კომპანია „ტესლა“ ავტონომიური მართვის ახალ სისტემას Full Self-driving გასული წლიდან ტესტავს. ახალი ტექნოლოგია ელექტროქარს სწრაფად ორიენტირებაში, ასევე ოპერატიულად რეაგირებაში, საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების თუ საგზაო ნიშნების ამოცნობაში ეხმარება. თანაც, ახალ სისტემას „ტესლას“ მანქანების ჩვეულებრივი მძღოლები ცდიან და მორიგი დეფექტი სალონში დამონტაჟებული ვიდეო-რეგისტრატორით გადაიღეს.
გამოქვეყნებულ ვიდეოში „ტესლას“ მფლობელი კალიფორნიაში ჩართული ავტოპილოტით გადაადგილდება. რისკების თავიდან ასაცილებლად მძღოლს მთელი გზა ხელები საჭისთვის არ მოუცილებია. მანამ სანამ „ტესლა“ გარეუბნებში გადაადგილდებოდა, პრობლემა არ შეჰქმნია და ყველაფერს თავი იდეალურად გაართვა. თუმცა, ქალაქის ვიწრო ქუჩებში აღმოჩენის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.
მორიგი მოსახვევის დროს ავტოპილოტმა ტრაექტორია ვერ შეინარჩუნა და პლასტმასის ბოძს დაეჯახა. მიუხედავად იმისა, რომ მძღოლი მთელი გზის განმავლობაში მაქსიმალურად კონცენტრირებული იყო, სისტემის ხარვეზზე რეაგირება ვერ მოასწრო. დაჯახების გამო „ტესლამ“ თითქმის უმნიშვნელო დაზიანება მიიღო.
