ავსტრიის დედაქალაქ ვენაში სახლების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა შენიშნეს სამი მამაკაცი, რომლებიც საეჭვოდ იქცეოდნენ – ყურადღებით აკვირდებოდნენ სახლების კარებსა და ფანჯრებს და ირგვლივ არსებულ სიტუაციას სწავლობდნენ.
პოლიციელებმა მათზე დაკვირვება გააგრძელეს და ერთ-ერთ ქუჩაზე სახლის გაქურდვის შემდეგ, რამდენიმე წუთში სამივე მამაკაცი დააკავეს.
„ეჭვმიტანილებმა გაქცევა სცადეს, თუმცა ჩვენმა თანამშრომლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს,“ – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა, ჰარალდ სოროსმა.
ამჟამად საქართველოს სამივე მოქალაქე პატიმრობაში რჩება, პოლიცია სხვა საქმეებთან მათ კავშირს სწავლობს.