აზერბაიჯანი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები სომხეთის ტერიტორიის სიღრმეში შევიდნენ. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კლიმატური პირობების გაუმჯობესების შემდეგ, სასაზღვრო ძალები თავის ადრინდელ პოზიციებს დაუბრუნდნენ.
ოფიციალური ბაქოს განცხადებით კი, საუბარია სომხეთთან მოსაზღვრე, ლაჩინის და ქელბაჯარის რაიონების იმ ნაწილზე, სადაც რთული მთიანი რელიეფი და არახელსაყრელი კლიმატური პირობებია.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი, აცხადებენ, რომ მესაზღვრეების პოზიციებზე დაბრუნების პროცესი ჩვეული რეჟიმით, სისტემატურად ხორციელდება, სომხეთთან საზღვრის დაცვის განმტკიცებისკენ მიმართული ზომები კი, ორივე მხარის განკარგულებაში არსებულ რუკებს ეფუძნება.
აზერბაიჯანი სომხეთს მოახლოებული არჩევნების წინ, ამ პროცესზე არაადეკვატურ რეაგირებასა და პროვოკაციული განცხადებებით საკითხის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში ადანაშაულებს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 12 მაისის შემდეგ, საზღვრის ამ მონაკვეთზე აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობა გაიგზავნა და მეორე მხარის მესაზღვრეებთან სიტუაციის ნორმალიზების მიზნით მოლაპარაკება მიმდინარეობს.
“მოვუწოდებთ სომხეთის პოლიტიკურ და სამხედრო წრეებს მოუწოდებს, ნუ შექმნიან პანიკას, სასაზღვრო რეჟიმი რეალობად მიიღონ და რეგიონში სიტუაციას ნუ გაამწვავებენ, რადგან მსგავსი საკითხები მხარეებს შორის კონტაქტებით უნდა გადაწყდეს,”- ნათქვამია აზერბაიჯაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, 13 მაისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სიუნიქის რაიონში, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარე სევის ტბის გარშემო რჩება 250 აზერბაიჯანელი სამხედრო, რომლებმაც საზღვარი დაარღვიეს და სომხეთის ტერიტორიაზე 3.5 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ.