LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიური ფაროსანა იკბინება – რამდენად საშიშია და რა იზიდავს მწერს?

აზიური ფაროსანა შხამიანი მწერი არ არის, თუმცა ის იკბინება

მაშინ როდესაც საფრთხეს გრძნობს…

 

აზიური ფაროსანა მსოფლიოში ძალიან გავრცელებული მწერია, რომელმაც წელს საქართველოში ფერმერებს განსაკუთრებული ზიანი მიაყენა. ფაროსანას მსგავსი მწერის მომრავლება შეინიშნება თბილისშიც.

ეს მწერი რომ მოსავალს ანადგურებს, ყველამ გაიგო, თუმცა რამდენად საშიშია ის ადამიანისთვის?

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ის ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც მწერის ნაკბენი რთულდება.

“ფორტუნა” შეეცადა გაერკვია, რამდენად შეიძლება დამძიმდეს მდგომარეობა ფაროსანას ნაკბენის დროს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანი ალერგიულია.

“პარაზიტოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტში” ჩვენთან საუბარში განმარტეს, რომ ნებისმიერი მწერის ნაკბენმა შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, თუმცა კონკრეტულად რა შედეგები მოჰყვა ან შეიძლება მოჰყვეს აზიური ფაროსანას ნაკბენს მათთვის უცნობია.

ამის გამო, “ფორტუნა” ინტერნეტში მოძებულ ინფორმაციას გთავაზობთ. მსოფლიოში, საქართველოსგან განსხვავებით, ეს მწერი ძალიან კარგად ჰყავთ შესწავლილი.

ჩვეულებრივ, აზიური ფაროსანა ადამიანს არ ერჩის. მისი ინტერესის ობიექტი საკვებია. თუმცა, მაშინ როცა საფრთხეს გრძნობს, იკბინება.

ნაკბენი მტკივნეულია, მაგრამ უვნებელი. გაღიზიანების შემთხვევაში, შესაძლოა, გამოიწვიოს შეშუპება ან გამონაყარი დაზიანებულ უბანზე.

როგორც წესი, მის ნაკბენს პრობლემურად არ განიხილავენ, თუმცა ბავშვების ან ცხოველების შემთხვევაში, შესაძლოა, აზიური ფაროსანას ნაკბენი გართულდეს.

 

რა იზიდავს აზიურ ფაროსანას?

სურსათი და გარემო – ამ მწერს ეს ორი ფაქტორი იზიდავს. ფაროსანას ძირითადად, წვნიანი ნაყოფის მქონე მცენარეები მოსწონს, როგორიცაა წიწაკა, ციტრუსი, კიტრი, პომიდორი, მზესუმზირა, ვაშლი, მსხალი, ქლიავი და ყურძენი.

ფაროსანა ცივსისხლიანი მწერია, შესაბამისად, ის თბილ გარემოს ანიჭებს უპირატესობას. იზიდავს ფერადი (ნათელი ფერის) სახლის კედლები და ის ადგილები, სადაც მზის სხივები პირდაპირ ხვდება.

სახლის შიგნით მათი საყვარელი ადგილი ფანჯრები და კარის ჩარჩოებია.

აზიური ფაროსანა დაფრინავს და ხშირად უსიამოვნო სუნს აფრქვევს. განსაკუთრებით მძაფრია მათი სუნი განადგურებისას.

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები