ავიაბილეთები გაძვირდა და ამ საფასო პოლიტიკის შენარჩუნება იგეგმება, – ამის შესახებ გადაცემაში „საქმიანი დილა“ GASA-ს დამფუძნებელმა გიორგი შენგელიამ ისაუბრა. როგორც მან განმარტა, რაც უფრო ნაკლებია რეისის დატვირთულობა მით უფრო ძვირდება ხარჯი, რათა კომპანიამ მოგებაზე გასვლა შეძლოს.
ამასთან, როგორც GASA-ს დამფუძნებელი ამბობს, საქართველოში ტრადიციულად მომუშავე ავიაკომპანიების მხოლოდ ნაწილი და ისიც გარკვეული შეზღუდვებით დაბრუნდა.
გიორგი შენგელიას თქმით, საავიაციო ბაზარზე მომხმარებლის ქცევაც შეიცვალა, რაც მათ შორის ბილეთის შეძენაშიც გამოიხატა. „ავიაბილეთის შეძენის და ფრენის დაგეგმვის ნაწილში დღეს დაახლოებით 15 წლის წინანდელი სიტუაციაა. მომხმარებლები უფრო ფრთხილები არიან და ავიაბილეთს ბოლო მომენტში ყიდულობენ, რადგან რისკია, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ იქ შესვლის წესები, ფრენის წინა დღეს შეცვალოს,” – განაცხადა შენგელიამ.
ცნობისთვის, GASA ანუ „ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი“ 2010 წელს დაფუძნდა. GASA მაშინვე გახდა Pegasus Airlines-ის გენერალური სავაჭრო აგენტი საქართველოში. გარდა ამისა, GASA ჩვენს ქვეყანაში Air Arabia-ს გენერალური სავაჭრო აგენტიცაა.