LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ბავშვებში – მედეა ზირაქაშვილი ყველაზე გავრცელებულ დიაგნოზზე

36
medea-ziraqashvili.

რატომ გახშირდა ბოლო დროს ჰიპერაქტიურობისა და ყურადღების დეფიციტი ბავშვებში, რა ასაკიდან ვლინდება ეს პრობლემა და რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს მას. რითი არიან გამორჩეული ამ სინდრომის მქომე ბავშვები და რა უნდა გააკეთოს მშობელმა. ამ და სხვა საინტერესო თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის წამყვანმა სპეციალისტმა, ბავშვთა ფსიქიატრმა, ნევროლოგმა მედეა ზირაქაშვილმა ისაუბრა

მედეა, რას ნიშნავს ყურადღების დეფიციტისა და  ჰიპერაქტივობის სინდრომი, რაში მდგომარეობს  ამ დიაგნოზის სირთულე?

ყურადღების დეფიციტისა და  ჰიპერაქტიურობის სინდრომი, გახლავთ  დიაგნოზი,რომლის ნამდვილი არსის შესახებ ძალიან დაბალი ცნობადობაა დღეს საქართველოში, მას  ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება ადრეული დიაგნოსტირების და  მასზე ზრუნვის კუთხით,როგორც მშობლების , ასევე მასწავლებლების მხრიდან. ჩვენ მივეჩვიეთ ისეთ მოცემულობას, რომ დიაგნოზი ტერმინოლოგიურად რთულად უნდა ჟღერდეს, რათა მასზე ადექვატურად ვირეაგიროთ….

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის   სინდრომი, არ გახლავთ უბრალო ჰიპერაქტიურობა ან უბრალოდ ყურადღების კონცენტრირების სირთულე ან ძალიან მარტივად, ამ სინდრომის მქონენი , არ არიან უბრალოდ აღუზრდელი, ცელქი, ქცევადარღვეული ბავშვები. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი ეს გახლავთ განვითარების დარღვევა, რომელსაც საფუძვლად უდევს მთელი რიგი ნეირობიოლოგიური მექანიზმებისა.  ეს სინდრომი მხოლოდ გარემო ფაქტორებმა არ შეიძლება განაპირობოს, მას უმეტეს შემთხვევაში გენეტიკური წინასწარგანწყობა აქვს. ეს არის ნეიროგანვითარებითი დარღვევა, რომელიც მკვეთრად გამოხატული სირთულეებით ვლინდება, ყურადღების კონცენტრირების, იმპულსურობის და ჰიპერაქტიულობის კუთხით.

რა ასაკიდან შეიძლება შევნიშნოთ და მივიტანოთ ეჭვი ამ პრობლემაზე?

ყურადღების დეფიციტისა და  ჰიპერაქტივობის  სინდრომს სპეციფიურად გამოხატული ნიშნები ნაკლებად ახასიათებს. ამ დიაგნოზს არ ვსვამთ 6-7 წლამდე ასაკში. ეს ნიშნები ყველაზე ხშირად 3-დან 6 წლამდე ვლინდება. კონსულტაციაზე მშობლები ძირითადად ბავშვის ქცევის დარღვევაზე მიუთითებენ( ოპოზიციურობა აგრესიული ქცევა, ჰიპერაქტიურობა, ადვილად გამღიზიანებადობა), ჩვენ კი ვეუბნებით, რომ ეს პრობლემა ნაკლებ საყურადღებოა და მივუთითებთ სხვა ნიშნებზეც: მოტორული აქტიურობის, იმპულსურობის, მივანიშნებთ,რომ არსებობს რისკი სასკოლო ასაკში ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომის გამოვლინების. შესაბამისად, ვურჩევთ თუ შეექმნათ პრობლემა სკოლაში მისვლისას პირველივე კლასის პირველი სემესტრის დასრულებისთანავე, მოგვმართონ. განსხვავება  ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვსა და  მხოლოდ ჰიპერაქტიურ ბავშვს შორის არის ის, რომ ჰიპერაქტიურობა უნდა იყოს ძალიან ინტენსიური, შემაწუხებელი და  მწვავედ გამოხატული. ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომის  ნიშნები, აუცილებელია ვლინდებოდეს მინიმუმ 2 სოციალურ გარემოში.( მაგ.სახლი და სკოლა) მხოლოდ ერთ სოციალურ გარემოში არსებული პრობლემის შემთხვევაში აღნიშნულ სინდრომზე არ ვსაუბრობთ. ნიშნების სიმწვავე იცვლება სხვადასხვა ასაკში.წინა სასკოლო ასაკში განსაკუთრებით წამყვანია ჰიპერაქტიურობა, მაშინ როდესაც   სასკოლო ასაკში, მეტად დამახასიათებელია უყურადღებობა.განსაკუთრებით იჩენს პრობლემა თავს სტრუქტურირებულ გარემოში, სწორედ ამიტომ ვხვდებით ამ დიაგნოზის სიმძაფრეს პირველად სკოლაში მისვლისას. აქვე ვხვდებით საშინაო დავალების ორგანიზების სირთულეებს.ასევე  მშობელი ამბობს, რომ ბავშვს ხშირად რჩება წიგნი, კარგავს საშლელს, ფანქარს, არ ჩაუნიშნავს საშინაო დავალება და ა.შ. მსგავსი პრობლემები შემდგომში ძალიან დიდ პრობლემას ქმნის აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით.ყურადღების დეფიციტის   და ჰიპერაქტიურობის სინდრომის ერთერთი  მთავარი პრობლემა გახლავთ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა, რამდენიმე საფეხურიან დავალებებში ბოლომდე გასვლა.

როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ჰიპერაქტიურობისა და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვი ქცევითი ან სხვა ასაკობრივი პრობლემების მქონე ბავშვებისგან?

თუ ნეიროგანვითარებით დარღვევებს აქტიურად დავუკვირდებით, ვნახავთ, რო მათ ძალიან ბევრი, ცალკეულად აღებული, ისეთი ნიშანი ახასიათებთ, რომელებიც ტიპური  განვითარების ბავშვებისთვის ძალიან ჩვეულებრივი მახასიათებელია. პრობლემაზე და დიაგნოზზე ვსაუბრობთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სახეზეა თავმოყრა ერთდროულად რამდენიმე სფეროში არსებული სხვადასხვა ნიშნების. როდესაც ჰიპერაქტიურობის და ყურადღების დეფიციტის  სინდრომზე ვსაუბრობთ, აქ მხოლოდ ჰიპერაქტიურობის პრობლემა არ დგას, საუბარია იმაზე რომ უპირატესად სწორედ ჰიპერაქტიურობით არის გამოხატული  პრობლემა, პარალელურად კი აუცილებლად ვხვდებით უყურადღებობის და იმპულსურობის სიმპტომებს.

ბევრი, სხვადასხვა სფეროს პრობლემური ნიშნების ერთობლიობა აძლევს მშობელს განსხვავების საშუალებას. მაგალითად, თუ ბავშვი:

  • ადვილად გადართვადია ერთი საქმიდან და აქტივობიდან მეორეზე,
  • თუ ის ვერ მიყვება ინსტრუქტაჟს, არ შეუძლია მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების შესრულება, რადგან იწყებს მოქმედებას და ავიწყდება შემდეგი,
  • უშვებს ბევრ შეცდომას მარტივი დავალებების შესრულებისას,
  • აქვს გულმავიწყობა ყოველდღიურ აქტივობებში და ჭირდება შეხსენება მარტივი, რუტინული ყოველდღიური საქმიანობების,
  • კარგავს ნივთებს,
  • აქვს ჯდომის პრობლემები, მაგალითად ზის, მაგრამ ცქმუტავს, ერთ ადგილას ვერ ჩერდება,
  • ცდილობს თანატოლი გამოიწვიოს,
  • ვერ ელოდება თავის რიგს,
  • წამოისვრის პასუხს შეკითხვის დასრულებამდე,
  • მოქმედებს და არ ფიქრობს შედეგებზე,
  • ძალიან ბევრს ლაპარაკობს
  • მუდმივ მოძრაობათა ქაოსშია…., ჩვენ საქმე გვაქვს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომთან.

რაში უშლის ბავშვს ეს მდგომარეობს ხელს?

ძალიან ბევრ სფეროში….მათ ერთმნიშვნელოვნად ექმნებათ პრობლემები აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით.ემოციური დიზრეგულაციის და იმპულსურობის გამო უჭირთ ურთიერთობები თანატოლებთან.ავლენენ ოპოზიციურ- გამომწვევ ქცევებს,ხდებიან მუდმივი შენიშვნის ობიექტები გარშემომყოფების მხრიდან, შესაბამისად აქვთ დაბალი თვითშეფასება.მათ უჭირთ ორგანიზებული და მიზან-მიმართული მოქმედებების შესრულება, აქვთ მომატებული შფოთვა.შესაბამისად ათმაგი ძალისხმევა სჭირდება საქმეში წარმატებულობისთვის.არ მინდა მშობლების შეშინება, თუმცა კვლევებით დადასტურებულია,რომ ისინი ზედმეტად რისკიანები არიან, რითიც საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს და ასევე ზოგიერთი კვლევებით მეტად არიან მიდრეკილნი მავნე ჩვევებისა და ნივთიერებებზე დამოკიდებულებისადმი( რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში, მხოლოდ რისკების გაზრდაზეა საუბარი ).

ამბობენ, ADHD სინდრომის მქონე ბავშვები განსაკუთრებულად ნიჭიერები არიან და ხშირად მაგალითისთვის ცნობილი ადამიანები მოჰყვათ, რომლებსაც ბავშვობაში ეს სინდრომი დაუდგინდათ

ეს არის ერთ-ერთი მითი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დიაგნოზს თან ახლდეს. როგორც ტიპური განვითარების ,ასევე  ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომის დროს არსებობენ ადამიანები  რომლებიც აღწევენ წარმატებებს.

აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ,რომ ყურადღების დეფიციტის  და ჰიპერაქტიურობის  სინდრომი თავის თავში ინტელექტუალურ პრობლემებს არ მოიცავს, ეს ბავშვები ინტელექტის ქულით ტიპური განვითარების ბავშვებისგან არაფრით განსხვავდებიან. ისინი ანალოგიურად გადიან განვითარების ყველა საფეხურს, უბრალოდ უფრო მოგვიანებით.

თუ მშობელი  და პედაგოგი ინფორმირებული იქნება სინდრომისთვის დამახასიათებელ  პრობლემურ ნიშნებთან დაკავშირებით და ადრეული ასაკიდან მოხდება აღნიშნული სიმპტომების  სწორად მართვა… მაგ.თუ ადრეულ ასაკში, მშობელი მოახერხებს, რომ ბავშვს პერსონალური ასისტენტი აუყვანოს რომელიც ყველა იმ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება რომელიც მას აქვს, თუ სასკოლო ასაკში, მძიმე ფორმების დროს მედიკამენტით დავეხმარებით, თუ ბავშვში აღმოვაჩენთ ძლიერ მხარეებს და მიუხედავად ბევრი სირთულეებისა, ხელს შევუწყობთ განვითარებაში, რატომაც არა, რომ მათ მიაღწიონ წარმატებას, იყვნენ წარმატებული ადამიანები და გამორჩეული პიროვნებები.

შეიძლება თუ არა ალაგდეს ამ სინდრომისთვის დამახასიათებელი ნიშნები და  ზოგადად რა ზომებს უნდა მიმართონ მშობლებმა?

მინდა,რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი,რომ ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის  სინდრომის დროს საუბარი არ გახლავთ მხოლოდ, აქტიურ ან გადაღლილ ბავშვებზე, რომლებმაც დღეს ყურადღების მობილიზება ვერ შეძლეს, ან იცელქეს…აღნიშნული სინდრომი გახლავთ სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებით დადგენილი დიაგნოზი,რომელსაც ჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი მართვა, დაწყებული მცირე ასაკიდან, დასრულებული ზრდასრული ასაკით.

უმნიშვნელოვანესია, მშობელმა იცოდეს, როგორ ჩაერიოს, ვის მიმართოს, რა ღონისძიებებით დაგეგმოს თავისი შვილის მომავალი. თუ სასკოლო ასაკში მართვის კუთხით უპირატესობას ვანიჭებთ მედიკამენტოზურ ჩარევას, ბიჰევიორული ანუ ქცევითი ტექნიკების გამოყენებასთან ერთად, წინა სასკოლო ასაკში ჩვენ მედიკამენტებზე არ ვსაუბრობთ. ამ დროს აქტუალურია მშობლის ფსიქო განათლება და ქცევითი ტექნიკების აქტიური  გამოყენება. ასაკის მატებასთან ერთად პრიორიტეტი  აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაზე ზრუნვას ენიჭება.მშობელს ეძლევა რეკომენდაცია აკადემიური პედაგოგის აყვანაზე, პერსონალურ ასისტირებაზე, როდესაც გავუწერთ ბავშვს დღის სტრუქტურას, დავეხმარებით დროის მენეჯმენტში, მასთან ერთად შევიმუშავებთ სწავლების სპეციალურ ტექნიკებს(მაგ.საათის გამოყენება, წახალისების და მოტივაციის ამაღლებისთვის “ჟეტონების“პრონციპი.საშინაო დავალებების მცირე დავალებებად დაყოფა,  შემოწმება, სანამ ახალზე გადავა.დროის გარკვეული მონაკვეთის განსაზღვრა და ბავშვისთვის ჩვენება თუ რა რაოდენობის დავალების/სამუშაოს შესრულება შეუძლია დროის ამ მონაკვეთში) ასევე ადექვატურად მოვაწყობთ მათ ინდივიდუალურ გარემოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, რა გარემოში უწევს ბავშვს მეცადინეობა. თუ ოთახი არის ძალიან დიდი, ბევრი ფანჯრით, ხმაურიანი,  ჩართული იქნება ელექტრული მოწყობილობები და ოთახში ბევრი ადამიანი იტრიალებს, ბუნებრივია, ასეთ გარემოში ბავშვს მეცადინეობა გაუჭირდება. მაგრამ თუ მოვუწყობთ ადექვატურ გარემოს, ბავშვს პრობლემებიც მინიმალური ექნება.

 

გენეტიკურია თუ შეძენილი ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობისა სინდრომი?

ამ კითხვაზე პასუხი კიდევ ერთხელ დაგვეხმარება იმაში, რომ დავარღვიოთ ნეიროგანვითარებით დარღვევებთან დაკავშირებული მითები.ძალიან დიდ პროცენტში ამ დიაგნოზს მემკვიდრული  წინასწარგანწყობა უდევს საფუძვლად.მხოლოდ 3-7 %-ის შემთხვევაში შეიძლება იგი დაბადების შემდგომ შეიძინოს ადამიანმა.უხშირესად აღნიშნული დიაგნოზს ოჯახური ანამნეზი აქვს.ძალიან ბევრი კვლევით გენეტიკურ წინასწარგანწყობასთან ერთად აუცილებლად განიხილავენ რისკ ფაქტორების არსებობას.

აქვე უნდა ვისაუბროთ სქესობრივ გადანაწილებაზე, ითვლება, რომ თითქოს ბიჭებში უფრო ხშირია ეს პრობლემა, მაგრამ ზოგიერთი თანამედროვე კვლევა ამტკიცებს,რომ სქესთა შორის მნიშვნელოვანი განსვლა არ არსებობს. უბრალოდ გოგონების შემთხვევაში მეტად არის გამოხატული ყურადღების დეფიციტი ვიდრე ჰიპერაქტიურობა და ამიტომაც არ ქმნის პრობლემას მათი დიაგნოზი იმ სოციუმისთვის, რომელშიც ისინი არსებობენ. სწორედ ამ მიზეზით ძალიან ბევრი  გოგონას პრობლემა  პრაქტიკულად შეუმჩნეველი რჩება.

ამ დიაგნოზის ეტიო-პათოგენეზში გენეტიკურ წინასწარგანწყობასთან ერთად ხშირად მიანიშნებენ ისეთ რისკ- ფაქტორებზე როგორიცაა: ორსულობისას დედის მხრიდან სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება, ასევე ორსულობის და მშობიარობის გართულებები:დღენაკლულობა და დაბალი წონის ახალშობილი. დიდი რაოდენობის ტყვიის კონცენტრაცია გარემოში…

რა ტიპის დარღვევას ჰგავს სიმპტომურად ჰიპერაქტიურობის და ყურადღების დეფიციტის სინდრომი?

ძალიან ხშირად ჩვენთან კონსულტაციაზე მოყავთ ბავშვები ერთადერთი ჩივილით, რომ ადგილი აქვს ქცევის დარღვევას სკოლაში, სახლის გარემოში, ან აქვთ აკადემიური მოსწრების პრობლემა, ადვილად გაღიზიანებადობა, მაშინ, როდესაც ძალიან კარგად შეკრებილი ანამნეზის შედეგად, ჩვენ ვახერხებთ დიფერენციაციას, რა მთავარი პრობლემა უდევს საფუძვლად ჩამოთვლილ სიმპტომთა ერთობლიობას.

ამ სინდრომზე საუბრისას ერთმნიშვნელოვნად არ უნდა გამოგვრჩეს: ვისაუბროთ ემოციურ დისრეგულაციაზე, რომელიც ამ დიაგნოზის ყველაზე პრობლემური მახასიათებელია. სწორედ ამ პრობლემის გამო ისინი ხშირად ექცევიან იზოლაციაში და უჭირთ ასაკობრივი ურთიერთობები თანატოლებთან.ბავშვმა, თანატოლმა შეიძლება გაპატიოს უყურადღებობა, გულმავიწყობა, შეიძლება აიტანოს შენი ჰიპერაქტიურობა, ბევრი ლაპარაკი, მაგრამ თანატოლს არ უყვარს აგრესიის გამომხატველი სხვა თანატოლი, შესაბამისად ეს იწვევს ძალიან ბევრ პრობლემას თანატოლებთან ურთიერთობის და ჩართულობის თვალსაზრისით.

ვფიქრობ, ყველა  ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ოდნავ მეტად დააკვირდებიან მშობლები და მიაქცევენ ყურადღებას : მხოლოდ მოჭარბებულად აქტიურობა უქმნით მათ შვილებს  პრობლემებს,თუ პარალელურად აქვთ კასკადი პრობლემების, რომლებსაც ყურადღების მიქცევა და ადეკვატური მართვა სჭირდება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები