რა არის გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა და როდის ისმება აღნიშნული დიაგნოზი, რა ტიპის პრობლემაა პანიკური შეტევა, რას ნიშნავს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა და რამდენად საშიშია ზემოთ აღნიშნული მდგომარეობები, როდის არის საჭირო ფსიქოლოგის და ფსიქიატრის დახმარება, რატომ იმატა საზოგადოებაში ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ სათემო სერვისის ხელმძღვანელმა, ფსიქიატრმა – თამარ ალადაშვილმა ისაუბრა.
ქალბატონო თამარ, რა ტიპის დიაგნოზია გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა და როდის ისმება ის?
შფოთვა ეს არის ფიზიოლოგიურ-ფსიქოლოგიური დისტრესის კომბინაცია, ანუ ნაზავი, რომელიც შეიძლება იყოს ერთჯერადი, რაც აბსოლუტურად მისაღებია და შეიძლება იყოს, პათოლოგიური, რამაც შეიძლება, რომ შფოთვითი აშლილობის სახე მიიღოს. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა შფოთვითი აშლილობის ერთ-ერთი სახეობაა.
მოკლედ განვმარტავ, თუ რანაირად გვემართება შფოთვითი აშლილობა და თუ რა მექანიზმები ირთვება ამ დროს. ზოგადად, ჩვენს ორგანიზმში კოდირებულია თვითგადარჩენის ინსტინქტი და თვითგადარჩენის პროგრამა და ამას ჩვენს ტვინში შიშის ცენტრი აკონტროლებს. არის ასეთი პატარა ნაწილი – ამიგდალა, საიდანაც დანარჩენ ნაწილებს გადაეცემა საფრთხის შესახებ ინფორმაცია. აქ არის ჩართული ჩვენი პრეფრონტალური კორტექსი, ანუ ქერქი, ასევე ჰიპოთალამუსი, ჰიპოკამპუსი და ა.შ. ამ ყველაფრის დასკვნითი ნაწილი არის ის, რომ ჩვენს თირკმელზედა ჯირკვალში გამომუშავდება ნორეპინეფრინი, სტრესის ჰორმონი, რომელიც გვეხმარება, რომ საფრთხეს ვუპასუხოთ ორი შესაძლო რეაქციით, გაქცევით და ისე გადარჩენით ან დარჩენით და ბრძოლით. რეალური საფრთხის დროს, დამეთანხმებით, რომ კოდირებული პროგრამის გარეშე მართლაც ვერ შევძლებდით გადარჩენას, თუმცა, ხანდახან არის, რომ გარემო სტრესორი ან ფაქტორი იხსნება, მაგრამ ეს მექანიზმი, როგორც ოთახში დარჩენილი სინათლე, ისე რჩება ჩართული და ქმნის შფოთვითი აშლილობის მდგომარეობას. ვახსენე, ფიზიოლოგიურ-ფსიქოლოგიური დისტრესი, იმიტომ რომ შფოთვა განსხვავდება, მაგალითად, ფობიებისგან, რადგან ფობიის დროს ის მაინც ვიცით, კონკრეტულად რის გვეშინია, ვახდენთ ჩვენი საფრთხის ობიექტის ვიზუალიზაციას და ეს გარკვეული და ჩამოყალიბებული გვაქვს. შფოთვის შემთხვევაში არის განგაშის შეგრძნება, რომელსაც ახსნას ვერ უძებნი, ვერ ხსნი, თუ რის გეშინია. ამ დროს არის მოსალოდნელი ცუდის შეგრძნება და განგაში. ეს დაძაბულობა დიდ დისტრესთან ასოცირდება და გარდა ამ ფსიქოლოგიური დაძაბულობისა, შფოთვითი აშლილობის დროს ყველაზე შემაწუხებელი არის სხვადასხვა ფიზიოლოგიური გამოვლინებებიც, ოფლიანობა, ხელების კანკალი, გულისცემის გახშირება, სუნთქვის გახშირება, რასაც იწვევს ზემოთ აღნიშნული სტრესჰორმონი, რომელიც სხვა დროს, რეალური საფრთხისას გადარჩენაში გვეხმარება, ხოლო შფოთვითი აშლილობის დროს პირიქით, კიდევ უფრო გვიმატებს განსაცდელს ამ ფიზიოლოგიური გამოვლინებების სახით.
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი ისმება მაშინ, როდესაც ადამიანს ეს შფოთვითი ფსიქოლოგიურ-ფიზიოლოგიური კომპონენტი გამუდმებით აწუხებს 6 თვეზე მეტხანს.
პანიკური აშლილობა, პანიკური შეტევები შფოთვითი აშლილობის ნაწილს წარმოადგენს თუ ცალკე მდგომი პრობლემაა?
პანიკური აშლილობა შფოთვითი აშლილობის ერთ-ერთი სახეობაა. განსხვავებით გენერალიზებული აშლილობისგან, მას ახასიათებს დაახლოებით 5-10 წუთიანი პანიკური შეტევების მონაკვეთი. ბოლო პერიოდში, ძალიან ხშირად მსმენია, რომ ამბობენ, პანიკური შეტევა მქონდაო, მაგრამ ის, რასაც აღწერენ, პანიკური შეტევა არ არის. როგორც გითხარით, პანიკური შეტევა არის 1, 10, 15 წუთიანი ეპიზოდები, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანს ნახევარი საათის მანძილზე ტანჯავდა ასეთი შემთხვევა. ეს არის განგაშის იგივე მექანიზმები და იგივე ნეირომედიატორები, იგივე ნივთიერებები, თავის ტვინის იგივე ნაწილებია ჩართული პროცესში, თუმცაღა პანიკური შეტევა უფრო მძაფრად აღიქმება, ვიდრე ნონსტოპ რეჟიმში არსებული გენერალიზებული შფოთვა, რადგან ის მაინც გარდამავალია. პანიკური შეტევის დროს უფრო გამძაფრებულად ხდება ფიზიოლოგიურ სიმპტომთა კომპლექსის ჩამოყალიბება. ამასთან ერთად არის ძალიან გამოხატული შიშის შეგრძნება, რომ ადამიანმა პანიკური შეტევის დროს არ დაკარგოს კონტროლის შეგრძნება. არ მიყვარს ეს ტერმინი, მაგრამ როგორც პაციენტები უწოდებენ, აქვთ გაგიჟების შიში და რაც ყველაზე ცუდია, პანიკური შეტევის დასრულების შემდეგ, ადამიანი წინასწარ ღელავს იმაზე, რომ მსგავსი რამ შეიძლება, მომავალშიც განმეორდეს და ეშინიათ სამსახურში, თავყრილობებში წასვლის, რომ იქ არ განუვითარდეთ პანიკური შეტევა.
განვმარტოთ, თუ რას ნიშნავს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა…
ობსესიები განიმარტება, როგორც განმეორებადი, აკვიატებული, შემაწუხებელი აზრები, ხოლო კომპულსიების განმარტება არის განმეორებადი, შემაწუხებელი ქმედებები, რომელიც მოსდევს ან არ მოსდევს (გააჩნია მდგომარეობას) ზემოთ აღნიშნულ შემაწუხებელ აზრებს.
დღესდღეობით, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დიაგნოზს ბევრი თავად ისვამს ხოლმე და არ ვიცი, რატომ გახდა ასეთი პოპულარული საკუთარი თავის ე.წ. „ლეიბლინგი“ სხვადასხვა დაავადებებით. ნუ დაუსვამთ საკუთარ თავს დიაგნოზს.
შეიძლება, ადამიანს ცალკეული, იზოლირებული სიმპტომის სახით აწუხებდეს ობსესია და შეიძლება, რამდენიმე სახის ობსესიაც ჰქონდეს, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, გავავლოთ ზღვარი დარღვევას, აშლილობასა და სიმპტომის ქონას შორის. ყველა სადიაგნოსტიკო სახელმძღვანელოს მიხედვით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც აშლილობის დიაგნოზი ისმება, ეს არის დისფუნქცია, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულში და ზოგადად, ცხოვრების რამდენიმე სფეროს დაზიანების და დაშავების მიხედვით, რაც სიმპტომთა არსებობის გამო ხდება.
სტუდენტები ხშირად მეკითხებიან, ძალიან ხშირად ვამოწმებ კარს, გადავკეტე თუ არა და არის თუ არა ეს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობაო და ამიტომ არის მნიშვნელოვანი გავავლოთ ხაზი. შეიძლება, მე წესრიგის ობსესია, ანუ ყველაფრის მოწესრიგებულად დაწყობის აკვიატებული აზრები მქონდეს, მაგრამ განვმარტოთ, თუ როდის არის ეს აშლილობა და როდის არ არის… თუ ამ ჩემი პირადი ნივთების ორგანიზება და მაგიდაზე დაწყობა იმდენ დროს არ მართმევს, რომ არ მაგვიანებს სამსახურში, პაემანზე, არ მიცვლის რაღაცას ძალიან უარყოფითად, ამ შემთხვევაში მე შემიძლია, ძალიან მშვიდად ვიცხოვრო ჩემს ობსესიასთან ერთად, მაგრამ მაგალითად, თუ მე ეს ყველაფერი მაგვიანებს გამოცდაზე, რადგან მგონია, რომ სანამ იმ რიტუალს არ დავამთავრებ, გამოცდას ვერ ჩავაბარებ, ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აშლილობაა.
რაც შეეხება ობსესიის სახეობებს, ობსესიის გავრცელებული ფორმებია, მაგალითად, კონტამინაციის, დაბინძურების აკვიატებული შიში. გვეშინია, რამეს რომ შევეხებით, რამე ინფექცია არ გავრცელდეს ორგანიზმში, რასაც, როგორც წესი, მოსდევს ხოლმე კომპულსია, ანუ აკვიატებული ქმედება, ან სანიტაიზერის ზღვარგადასული ხმარების სახით ან ხელების გაუთავებლად დაბანის სახით. ხშირია ასევე, როგორც წეღან ვახსენე, ნივთების სპეციფიკურად დაწყობის, მოწესრიგების აკვიატებები, გადამოწმების და შემოწმების ობსესიები, როცა ვამოწმებთ ჩავკეტეთ თუ არა საკეტი, გამოვრთეთ თუ არა სინათლე, გაზქურა და ა.შ. , რაც მეტ-ნაკლებად, შედარებით უვნებელია. ობსესიების ყველაზე ცუდი ვარიანტი ეს არის რელიგიური შინაარსის ობსესიები, მაგალითად, როცა ადამიანს უჩნდება აზრი, ლოცვის დროს რაიმე არ წამოსცდეს ან ფიქრად არ გაივლოს და ამით ცოდვა არ დაიმატოს და ინტრუზიული, შემოჭრილი, თავსმოხვეული უსიამოვნო აზრები, რომ რაიმე ამორალური ან არალეგალური არ ჩაიდინოს. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს, როგორც წესი, კომპულსიები არ მოჰყვება ხოლმე, მაგრამ ეს იმდენად მტანჯველია ადამიანისთვის, რომ სასურველია ამ დროს სპეციალისტს მიმართოს.
აკვიატებული შიშები, მაგალითად, დაავადებების, სიკვდილის, შვილებთან დაკავშირებული შიშები და ა.შ. , რაც ნამდვილად მტანჯველია ადამიანისთვის, არის თუ არა იმ ტიპის მდგომარეობა, რომელიც შეიძლება ფსიქიკურ პრობლემას მივაწეროთ და რომელიც აუცილებლად საჭიროებს ექიმი-ფსიქიატრის მკაცრ ზედამხედველობას?
ზოგადად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შფოთვითი აშლილობის მაჩვენებელი ნამდვილად მომატებულია. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შფოთვები ორ ვარიანტად შეიძლება განიხილოს. მაგალითისთვის, შეიძლება, ადამიანს რეალურად ჰქონდეს რაღაც სიმპტომი და ეს სიმპტომი კონკრეტული დაავადებით იყოს გამოწვეული და მას დასმულიც ჰქონდეს იმ დაავადების დიაგნოზი, მაგრამ ის მაინც არ ჯერდებოდეს ამ ინფორმაციას და სხვა, უფრო სერიოზულ მიზეზს ეძიებდეს. შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს შაკიკი, მაგრამ ის არ ჯერდებოდეს დასმულ დიაგნოზს და ფიქრობდეს, ხომ არ აქვს სიმსივნე თავის ტვინში და ამას ეძიებდეს. შეიძლება, ჩატარებული ჰქონდეს უამრავი კვლევა, მაგრამ მაინც ეძიებდეს ისეთ, რამეს რაც არ შეესაბამება მის დიაგნოზს და რაც ბევრად უფრო მძიმეა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შფოთვების მეორე შემთხვევაა, ის რასაც წარსულში იპოქონდრიას ეძახდნენ. როდესაც ადამიანს სიმპტომიც კი არ გაქვს, მაგრამ მაინც რაღაცებს ეძებ.
საშიშია ასეთი მდგომარეობა?
სასიცოცხლოდ საშიში ნამდვილად არ არის, მაგრამ წარმოიდგინეთ, რამდენ ფინანსებთან არის დაკავშირებული ექიმიდან ექიმთან სიარული.
ასეთი შფოთვების დროს ორნაირი ქცევა არსებობს ხოლმე… ერთ შემთხვევაში, ადამიანი ან გაუთავებლად ექიმიდან ექიმთან დადის, უამრავ კვლევას იკეთებს და მაინც არ სჯერდება იმ პასუხს, რომ არაფერი სჭირს ან პირიქით, თავს არიდებს ანალიზების გაკეთებას და ექიმების ხსენებაც კი არ უნდა. ეს ორივე შემთხვევაში დისტრესთან არის დაკავშირებული, პირველ შემთხვევაში არა მხოლოდ ფსიქოლოგიურთან, არამედ ფინანსურთანაც და მეორე შემთხვევაში, როდესაც ადამიანი თავს არიდებს კვლევებს და ექიმებთან სიარულს, ამ ფონზე ის საკუთარ თავში იკეტება, ხდება სოციალური იზოლირება, მას არაფერი აღარ უხარია და ა.შ.
როგორც უკვე გითხარით, შფოთვითი აშლილობები სასიცოცხლოდ საშიში არ არის, თუმცა საკმაოდ არასასიამოვნოა.
ადამიანები ხშირად აღნიშნავენ, რომ აქვთ დეპრესია, თავად ისვამენ ასეთ დიაგნოზს ისე, რომ ფაქტობრივად, არც იციან ზუსტი განმარტება. რეალურად, რას გულისხმობს დეპრესია და როდის ისმევა აღნიშნული დიაგნოზი?
ძალიან ხშირად გამიგონია ფრაზა „დღეს ისეთი დეპრესიული ვარ“, „დღეს დეპრესიული“ ცოტა ოქსიმორონია, რადგან ერთ დღიანი დეპრესია, როგორც წესი, არ არსებობს. ერთი დღით შეიძლება ვიყოთ მოწყენილები, ზომაზე მეტად სევდიანები… დეპრესიას არქმევენ ხოლმე მწუხარების ან გლოვის რეაქციას, რაც აბსოლუტური ნორმაა საყვარელი ადამიანის, ოჯახის წევრის დაკარგვისას. აქ მთავარია, რომ ეს გლოვა პათოლოგიურ რეაქციაში არ გადავიდეს და მერე არ გართულდეს დეპრესიით. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დანაკარგზე ასეთი რეაგირება, აბსოლუტურად, ლოგიკურად ახსნადია.
რაც შეეხება დეპრესიას, დეპრესია – ეს არის პათოლოგიურად დაქვეითებული გუნება-განწყობა და იმისთვის, რომ დეპრესიული ეპიზოდის დიაგნოზი დავსვათ, ეს ყველაფერი მინიმუმ ორი კვირა უნდა მიმდინარეობდეს. დეპრესიას პათოლოგიურად დაქვეითებული გუნება-განწყობის გარდა, ისეთი კლინიკური მანიფესტაციები უნდა ახასიათებდეს, როგორიცაა ძილის და მადის დარღვევა, გადახვევა ჩვეული პატერნიდან. ხალხი მიიჩნევს, რომ დეპრესიის დროს აუცილებლად უნდა დაგვიქვეითდეს მადა და გავხდეთ ან პირიქით, აუცილებლად უნდა იყოს უძილობა, თუმცა აქ მთავარი კრიტერიუმი ნორმიდან გადახრაა. შეიძლება, მე დეპრესიის დროს, პირიქით, გამძაფრებული მადა, წონის მატება და მთელი დღის განმავლობაში გაძლიერებული ძილიანობა მქონდეს და სხვას – ჰქონდეს წონის კარგვა, გახდომა, უძილობა. დეპრესიის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია ასევე ანჰედონია, სიამოვნების განცდის დაკარგვა, ანუ როცა ადამიანს არაფერი აღარ სიამოვნებს, იგულისხმება, როგორც მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობა, ისე სამსახური და რომანტიკული ურთიერთობებიც კი. ეს ფაქტობრივად ყველაზე მტანჯველი განცდაა.
შეიძლება, რომ ეს ყველაფერი, აკვიატებული შიშები, შფოთვითი აშლილობა, დეპრესია ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ერთად არსებობდეს?
არსებობს ასეთი დიაგნოზი დეპრესიულ-შფოთვითი აშლილობა, როდესაც დეპრესიული სიმპტომატიკაც და შფოთვითი სიმპტომატიკაც ერთდროულად არსებობს. ასევე, დეპრესიის დროს, შეიძლება, რომ ერთ-ერთი თანმხლები სიმპტომი სწორედ შფოთვა იყოს.
ზემოთ აღნიშნული ჩივილების და პრობლემების დროს, როდის გვჭირდება ჩვენ ფსიქოლოგის და როდის ფსიქიატრის დახმარება?
პირდაპირ გაიდლაინებში წერია, რომ ფსიქოთერაპია შფოთვითი აშლილობის დროს ერთ-ერთი პირველი ინტერვენციაა. თუ ლაპარაკი გვაქვს ისეთ მეთოდზე, რომელიც არის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ეფექტურია და ნაცნობი ფსიქოლოგებისგან ხშირად მომისმენია, მისი მეშვეობით როგორ დააძლევინეს ადამიანს აკვიატებული, თუნდაც ინტრუზიული, თავსმოხვეული და უსიამოვნო ობსესიები. კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის დროს ორ კომპონენტზე ხდება მუშაობა. ერთი, ეს არის – კოგნიციის შეცვლა, ანუ ნეგატიური ფიქრებისგან განთავისუფლება და მეორე, ბიჰევიორული ნაწილი, რომელიც გვეხმარება, რომ ცუდი, დასწავლილი ჩვევებისგან გავთავისუფლდეთ და მათ ნაცვლად ახალი, სასარგებლო ჩვევები შევიძინოთ.
იმის გამო, რომ ადამიანებს ძალიან ხშირად ფსიქიატრის პროფესიის ხსენებისაც კი ეშინიათ, ურჩევნიათ, რომ წავიდნენ ოჯახის ექიმთან, ფსიქო-ნევროლოგთან, ნევროლოგთან, რადგან ამბობენ, რომ აქვთ ნევროზი. ასეთი დაყოფა ნევროზებად და ფსიქოზური რეგისტრის აშლილობებად დღეს არ ხდება და ნუ გვეთაკილება, რომ მივმართოთ ფსიქიატრს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კოლეგებს, ნევროლოგებს ოფიციალურად აქვთ რიგი დიაგნოზების მართვის და მკურნალობის საშუალება, მაინც სჯობს, რომ ეს ყველაფერი ფსიქიატრმა მართოს. ნუ გვექნება იმის კომპლექსი, რომ რადგან ფსიქიატრი დაგვჭირდა, ესე იგი ძალიან ცუდად არის საქმე. არავინ იცის, ვის, როდის, რა დახმარება დასჭირდება. გირჩევდით, რომ ვიზიტამდე აუცილებლად გადაამოწმოთ ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაცია. კვალიფიკაციური ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები თავად გვირჩევენ, როდის არის საკმარისი მხოლოდ საუბრითი თერაპია, როდის არის აუცილებელი მედიკამენტური ჩარევა და როდის არის საჭირო კომპლექსური მუშაობა.
რატომ იმატა შემთხვევებმა ფსიქიკური დიაგნოზების ნაწილში? გარემო პირობებმა, მომხდარმა ტრაგედიამ, გენეტიკურმა ფაქტორებმა თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული პრობლემები?
„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ სტატისტიკის მიხედვით, დეპრესიის და შფოთვითი აშლილობის მაჩვენებელმა ნამდვილად იმატა. ჯერ თავს დაგვატყდა პანდემია, მერე იყო სხვა ვირუსები, მაიმუნის ყვავილი, ჰონგ კონგის ვირუსი, რომლებიც გვაშინებდნენ. დამთავრებული არ იყო პანდემია და ომიც გაჩაღდა. შესაბამისად, გვაქვს მიზეზი იმის, რომ ვიყოთ დაძაბულები და ვიყოთ განგაშის რეჟიმში. ალბათ, ამან გამოიწვია შფოთვითი აშლილობების ხვედრითი წილის მომატება პოპულაციაში.
რაც შეეხება სხვა დაავადებებს, მაგალითად, ფსიქოზური რეგისტრის დაავადებებს, თუ ჩავთვლით, რომ იმატა მომართვიანობამ, ამ შემთხვევაში ვამბობთ, რომ ე.წ. ენდოგენური დაავადებების ხარჯზე, ნაკლებად. ჩემი კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ დაახლოებით 1-2 %, რაც იყო მსოფლიოში გავრცელება, ისევ იგივე რჩება შიზოფრენიის მაჩვენებელი, თუმცაღა იმატა ფსიქოზური აშლილობების და ზოგადად, ყველა სხვა ტიპის აშლილობების ხვედრითმა წილმა, რაც, სამწუხაროდ და საუბედუროდ, გამოწვეულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია ახლა ჩვენს ახალგაზრდებში, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ ზოგადად, გლობალური პრობლემაა. განსაკუთრებით საშიშია, ეს ქიმიურად გამოყვანილი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რადგან ისიც კი არ ვიცით, შიგნით რას უნდა ველოდოთ, რა მინარევი უნდა იყოს და როგორი შეუქცევადი დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს მან თავის ტვინში.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას გენეტიკურ მოწყვლადობასთან დაკავშირებით, ზოგადად, ყველაფერზე ითვლება, რომ კი, თუ ადამიანს აქვს გენეტიკური მოწყვლადობა, უფრო მეტად არის მიდრეკილი, უფრო მეტი შანსი აქვს, რომ სტრესის ან რაიმე ექსპოზიციის დროს, პრობლემა განუვითარდეს. აქაც ვერ დავდებთ თავს და ვერ ვიტყვით, რომ გენეტიკური მოწყვლადობა 100%-იანი გარანტია იმის, რომ ეს აუცილებლად დაგემართება. თუ ჩემი პირველი ხაზის ნათესავებს, მშობლებს ჰქონდათ დეპრესია, მე და თქვენ ერთდროულად დაახლოებით ერთი ხარისხის სტრესის მიმართ, რომ ვიყოთ ექსპოზირებულები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ეს აუცილებლად დამემართება, უბრალოდ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი შანსი მექნება, როგორც სხვა დაავადებების დროს. მაგალითისთვის, თუ მაქვს გენეტიკაში ონკოლოგიური დაავადებებისადმი მოწყვლადობა, ექიმები აუცილებლად მირჩევენ, რომ თამბაქოსგან ან სხვა მავნე ჩვევებისგან და კანცეროგენური აგენტებისგან თავი შევიკავო.
ზემოთ ვახსენე ამიგდალა და შიშის ცენტრი და ემოციური პასუხის განმკარგველი პატარა სხეულაკი თავის ტვინში და გამომრჩა, რომ მეხსენებინა ის ნეორომედიატორები, რომლებიც ჩართულია შფოთვის და დეპრესიის მექანიზმში. უპირველეს ყოვლისა ეს არის სეროტონინი, რომელიც ფაქტობრივად ბედნიერების ჰორმონია, ნორეპინეფრინი, სტრესის ჰორმონი და გამა-ამინო-ერბოსმჟავა (GABA), რომელიც ჩვენს სედაციაზე და დამშვიდებაზეა მომართული, თუმცაღა შფოთვითი აშლილობის დროს სამივე მათგანი ანომალიურ მდგომარეობაშია, რადგან ორგანიზმში მათი კონცენტრაცია და ბალანსი ირღვევა.
თუ ფსიქოთერაპიამ, ანუ საუბრითმა თერაპიამ ვერ მოახდინა შფოთვითი აშლილობების ან მსუბუქი დეპრესიის აღმოფხვრა, ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ მედიკამენტურ მკურნალობას მივმართოთ, ოღონდ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს თვითნებურად, სხვისი რჩევების ან ინტერნეტში ამოკითხული კომენტარების მიხედვით. ზოგჯერ ძალიან აბსურდული რჩევები არის ხოლმე, განსაკუთრებით ხალხური მედიცინის ჯგუფებში. ჯობია, რომ პროფესიონალს მიანდოთ თქვენი დანიშნულება.
ანტიდეპრესანტების შემთხვევაშიც განვმეორდები და ვიტყვი, რომ თუ მაგალითად, თქვენს მეზობელს მოუხდა რომელიმე ანტიდეპრესანტი, ეს არ არის იმის გარანტი, რომ თქვენც აუცილებლად მოგიხდებათ. უნდა მოერიდოთ თქვენით დანიშნულების მიღებას, რადგან ამას ბევრი უარყოფითი რამ შეიძლება ახლდეს. მაგალითისთვის, არსებობს პანიკური შეტევების და შფოთვითი აშლილობის მყისიერად მოსახსნელად დანიშნული პრეპარატები, ბენზოდიაზეპინები, რომლებიც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რადგან ზოგიერთი ადამიანი მათ ბოროტად მოიხმარს. ისინი საკმაოდ ეფექტურია და მართლა მყისიერად ხსნიან შფოთვას, თუმცა თავისი გვერდითი მოვლენები ახასიათებს, საკმაოდ საშიშია დამოკიდებულების მხრივ და მოხსნის სინდრომის მხრივ. სხვათა შორის, მოხსნის სინდრომი ანტიდეპრესანტსაც ახასიათებს და ამიტომ ვამბობ, რომ მზარდი დოზით დანიშვნა და კლებადი დოზით მოხსნა, სხვანაირად არ შეიძლება.
სანამ ფსიქიატრთან მივალთ, რა შეგვიძლია, რომ ჩვენი ძალებით გავაკეთოთ, რომ საკუთარ თავს დავეხმაროთ?
პანიკურ შეტევასთან საკუთარი ძალებით გამკლავება, ალბათ, ძალიან გაგვიჭირდება, თუმცაღა ამისთვის სხვადასხვა კულტურაში, განსაკუთრებით აზიურში, მოწოდებულია იოგა, სუნთქვითი ვარჯიშები, მაინდფულნესი. ზოგადად, ითვლება, რომ ფიზიკური დატვირთვა, იქნება ეს დილით სირბილი, თუ სპორტ დარბაზში წასვლა და ცოტა ხნით კარდიო ვარჯიშებით დატვირთვა, მსუბუქი დეპრესიის და შფოთვის დროს, ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, არც თუ ისე ცუდი მეთოდია. ასევე ამბობენ, რომ ცეკვას აქვს საკმაოდ კარგი და დადებითი ეფექტი. რიგ საკვებსაც ანიჭებენ მნიშვნელობას და დატვირთვას, ამბობენ, რომ კარგია და რაღაც პროცენტით განწყობის გაუმჯობესებაში გვეხმარება – შოკოლადი, ბანანი, კალიუმით მდიდარი საკვები და სხვა. მე და ჩემი კოლეგები ცოტა ხნის წინ ვკითხულობდით, რომ ყავის ან ჩაის ყველთან ერთად მირთმევა, ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონის, სეროტონინის გამომუშავებას. ასეთი პატარა ხრიკები გვახასიათებს საკუთარი თავის გასახალისებლად და ცხოვრების სტილის შეცვლა მსუბუქ შემთხვევებში ძალიან დამხმარე შეიძლება იყოს, თუმცა ისევ და ისევ უნდა ვთქვა, რომ პანიკურ შეტევასთან ასეთი მინიმალური ჩარევით, ვერაფერს გავხდებით და რომ საჭიროა, პროფესიონალს, ფსიქოთერაპევტს, ფსიქიატრს მივმართოთ.