ზოდიაქოს ნიშნების სასიყვარულო გატაცებები, სურვილები და მოთხოვნილებები - „ასტრომაგია“

9 ივლისს საავტორო გადაცემაში „ასტრომაგია“, რომელიც სიყვარულს მიეძღვნა, სოფია ბზეკალავამ ზოდიაქოს ნიშნების სასიყვარულო გატაცებებზე, მათ სურვილებსა და მოთხოვნილებებზე ისაუბრა.

ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) 

მართალია, ვერძი, ლომი და მშვილდოსანი ცეცხლის სტიქიას წარმოადგენენ, მაგრამ განსხვავებულ ჯვრებს მიეკუთვნებიან – ვერძი კარდინალური ჯვარია, ლომი – ფიქსირებული, მშვილდოსანი კი, მუტაბელური, ამიტომ მოთხოვნილებებიც სრულიად განსხვავებული აქვთ.

ვერძი –  ცეცხლოვან ვერძს მუდმივად ახალი ემოციები სჭირდება, რადგან სწრაფად ბეზრდება რუტინა და მონოტონური ცხოვრება. თუ თქვენი პარტნიორი ვერძია, ეცადეთ რომანტიკა შეინარჩუნოთ ურთიერთობაში, იყოთ სპონტანური და გაანებივროთ რჩეული სიურპრიზებით. სხვათაშორის, ჩხუბი და აყალ-მაყალი ზოდიაქოს ამ ნიშანსთვის  ჩვეულებრივი ყოველდღიურობა და ერთგვარი დოპინგია, თუმცა ერთი სული აქვს, როდის შეურიგდება პარტნიორს და ყოველთვის ემოციურად მოითხოვს სიყვარულის მტკიცებას, რადგან თვითონაც ვულკანივით სჩვევია გრძნობების ამოფრქვევა. ამასთანავე, რაც უფრო მიუწვდომელია პარტნიორი, მით უფრო მომხიბვლელია ის მონადირე ვერძისთვის. ასტროლოგები ხუმრობენ კიდეც, რომ მას, ვისაც ვერძზე შთაბეჭდილების მოხდენა სურს, აუცილებლად გულგრილობა უნდა გამოიჩინოს, რადგან მხოლოდ ასე შეძლებს მისი დაინტერესება.

ლომი – ფიქსირებული ჯვრის წარმომადგენელ ლომს ხარისხი ურჩევნია რაოდენობას და შესაფერისი პარტნიორის მოძიების შემთხვევაში, არასდროს იხარჯება უსარგებლო, არაფრისმომცემ გატაცებებზე. მართალია, ლომს ძალიან უყვარს ფლირტი, მაგრამ ყოველთვის გულით ცხოვრობს და განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევა. ასე რომ მას, ვინც ლომის გულის მონადირებას შეძლებს, ნამდვილად არ ექნება ღალატის შიში, მთავარია, ყურადღებით გაანებივროს და აგრძნობინოს, რომ მის მეტი არავინ სჭირდება.

მშვილდოსანი – მართალია, ცვალებადი ხასიათის მშვილდოსანი ყველასგან უპირობო ნდობას მოითხოვს, მაგრამ თვითონ შეხედულებებსაც ისევე სწრაფად იცვლის, როგორც პარტნიორებს, ყოველ ახალ ურთიერთობაში დარწმუნებულია, რომ ერთადერთ სიყვარულს მიაგნო, თუმცა სწრაფად კარგავს ინტერესს და აზარტით ებმება ახალ თავგადასავლში, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სხვებზე ხშირად ანგრევს ოჯახს.

მიწის სტიქიის წარმომადგენლები (კურო, ქალწული, თხის რქა) 

ასტროლოგების აზრით, მიწის ნიშნები ყველაზე ერთგულები არიან, ამიტომ, ვისაც სტაბილური, მშვიდი და მყარი ოჯახის შექმნა სურს, სწორედ მათ უნდა დაუკავშიროს ბედი. თუმცა, მიწის ნიშნებიც სხვადასხვა ჯვრებს წარმოადგენენ – კურო ფიქსირებული ჯვარია, ქალწული – მუტაბელური, თხის რქა კი, კარდინალური.

კურო – სტაბილურობის მოყვარული კურო, ყოველთვის მიღწეულის შენარჩუნებას ცდილობს, ნაკლებად იტაცებს ფლიორტი, შემთხვევითი კავშირები და რომანტიკული თავგადასავლები.

ქალწული – ერთგული და საიმედო ქალწული არც საკუთარ თავს აძლევს ღალატის უფლებას, არც პარტნიორს პატიობს სიცრუეს, ერთხელ ქმნის ოჯახს და მთელი ცხოვრება მისი ერთგული რჩება.

თხის რქა – თავშეკავებულ, სიტყვაძუნწ თხის რქას ნაკლებად ახასიათებს საკუთარ გრძნობებზე საუბარი, რადგან სიყვარულს ყოველთვის საქმით ამტკიცებს, არასდროს ისვრის სიტყვებს ჰაერში და ყოველთვის პირნათლად ასრულებს საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებას.

ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები (ტყუპები, სასწორი და მერწყული) 

ყველაზე კომუნიკაბელურ, ურთიერთობის მოყვარულ ჰაერის ნიშნებს პირველ რიგში, კარგი მეგობარი, თანამოაზრე სჭირდებათ, ვისთანაც მარტივად გამონახავენ საერთო ენას და ყოველთვის შეძლებენ საინტერესო დიალოგის გამართვას. ამიტომ გასაკვირი არაა, მყარ ოჯახსაც სწორედ მეგობრებთან ქმნიან. თუ თქვენი პარტნიორი ამ სტიქიას მიეკუთვნება, მაშინ თქვენც კომუნიკაბელურობა მოგეთხოვებათ, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია მისი მოხიბვლა და ინტერესის დიდი ხნით შენარჩუნება. მართლია, ჰაერის ნიშნები დიდ ყურადღებას აქცევენ რჩეულის გარეგნობას, მაგრამ მათთვის ბევრად მნიშვნელოვანია მისი  განათლება და ერუდიცია.

ტყუპები – მოუსვენარ, მრავალმხრივ განვითარებულ ტყუპებს ცვალებად ხასიათთან ერთად გეგმები და პრიორიტეტებიც ხშირად ეცვლებათ. მართალია, ბევრს ზოდიაქოს ამ ნიშანზე მცდარი წარმოდგენა აქვს და ძალიან თავქარიანი, ზედაპირული ჰგონია, მაგრამ სინამდვილეში, ტყუპები ყველაფერს ამჩნევენ, უბრალოდ არ თვლიან საჭიროდ ყველაფრის ხმამაღლა თქმას. მართალია, ურთიერთობაში ნაკლებად საიმედო არიან, მაგრამ მათთან ყოველთვის სასიამოვნო და კომფორტულია ურთიერთობა, რადგან არასდროს ამძიმებენ სხვებს საკუთარი პრობლემებით, არ ეჭვიანობენ და არასდროს ზღუდავენ პარტნიორის თავისუფლებას.

სასწორისთვის – აკურატული და ყოველთვის მოწესრიგებული სასწორი, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარ გარეგნობას, პარტნიორსაც ყოველთვის კრიტიკულად აფასებს, როგორც ასტროლოგების მტკიცებით, ყველაზე სნობი ზოდიაქოს ნიშნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტატუსი და იმიჯი. მართალია, სასწორს ძალიან უყვარს ფლირტი, რაც ბუნებრივი შარმისა და საოცარი ქარიზმის წყალობით ყოველთვის კარგად გამოსდის, მაგრამ მფარველი სატურნის გავლენით, ყოველთვის თანდაყოლილი მორალური პრინციპებით ხელმძღვანელობს და არასდროს ღალატობს პარტნიორს.

მერწყული – თავისუფლებისმოყვარე მერწყულს ცოტა თუ აიძულებს გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას, თუმცა თუ მსგავსი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება გაბედა, მაშინ სამუდამოდ პარტნიორის ერთგული იქნება. ზოდიაქოს ეს ნიშანი არასდროს ცდილობს სხვას მორგებას და ყოველთვის ისეთად მიღებას მოითხოვს, როგორიც სინამდვილეშია, თუმცა არც თვითონ ზღუდავს პარტნიორის თავისუფლებას, რადგან თვლის, რომ ყველას საკუთარ ნებაზე, საკუთარი სურვილებით აქვს ცხოვრების უფლება. მერწყულის სიყვარულის მოპოვება, მასთან მყარი ოჯახის შექმნა, მხოლოდ მეგობრობით შეიძლება, რადგან მას გრძნობის გამოცდა, ურთიოერობის სიმყარეში დარწმუნება სჭირდება, რათა ბოლომდე ენდოს პარტნიორს.

წყლის სტიქიის ნიშნები (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) 

ამ სტიქიის ნიშნები განსაკუთრებული ემოციურობით, მგრძნობიარობით გამოირჩევიან, ამიტომ ურთიერთობაშიც ყოველთვის მძაფრ შეგრძნებეს ეძებენ, მით უფრო, რომ საოცრად ეჭვიანები და მესაკუთრეები არიან. სხვების მსგავსად ზოდიაქოს ეს ნიშნებიც განსხვავებულ ჯვრებს წარმოადგენენ – კირჩხიბი კარდინალური ჯვარია, მორიელი – ფიქსირებული, თევზები კი, მუტაბელური.

კირჩხიბი – მესაკუთრე და ეჭვიან კირჩხიბს ყველაფრის დრამატიზირება და ემოციების ისტერიულად გამოვლენა უყვარს, რადგან სულ პარტნიორის დაკარგვის შიში აქვს. ასე რომ, თუ თქვენი რჩეული კირჩხიბია, ნუ დაიზარებთ და ხშირად შეახსენეთ, რომ არსად აპირებთ გაქცევას და ყოველთვის მის გვერდით იქნებით.

მორიელი – საოცრად ეჭვიან მორიელს ყველაფრის, მათ შორის ადამაინების მისაკუთრება ახასიათებს, თუმცა თვითონაც მთელი გულით, სამუდამოდ შეუძლია შეყვარება, რადგან ვერასდროს ივიწყებს ძველ პარტნიორს. სხვათაშორის, მორიელი ერთ-ერთი ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშანია, რომელაც ბრწყინვალედ გამოსდის მანიპულირება, ამიტომ ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობს პარტნიორის ემოციურად და ფინანსურად დამორჩილებას.

თევზები – მუტაბელურ თევზებს ზედმეტად რბილი ხასიათი აქვთ, თუმცა გონიერი, ჭკვიანი ნიშანია და ყოველთვის ფილოსოფიურად განიხილავს ცხოვრებას. ურთიერთობაში თევზები სულიერ კავშირს ეძებენ, ხშირად ანაცვალებენ საკუთარ სურვილებს პარტნიორის ინტერესებს და არც სიყვარულისთვის საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვას ერიდებიან.

გადაცემის აუდიოჩანაწერი