საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ხელს უწყობენ „ავერსი ფარმას“, გააფართოვოს მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, IFC-ი „ავერსს“გამოუყოფს 13 მლნ. ევროს ოდენობის სესხს, რომელიც კომპანიის სამედიცინო დაწესებულებების ქსელის გაფართოებასა და ქვეყნის მასშტაბით მოწინავე სამედიცინო მომსახურების გაწევას მოხმარდება. EBRD-ი კი „ავერსს“ 5 მლნ. ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს კომპანიის განვითარებისთვის.
მათივე ინფორმაციით, აღნიშული სესხებით თბილისში მაღალი დონის ონკოლოგიური სერვისების განვითარება და თელავში ამბულატორიული კლინიკის მშენებლობა დაფინანსდება. ეს საფინანსო რესურსი ასევე გამოყენებული იქნება კლინიკებისთვის თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად. აღნიშნული მომსახურების დიდი ნაწილი იშვიათობას წარმოადგენს საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში.
“ხელმისაწვდომი მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საქართველოსთვის. ასეთი სამედიცინო მომსახურება ხელს უწყობს ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობას, ქვეყნის განვითარებას და სიღარიბის დაძლევას. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, ჩვენი კომპანია გეგმავს, საქართველოში ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას”, – აღნიშნა კომპანია ”ავერსის” დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ.
EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ კი აღნიშნა:
„ჩვენ მოხარულნი ვართ „ავერსთან“ წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებით. ეს პროექტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. EBRD-ი ცდილობს, საქართველოს მხარდაჭერას ეკონომიკური განვითარების ყველა მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანი პროექტი ასევე ნაწილია EBRD-ის სტრატეგიისა, რომელიც ადგილობრივ კომპანიებში ენერგოეფექტურობის, კონკურენტუნარიანობის, ინოვაციური პროდუქტების განვითარების და კორპორაციული მართვის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.“
„ავერსის“ მსგავსი კომპანიების მაგალითზე ნათლად ჩანს, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს კერძო სექტორმა ჯანდაცვის ინდუსტრიაზე განვითარებად ქვეყნებში. IFC განვითარებადი ქვეყნების კერძო ჯანდაცვის სექტორში მსოფლიოს უმსხვილესი საერთაშორისო ინვესტორია და კერძო კომპანიებს გრძელვადიან დაფინანსებასთან ერთად, მსოფლიოში დაგროვილ გამოცდილებას უზიარებს. ეს ხელს უწყობს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის და ცხოვრების დონის ამაღლებას ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა“, – განმარტა სამხრეთ კავკასიაში IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა იან ვან ბილსენმა.
როგორც ფარმაცევტულ კომპანიაში განმარტეს, „ავერსი“ ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესი დამსაქმებელია. კომპანიაში სრული განაკვეთით დაახლოებით 8,000 ადამიანი მუშაობს. გაფართოების შედეგად, კომპანიაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა მოსალოდნელი. ამ პროექტის ფარგლებში „ავერსი“ EBRD-ისგან (FINTECC კაპიტალის ზრდის პროგრამის ფარგლებში) ასევე მიიღებს 127 000 აშშ დოლარს გრანტის სახით, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს საავადმყოფოებში იზოლაციის, ეფექტური გათბობის, გაუმჯობესებული ვენტილაციის და შენობის მართვის სისტემები დაამონტაჟოს. 2015 წელს EBRD-იმ „ავერსის“ მარნეულის საავადმყოფოს გაფართოება და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს რემონტი დააფინანსა.