საქართველოში ავოკადოს პირველი მეურნეობა გაშენდა – ექსპერტების პროგნოზით, საქართველოში ავოკადოს მოყვანას მზარდი პოტენციალი აქვს იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა განაგრძობს სხვადასხვა სახეობის კვლევასა და ექსპერიმენტირებას, რათა მათი ადგილობრივ პირობებთან ადაპტირება მოხდეს.
როგორც east-fruit.com იუწყება, ქართულმა კომპანია „ჯეონათსმა“, გურიაში, ექვს ჰექტარზე, ავოკადოს პირველი კომერციული მეურნეობა გააშენა. პირველი მოსავლის აღება უკვე მომავალ წელს იგეგმება, თუმცა ავოკადოს პირველი მეურნეობა სრულ წარმოებაში მხოლოდ 4-5 წელიწადში ჩაეშვება.
„ცნობილია, რომ კომპანია „ჯეონათსმა“ ავოკადოს ნათესარები იტალიური Vivai Zanzi-სგან შეისყიდა. ნათესარებისა და ავოკადოს სახეობები საქართველოს კლიმატის გათვალისწინებით შეირჩა. ამ ეტაპზე, კომპანია პროექტის შესახებ დეტალებს არ ასაჯაროებს და ვერც საქართველოში ავოკადოს გაშენების სამომავლო პერსპექტივას აფასებს,“-აღნიშნულია east-fruit.com-ის სტატიაში.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბაზარზე, ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტში, ავოკადოს ყველაზე სწრაფად მზარდი პოზიცია უკავია. საექსპორტო ბაზრებზე იგი ბოლო დროის ყველაზე გაყიდვად პროდუქტებსაც კი უსწრებს, როგორიცაა: მოცვი, ალუბალი, მანგო, ან დურიო. მსოფლიო ბაზარზე ავოკადოს ექსპორტი, ყოველწლიურად, საშუალოდ 780 მილიონი აშშ დოლარით იზრდება.