შრომებს, ვისაც რა უნდა იმას წერს, ამიტომ პანიკაც უზარმაზარია, ხალხში დაითესა შიში, რომ რაღაცა მოდის და ეს აუცილებლად სიკვდილს გამოიწვევს. ადამიანებს ჭირდებათ კომპეტენტური ექიმის რჩევები, ადრე აუცილებელ ვაქცინაციად ითვლებოდა და ყველა იკეთებდა ამას, თუნდაც კომუნისტების პერიოდში, ახლა კი თავად წყვეტენ, უამრავი გაფანტული აზრებია, ამბობენ, რომ ყბაყურა-წითელა-წითურას აცრა აუტისტური სპექტრის, ანემიის, ჰიპერაქტიურობის, ლეიკემიის ჩამოყალიბებას იწვევს, ეს თითიდან გამოწოვილი აბსოლუტურად დაუდასტურებელი ფაქტებია, არანაირი ნაშრომი არ არსებობს ამ მიმართულებით. წითელასგან 1900-1910 წლებში მილიონი ადამიანი გარდაიცვალა ევროპაში, 1960-იან წლებში პირველად გამოიყო წითელათი დაავადებული ადამიანის ცხვირ–ხახიდან დაავადების გამომწვევი მიქსო ვირუსების გამომწვევი ვირუსი და მისგან შეიქმნა ვაქცინა. ამან გადაარჩინა კაცობრიობა. ნამდვილად რთული ვირუსია, მას შეუძლია ბაქტერიული ინფექციების და ნეირო ინფექციების გამოწვევა, ენცეფალიტი, მენინგიტი. თუ აუცრელმა ადამიანმა გადაიტანა წითელა, შეიძლება ათი წლის შემდეგაც დადგეს იმის საშიშროება, რომ პანენცეფალიტი განუვითარდეს. როდესაც საქმე ეხება ენცეფალიტს და მენინგიტს, ეს ვირუსი უკვე ძალიან საშიშია და მისი ვაქცინაცია უნდა ხდებოდეს. ახლა ძალიან მაღალი დონის ვაქცინებია, გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ შეგვხვედრია.
როგორია წითელას პირველადი ნიშნები და სიმპტომები?
როგორც ყველა დაავადებას, წითელასაც ახასიათებს ინკუბაციური პერიოდი, შემდეგ პროდრომული, კატარალური პერიოდი, შემდეგ გამონაყარის და პიგმენტაციის პერიოდი. ინკუბაციური პერიოდი შეიძლება 9-დან 21-დღემდე გაგრძელდეს, ამ დროს ადამიანი ჩვეულებრივად ცხოვრობს და გადამდები არ არის, შეიძლება მცირედი სისუსტე და უმადობა აღენიშნოს. პროდრომულ ანუ კატარალურ პერიოდში პაციენტის მდგომარეობა არაფრით არ განსხვავდება მწვავე რესპირატორული დაავადების კლინიკური ნიშნებისგან, გრძელდება ერთ კვირას, მაღალი ცხელება, ხველა, ცხვირიდან გამონადენი, კონიუქტივიტი, ერთადერთი სიმპტომი, რომელიც შეიძლება დამატებით გამოვლინდეს პაციენტს აღენიშნება სინათლის შიში. ბოლო 2-3 დღის განმავლობაში კი უკვე გადამდები და საშიშია პაციენტი სხვა ადამიანისთვის. წითელა მიქსო ვირუსით გამოწვეული აერწვეთოვანი ინფექციაა, გადაედება ხველით, ცემინებით. პროდრომულ პერიოდში ძალიან კარგად უნდა დათვალიერდეს პირის ღრუს ლორწოვანი და აუცილებლად შევნიშნავთ ამ პერიოდის მიწურულს მოწითალო ლაქებს ლოყის ლორწოვანზე, რომელსაც კოპლიფილატოვის ლაქები ეწოდება და ღრძილებზე, მონაცისფრო, ცვილისებრი ლაქები, რომლებიც თითქოს იქერცლება, ამის შემდეგ ჩნდება ლაქოვან-პაპოლური გამონაყარი, იწყება ეტაპობრივად და განსაკუთრებით ბავშვებს ახასიათებთ მეორე ტალღა ტემპერატორული ჰიპერთერმიის, გამონაყარი იწყება თავის არედან, პირველად ჩნდება ყურის უკან, სახეზე, ლაქოვანი გამონაყარია, თანდათანობით ვრცელდება კისერზე, გულ-მკერდზე და ფეხებზე. ციკლურობა ახასიათებს წითელას, ეს ლაქები ეტაპობრივად ერთდება და ჰირლიანდებს წარმოადგენს და ზუსტად ასევე ეტაპობრივად ხდება მისი ალაგება, ერთი კვირა გრძელდება დაახლოებით. შემდეგ პიგმენტაციის პერიოდი იწყება, ეს არის ერითროციტების დიაპედეზის გამო, ერითროციტები იშლება და ჰემოსიდერინი გამოიყოფა, ის უბნები, სადაც ლაქოვანი მოწითალო ფერის გამონაყარი იყო, მოლურჯო მოყავისფრო ფერს იღებს და ეს პიგმენტაციაც თანდათან დროთა განმავლობაში ქრება. მიქსო ვირუსი არამდგრადია, შესაძლოა ნერწყვში 30 წუთის განმავლობაში იცოცხლოს სინათლეზე და შემდეგ კვდება, ადამიანის გარეთ ის ნაკლებად ცოცხლობს და მალე იღუპება, მაგრამ ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის შემთხვევაში ძალიან სწრაფად მრავლდება და შესაძლოა გამოავლინოს ისეთი გართულებები როგორიცაა: ჩირქოვანი კონიუქტივიტი, პნევმონია, ბრონქიტი, ენცეფალიტი, მენინგიტი, კარდიალური გართულებები. დამახასიათებელია ინტოქსიკაციის სინდრომი, აპათია, აბსოლუტურად დაუძლურებულად თვლის თავს, სისუსტე, დეპრესიული მდგომარეობა, ძილიანობა, ბავშვებშიც იგივენაირად არ სურთ სითხის და საკვების მიღება, მოწყენილები არიან. ასევე ლორწოვანების დაზიანება ახასიათებს ამ მიქსო ვირუსების ჯგუფს, როდესაც ბავშვს აქვს ძლიერი, ღებინებამდე მისული ხველა, ასეთ დროს დიფერენციალურ დიაგნოზს ვატარებთ კოქსაკის ვირუსებთან, სხვა ინფექციურ დაავადებებთან, მაგალითად წითურასთან, რომელიც მარტივი მიმდინარეობით ხასიათდება, თუმცა ორსულებში წითურა მეტად აგრესიულია.
შესაძლებელია თუ არა წითელა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ვმართოთ სახლის პირობებში, ზოგადად რა ტიპის მკურნალობაა რეკომენდებული ასეთ დროს და ბრილიანტის მწვანეს გამოყენება რატომ არის ცუდი რომ აგვიხსნათ?
წითელას შემთხვევაში გამოიყენება სიმპტომური მკურნალობა, რა თქმა უნდა სახლში მიდის მკურნალობის პროცესი, მშობელი გათვიცნობიერებული უნდა იყოს დინამიკაში, მკურნალმა ექიმმა უნდა განსაზღვროს, რამდენას არის აჭირო ბავშვის რეფერალი, ინფექციურ კლინიკაში გადაყვანა. თუ საშუალო სიმძიმის მდგომარეობაა და შესაძლებელია ბინაზე მართვა, მკურნალობა პრაქტიკულად არ ტარდება, სითხეები დიდი რაოდენობით, ტემპერატურის რეგულაცია, ხველის სიმპტომურად მკურნალობა ინჰალაციური საშუალებებით და არავითარ შემთხვევაში კანის დამუშავება ბრილიანტის მწვანეთი. ჩუთყვავილას შემთხვევებშიც კი აღარ მუშავდება ბრილიანტის მწვანეთი, აუცილებელია ბავშვის დაბანა, თუ გაღიზიანებული გამონაყარია და წითელას დროს მსგავსი შემთხვევები არ გვხვდება, რადგან ლაქოვანი გამონაყარი ახასიათებს. პაციენტს, რომელსაც აქვს წითელა, ჭირდება მართვა სახლის პირობებში და თუ პაციენტი მძიმდება, რაც დინამიკაში დაკვირვების შედეგად ვერ გამორჩება მშობელს, საჭიროა მისი ინფექციურ კლინიკაში გადაყვანა.
წითელი ნივთები წითელას დროს, აქვს თუ არა ამას რაიმე ეფექტი თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ?
ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს, ბავშვს მოსწონს ეს ყველაფერი, ჩვენ შეგვიძლია ჩამოვაფაროთ როგორც წითელი, ასევე მწვანე ან ნებისმიერი ფერის ფარდა, რადგან თვალს აწყნარებს, სინათლის შიში ახასიათებს ამ დაავადებას და ამიტომ ითხოვენ ჩაბნელებულ ოთახს. ასევე მიდგომა, რომ ბავშვის მამამ ან ბაბუამ სასმელი არ დალიოს, დიახ ასეც უნდა იყოს, რადგან ასეთ მდგომარეობას შესაძლოა რაიმე დაძაბულობა მოჰყვეს ოჯახში, პაციენტისთვის კი სრული სიმშვიდეა საჭირო. ძველი მიდგომები გარკვეულ დატვირთვებს ატარებდა და ატარებს დღესაც, მთავარია გავუფრთხილდეთ პაციენტს, სიყვარული, სითბო, მოფერება არ მოვაკლოთ, ასეთ დროს იმუნიტეტი მობილიზებულია და უფრო მარტივად ებრძვის დაავადებას.
სად შეიძლება ყველაზე მეტად დავავადდეთ წითელით, რომელია ის სახიფათო ადგილები?
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკოლებში, ბაღებში, სამსახურებში, ყველგან, სადაც ადამიანები მუშაობენ და ბავშვები არსებობენ. ყველა ბავშვი არ არის აცრილი, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ის პატარები, რომლებიც არ არიან აცრილები, თუ მოახერხებენ, ჩაუტარონ ბავშვებს ვაქცინაცია, რადგან ეპიდაფეთქების წინაშე ვდგავართ, მაგრამ მე მთლად ამ ტერმინს ვერ ვიხმარდი, თბილისში მე პირადად ეპიდაფეთქებას ვერ ვხედავ.
მეც ბევრს ვფიქრობდი ჩემი შვილიშვილები გამეშვა თუ არა სკოლაში, მაგრამ აცრილები არიან და გავუშვი, გარდა ამისა, რომ მოვიკითხე მათთან წითელას შემთხვევები არ ფიქსირდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ეს ჩვენზე უკეთ იცის და იმედია დრო და დრო ინფორმაციას მოგვაწვდიან.
მშობლებს ვთხოვ, რომ ბავშვები ადამიანების თავშეყროს ადგილებში ყოფნას მოარიდონ, გარდა წითელასი ჩვენ H1N1 ვირუსიც გვაქვს, რომელიც ბოლო ორი კვირაა შეჩერებულია, მაგრამ ვფიქრობ კიდევ გვექნება რამდენიმე ტალღა და მინდა რომ ეს ტალღები იყოს შედარებით მსუბუქი, ვიდრე იყო აქამდე.
საერთოდ, სანამ ქალი დაორსულდება, ის აუცილებლად უნდა იყოს აცრილი წითელა–წითურ– ყბაყურაზე, იყო ასეთი მოსაზრება, რომ 3-6 თვით ადრე მაინც უნდა იყოს აცრილი, მაგრამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცის მიხედვით, ქალი თუ ფეხმძიმობას აპირებს, ერთი თვით ადრეც შეიძლება აიცრას. ორსულისთვის კატეგორიულად უკუნაჩვენებია, რადგან ვაქცინა არის ცოცხალი. როგორც წესი, თუ დედას ასაკობრივი ვაქცინაცია ჩატარებული აქვს ან გადატანილი აქვს წითელა, ბავშვს 3 თვემდე მყარი იმუნიტეტი აქვს, 6 თვემდე ეს იმუნიტეტი როგორღაც მიყვება, შემდეგ სუსტდება და წლის ასაკში პრაქტიკულად არ აქვს ბავშვს იმუნიტეტი და იცრებიან კიდეც წითელა წითურა ყბაყურის ვაქცინით, ერთი წლის ასაკში პირველად და შემდეგ ხუთი წლის ასაკში. თუ ბავშვს წლის ასაკში ჩატარებული აქვს ვაქცინაცია და ხუთი წლის ასაკში რევაქცინაცია, ის პრაქტიკულად მთელი სიცოცხლის განავლობაში უზრუნველყოფილია იმუნიტეტით. იყო ასეთი მოსაზრება რომ 10 ან 13 წლის შემდეგ იმუნიტეტი ქრება, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად თუ ცხრა თვის ბავშვს აქვს კონტაქტი ინფიცირებულ პირთან, ასეთ დროს ჩვენ შეგვიძლია ბავშვი ავცრათ, მაგრამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, შემდგომში მას გეგმიური ვაქცინაცია მაინც უნდა ჩაუტარდეს. კონტაქტში მყოფი პირები აუცილებლად უნდა აიცრან. შეიძლება ადამიანი აცრილია ერთ წლის და ხუთი წლის ასაკშიც, მაგრამ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს ამის შესახებ, მესამედ ჩატარებული ვაქცინაცია არანაირ სირთულეს და უკუჩვენებას არ გამოიწვევს.
არსებობს თუ არა რაიმე რეკომენდაცია იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გართულებები, იქნება ეს რაიმე ჯგუფის პრეპარატების მიღება თუ ბავშვის ვაქცინაციისთვის წინასწარ მომზადება?
აბსოლუტური დაცვა მაინც ვაქცინაციაა, მაგრამ თუ ვაქცინაცია ბავშვს არ უტარდება, ან ვერ უტარდება, მაშინ პირველ რიგში უნდა დავიცვათ ჰიგიენური ნორმები, სველი წესით, სადიზენფექციო ხსნარით დავალაგოთ ოთახები, გავანიავოთ ხშირად. ბავშვები მოვარიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, არ ვატაროთ ბაღში, სკოლაში. არსებობს სხვა და სხვა ანტივირუსული საშუალებები. მიქსო ვირუსი, რომელიც წითელას გამომწვევია რიბონუკლეინის მჟავის შემცველია, ასეთივე პრეპარატები არსებობს თუნდაც ცხვირზე მოსასმელი მალამოები, რომლებმაც შესაძლოა გარკვეულწილად დაგვიცვას. ბალანსირებული და ვიტამინიზირებული კვება აუცილებელია, მართალია ეს წითელას ვირუსისგან ვერ დაიცავს ბავშვს, მაგრამ მოაძლიერებს იმუნიტეტს და თავიდან აგვარიდებს გართულებებს.
რაზეა დამოკიდებული აცრის შემდგომი გართულება?
პირველ რიგში ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, ბავშვი უნდა აიცრას თუ არა, ბავშვი აცრის წინ მკურნალ ექიმის მხრიდან თავიდან ბოლომდე უნდა იყოს დათვალიერებული, არ უნდა ქონდეს ტემპერატურა ან რაიმე სხვა ვირუსული ინფექციის გამოვლინებები. ზოგჯერ ამბობენ, რომ თუ ტემპერატურა 38 გრადუსამდეა, ასეთი ბავშვი შეიძლება აიცრას, მაგრამ მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. აუცილებელია გაკეთდეს ჰემოგრამა, სისხლის საერთო ანალიზი, რითაც ბავშვის მდგომარეობა ზუსტად შეფასდება.
შეიძლება აცრას რაიმე გამოვლინება ახლდეს, მაგალითად ბანალური ტემპერატურული რეაქცია, რისიც ეშინიათ მშობლებს, არადა ტემპერატურული რეაქცია ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა შევიდა ორგანიზმში და ის მოქმედებს, ორგანიზმი კი იმუნიტეტს და ანტისხეულებს გამოიმუშავებს. არსებობს ასეთი ტერმინიც, მიტიგირებული წითელა, რომელსაც ვეძახით აცრის შემდგომ განვითარებულ წითელას, ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს და ამანაც არ უნდა შეგვაშინოს.
წითელას ვაქცინა 98% -ით გვიცავს, ჩემს პრაქტიკაში ვაქცინირებულ ბავშვზე წითელას დიაგნოზი არ შემხვედრია და თუ ყოფილა შემხვევა, რომ მოსულა მსგავსი ჩივილებით, ის საბოლოოდ წთელა არ აღმოჩენილა. აცრიდან ორ კვირაში იმუნიტეტი იწყებს მუშაობას და ერთი თვის შემდეგ ბავშვს აქვს მყარი იმუნიტეტი ამ კლასის ვირუსის მიმართ.
აუცრელ ბავშვებში და ზოგადად ადამიანებში როგორ მიმდინარეობს წითელა, რაიმე განსაკუთრებულ გართულებებს აქვს ადგილი?
აუცრელ ადამიანებში წითელას შესაძლოა ჰქონდეს ჩვეულებრივი მიმდინარეობა და არ მოჰყვეს გართულებები, მაგრამ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ბაქტერიულ გართულებებს, მე ყველაზე მეტად მეშინია ნეირო გართულებების, მენინგიტი, ენცეფალიტი, პანენცეფალითი, რომელიც შესაძლოა ათი წლის შემდეგ გამოვლინდეს. ყველაზე მთავარია ყურადღება, პანიკის და შიშის გარეშე ყოფნა, რადგან ეს ყველაფერი თრგუნავს ჩვენს ყურადღებას და ბავშვის კლინიკური სურათის სწორად აღქმაში გვიშლის ხელს, აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ოჯახის ექიმი, რომელიც თითოეულ სიმპტომს გააკონტროლებს და საჭიროების შემთხვევაში ჩაერევა დროულად.
როდის უნდა ველოდოთ წითელას ვირუსის პიკის გადავლას, როგორია ხოლმე სტატისტიკა?
დაახლოებით ერთ თვეში პიკმა უნდა გადაიაროს, დარწმუნებული ვარ არანაირი გართულებები არ გვექნება. შეიძლება არც მოხდეს ეს აფეთქებები, ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს. მე თავად ვარ ვაქცინაციის მომხრე, მაგრამ მშობლებზე ძალადობა კატეგორიულად დაუშვებელია, მე როგორც ექიმი ვალდებული ვარ გავაგებინო მშობელს, რას ნიშნავს ვაქცინაცია, ავუხსნა რამდენად დადებითი შედეგები მოყვება მას, გადაწყვეტილებას კი იღებს თავად.
გადაცემის აუდიოჩანაწერი