აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ჟურნალ „გზას“ ბერლინიდან ესაუბრება და საქართველოში შექმნილ ვითარებას აფასებს:
„რუსეთი არ არის ევროპა, აზიაა. ეს ქვეყანა მენტალურად, ცხოვრების წესით, ქვეყნის მართვის სტილით, ავტოკრატიით, კანონების შინაარსით, არც არასდროს ყოფილა ევროპა. ყოველთვის აზიური სახელმწიფო იყო. საბჭოთა კავშირის დროს უამრავი რესპუბლიკა გახდა მისი ნაწილი, შეისისხლხორცეს, საქართველო კი მაშინაც სხვა კულტურის, სხვა მენტალობის, სხვა ფასეულობების ქვეყანა იყო. იმდენად, რომ გარდამტეხ მომენტებში ყოველთვის ახერხებდა, თუნდაც სისხლის ფასად, წინ ერთი დიდი ნაბიჯი გადაედგა. მაშინ სისტემაზე გამარჯვება შეუძლებელი იყო, მაგრამ ეს ნაბიჯები გამარჯვების ტოლფასი გახლდათ… ჩვენგან ასე ჩანდა…
ამიტომაც მგონია, რომ ხალხი არც ახლა დანებდება, უარესებისთვის გაგიძლიათ. რუსეთში პროტესტს არასდროს მოუტანია შედეგი. ვინც გააპროტესტა, ყველა მოკლეს ან უვადოდ გამოკეტეს ციხეში, ან „უცხოეთის აგენტი” უწოდეს და ამ ინტერნეტის ეპოქაში, როდესაც ყველაფრის გადამოწმება, ალტერნატიული ინფორმაციის მოძიება შეიძლება, მასა დააჯერეს, რომ ისინი ყველაფერში მართლები არიან და დანარჩენი ცივილიზებული სამყარო ტყუის.
ასე იქცევა ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნებაც” – მათთან ყველა „ტყუის”, მხოლოდ თავად არიან მართლები. თურმე „რუსული კანონი” სინამდვილეში ქართულია და არჩევნები არ გაყალბებულა. ვიცი, პარტიის პროპაგანდისტებმა როგორ იმუშავეს აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებში. ჩართეს კომერციული კომპანიები, რომელთაც ფინანსური მხარდაჭერისთვის წარმატებით იყენებენ. ყველა მექანიზმი გამოიყენეს გასაყალბებლად, არადა, ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ოპოზიციას უჭერდა მხარს და ახლაც ასეა.
ახლა საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, მაგრამ დარჩა მისი ღირსეული მემკვიდრე – რუსეთი, რომელიც სარწმუნოებით ცდილობს სპეკულირებას. თუმცა, როგორ შეიძლება ერი მორწმუნე იყოს, როდესაც მისი ხელისუფლება თავს ესხმის მეზობელ სახელმწიფოს, ხოცავს უდანაშაულო ადამიანებს, ქალებს, ბავშვებს, იტაცებს მის ტერიტორიებს და რუსულ ჭაობში ითრევს… ეს ხომ მხოლოდ პროპაგანდაა, ამ დროს კი, ვითომ ევროპა ართმევს რწმენას, არადა, ახლოსაც არ არიან ჭეშმარიტ რწმენასთან… ადამიანებზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ, აშანტაჟებენ, თურმე ევროპას საქართველოს ომში ჩათრევა უნდა, მაშინ, როდესაც თავად იწყებენ ომს, უმიზეზოდ. ვიღაცებს, მათ შორის აქ მყოფ ქართველებს ამის მართლა სჯერათ და გულწრფელად გპასუხობენ, – „ქართული ოცნება” არ მომწონს, მაგრამ მშვიდობა მინდაო. კარგია, რომ უმეტესობა არ არის ამ აზრზე, უმრავლესობამ ევროპული მომავალი აირჩია და ამიტომაც არის ხალხი ასე გაღიზიანებული. ეს მაძლევს იმედს, რომ ამ მუხტს ვერაფერს მოუხერხებენ“.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე – „მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ” გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დარღვევები დაადგინა. კერძოდ, საქმე ეხება 2017 წელს თბილისიდან აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცებას, მის მიმართ არასათანადო მოპყრობას და ფარულ გადაყვანას საქართველოდან აზერბაიჯანში, მის შემდგომ დაკავებას და იქ წინასწარ პატიმრობას.
აფგან მუხთარლი ამტკიცებდა, რომ ეს ქმედებები მის გაჩუმებასა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის დასჯას ისახავდა მიზნად. მან საქართველოს მისი სავარაუდო გატაცების, არასათანადო მოპყრობის, აზერბაიჯანში იძულებით გადაყვანის გამო უჩივლა; ასევე, ედავებოდა შესაბამისი ორგანოების მიერ საქმის ეფექტურად გამოუძიებლობას.
აზერბაიჯანს კი ჟურნალისტი დაკავების, უკანონო დაპატიმრების, არასათანადო მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების, გამოხატვის თავისუფლების, ეფექტიანი დაცვის უფლების, გადაადგილების თავისუფლების დარღვევის გამო უჩიოდა.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლები, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ არ გამოიძია, rom დაკავების დროს აფგან მუხთარლის მიმართ გამოიყენეს ძალა, იძულება, დამამცირებელი მოპყრობა და წამება. ასევე, სახელმწიფომ არ გამოიძია მისი დაკავებისა და აზერბაიჯანისთვის გადაცემის ფაქტი. ამჟამად იგი ოჯახთან ერთად, გერმანიაში ცხოვრობს, გამოძიება კი გრძელდება…