LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აყალ-მაყალი ავტეხე, მე რატომ უნდა ვიმღერო-მეთქი, მაგრამ მეხვეწა და დამიყოლია… საქართველოში 2014 წლიდან კონცერტი არ ჩამიტარებია“ – ზურაბ ჩინჩალაძე

37
ზურა-ჩინჩალაძე

10 მარტს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ზურაბ ჩინჩალაძე, თამაზ გველესიანი და ჯემალ ბერძენიშვილი სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერების „ლურჯი კაბა“ და „შენ პატარა ხაშურო“ პრემიერა შედგა.

 ბატონო ჯემალ, ვის ეკუთვნის და როდის შეიქმნა თქვენი ახალი სიმღერა„ლურჯი კაბა“?

ჯემალ ბერძენიშვილი: ლექსი მზია მია გელაშვილს ეკუთვნის, მუსიკა – მე. სხვათა შორის, 5-6 თვის წინ გაჟღერდა „არ დაიდარდოში“ ეს სიმღერა, ლაივში ვიმღერე, მაშინ სტუდიური ვერსია არ არსებობდა. ჩაიწერა ანდრეი ნაზაროვის სტუდიაში, მას ეკუთვნის არანჟირება.

სიმღერის სატელევიზიო პრემიერა თუ გქონდათ?

ჯემალ ბერძენიშვილი: ჯერ არა, მაგრამ ალბათ, მალე იქნება.

ბატონო ზურაბ, ვისაუბროთ სიმღერაზე „შენ პატარა ხაშურო“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

 ზურაბ ჩინჩალაძე: ტექსტი თამაზ გველესიანს ეკუთვნის. 2020 წელი იყო თამაზ რომ გავიცანი. მოვიდა და ლექსები მოიტანა და მითხრა, გეხვეწები, რუსთავზე და ხაშურზე დაწერე სიმღერა და შენვე იმღერეო. აყალ-მაყალი ავტეხე, მე რატომ უნდა ვიმღერო-მეთქი. ჯობია, ხაშურზე ხაშურელმა იმღეროს და რუსთავზე რუსთაველმა, მაგრამ ორივე მე მომიწია. თავიდან კი აყალ-მაყალი ავტეხე, მაგრამ მეხვეწა, მეხვეწა და დამიყოლია. კლიპიც გადავიღეთ.

თამაზ გველესიანი: სხვათა შორის, ბევრი ნაცნობი მეკითხება, ხაშურზე სიმღერა რამ დაგაწერინაო. ძალიან არ მომწონს, რანაირი შეკითხვაა. ისე კი, ეს სიმღერა რომ გავაკეთეთ, ისეთი მოწონება და იმდენი ნახვა ჰქონდა, მთელი დღე მირეკავდნენ, დიდი მადლობაო. ძალიან მიყვარს ხაშური, იქ მაქვს ბავშვობა გატარებული და ძალიან თბილად მახსენდება.

რატომ გადაწყვიტეთ, რომ ეს ლექსები ზურაბ ჩინჩალაძეს აემღერებინა?

თამაზ გველესიანი: პირდაპირ გეტყვით, მდიდარი ადამიანი არ ვარ და ლექსის გაკეთება კი ძალიან ძვირი ჯდება. სტუდიაში ლამაზი თვალების გამო არავინ არაფერს გაგიკეთებს, ზურა კი კაცური კაცია. ძმობა ძმობაა, მაგრამ უკვე ძალიან შევაღონე ზურა, ისე მოვაბეზრე თავი, ხანდახან ამასაც აღარ უნდა ჩემი დანახვა (იცინის).

ბატონო ზურაბ, საერთო ჯამში ბატონი თამაზის რამდენი სიმღერა აამღერეთ?

ზურაბ ჩინჩალაძე: ბევრი. დღეში 300 ლექსს წერს და მოაქვს. ვეხვეწები, აღარ დაწერო, ვეღარ ვასწრებ-მეთქი (იცინის).

ვიცი, რომ ძალიან ბევრი გასვლითი კონცერტი გაქვთ.

ზურაბ ჩინჩალაძე: კი, ასეა, თუმცა საქართველოში 2014 წლიდან კონცერტი არ ჩამიტარებია, საერთოდ ავკრძალე. ერთი-ორმა ტელევიზიამ თქვა ჩემზე, ჩვენს ფორმატში არ შედის მისი სიმღერებიო და მერე ჩემმა ამერიკელმა პროდიუსერმა ამიკრძალა, საერთოდ არ გამოხვიდე საქართველოში სცენაზეო. სამაგიეროდ კლიპებს ხომ ვიღებ და ხომ ვჩანვარ.

 

ზურა ჩინჩალაძე – შენ პატარა ხაშურო

 

ჯემალ ბერძენიშვილი – ლურჯი კაბა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები