აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთს კიდევ 106 დაღუპული სამხედროს ცხედარი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ცხედრების გადაცემის პროცესი რუსი სამშვიდობოების შუამავლობით განხორციელდა. აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ამ დრომდე 1 379 სომეხი სამხედროს ცხედარია აღმოჩენილი.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 9 ნოემბერს, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი განცხადება, რომელმაც მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დაასრულა, სხვა პირობებთან ერთად, სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის დაღუპულების ცხედრების გაცვლასაც ითვალისწინებს.