LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარიებში მსოფლიოში ყოველწლიურად საშუალოდ 1,35 მილიონი ადამიანი იღუპება

SAFE-STRIP-750x450

ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად საშუალოდ 1,35 მილიონი ადამიანი იღუპება. ამის შესახებ ნათქვამია გლობალური საგზაო უსაფრთხოების შესახებ 2018 წლის ანგარიშში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიაციამ გამოაქვეყნა.

ამავე მონაცემების მიხედვით, ავარიები წამყვანია იმ მიზეზთა შორის, რის გამოც ბავშვები და ახალგაზრდები იღუპებიან.

„ეს დაუშვებლად მაღალი საფასურია, რომელსაც გადაადგილების მობილობისთვის ვიხდით. უმოქმედობას გამართლება არ აქვს. ეს არის პრობლემა, რომლის გადაწყვეტის გამოცდილი გზები არსებობს. ეს ანგარიში მთავრობებს მოუწოდებს, პრობლემის მოგვარების კიდევ უფრო აქტიური გზები ეძებონ,“ – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰან გებრეიესუსმა.

კვლევის თანახმად, ზოგიერთ საშუალო და მაღალგანვითარებულ ქვეყნებში გატარებულმა რეფორმებმა, ამ მხრივ, შედეგი გამოიღო და ეს ზოგად სურათს აბალანსებს.

„უსაფრთხოება გზებზე – ეს ის საკითხია, რომელიც ყველას ყურადღებას უნდა იმსახურებდეს, ეს არის მსოფლიოში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა. ჩვენ ვიცით პრევენციის რომელი გზებია უფრო ეფექტური: მკაცრი ზომები და ეფექტური აღსრულების მექანიზმები, ჭკვიანი გზები და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების ძლიერი კამპანიები, ამ ყველაფერს მომავალი ათწლეულის განმავლობაში, მილიონობით ადამიანის გადარჩენა შეუძლია,“ – აცხადებს მიშელ ბლუმბერგი, „ბლუმბერგის“ საქველმოქმედო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ელჩი.

რაც შეეხება პროგრესს, ის შემდეგი რეფორმებით განხორციელდა: უკეთესი კანონმდებლობა, სისწრაფესთან, სიმთვრალესთან, ღვედებთან, მოტოციკლეტისტების ჩაფხუტებთან და ბავშვების სავარძლებთან დაკავშირებით; უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, ისეთი როგორიცაა ტროტუარები და გამოყოფილი ზოლები ველოსიპედისა და მოტოციკლეტებისთვის; ავტომობილების სტანდარტის გაუმჯობესება, რომელიც უზრუნველყოფს სამუხრუჭე სისტემის მწყობრში ყოფნას და სხვა დეტალებს.

ანგარიშის მიხედვით, ამ ზომების გატარებამ, ხელი შეუწყო საგზაო მოძრაობის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებას 48 მაღალ და საშუალო განვითარების ქვეყანაში. სიკვდილის მაჩვენებლის შემცირება, არცერთ დაბალშემოსავლიან ქვეყანაში არ დაფიქსირებულა, რადგან აღნიშნული ზომები არ გატარებულა.

ფაქტია, რომ დაბალგანვითარებულ ქვეყნებში, საგზაო შემთხვევის შედეგად, გარდაცვალების რისკი სამჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მაღალშემოსავლიან ქვეყანაში.

სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მონაცემებია აფრიკაში და ყველაზე დაბალი ევროპაში. მეორეს მხრივ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია ამერიკაში, ევროპასა და წყნარი ოკეანის დასავლეთით.

ვინ იღუპება ავარიის შედეგად?

გლობალურად, ფეხით მოსიარულეები და ველოსიპედით მოსარგებლეები, ავარიის დროს დაღუპულთა 26%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი აფრიკაში 44%-ს შეადგენს, ხოლო ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 36%-ს.

მოტოციკლისტები და მგზავრები საგზაო მოძრაობის დროს დაღუპულთა 28%-ს შეადგენენ, თუმცა ზოგიერთ რეგიონში, აქაც უფრო მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

ნახეთ კვლევის ფარგლებში შექმნილი საფრთხის ვიზუალური ნაწილი ლინკზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g