საზოგადოებაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ საკმაოდ დიდი ინტერესი არსებობს და აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ მავნებელთან საბრძოლველად 2018 წელს დაგეგმილი ღონისძიებები გაგაცნოთ, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის პროგრამა წარადგინა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ, ქართველი და უცხოელი მეცნიერების, სპეციალისტების ჩართულობითა და მიღებული გამოცდილების საფუძველზე შემუშავდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო პროგრამა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის და სამოქმედო პროგრამის მიზანია, მოხდეს აზიური ფაროსანას მართვა, მისი პოპულაციის შემცირება და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებისა და მიყენებული ზარალის მინიმუმამდე დაყვანა.
„2018 წლის ჩვენი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს 4 ძირითად მიმართულებას. ეს არის პირველ რიგში კომუნიკაცია და ინფორმირება მოსახლეობის იმისათვის, რომ გამოწვევასთან გამკლავება ერთად შევძლოთ. ჩვენი მიზანია, ეკონომიკური ზარალი სასოფლო-სამეურნეო კულტურებში შევამციროთ. მავნებლის პოპულაცია კონტროლს დავუქვემდებაროთ და საბოლოოდ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, იქ სადაც ფაროსანა გამოჩნდება, არ იყოს წამგებიანი და ფერმერებმა შეინარჩუნონ მომგებიანობა თავიან კულტურებში. ბუნებრივია, ილუზია არავის არ აქვს, რომ ფაროსანას პრობლემა არის ერთი წლის პრობლემა, რომ ის მოგვარდება და აღარ იქნება – ის იქნება სამწუხაროდ, ჩვენი ენტომოფაუნის ნაწილი, ის იარსებებს, მაგრამ ისევე როგორც სხვა ბევრი მწერი და მავნებელი კონტროლში მოვაქციეთ, აზიურ ფაროსანასაც უნდა გავუმკლავდეთ.
მეორე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელსაც ჩვენი სტრატეგია ითვალისწინებს არის, მონიტორინგის სისტემის განთავსება მთელ საქართველოში. საუბარია 100 000-ზე მეტი ფერომონის განთავსებაზე. მესამე არის კონტროლის ღონისძიებები, რაც გულისხმობს როგორც სახელმწიფოს, ასევე მოსახლეობის ჩართულობას. მოსახლეობა ერთვება ჩვენს სპეციალისტებთან და საველე თანამშრომლებთან ერთად იმისთვის, რომ ერთობლივი ძალებით შევძლოთ მოსავლის გადარჩენა. ჩვენი სტრატეგიის მეოთხე მნიშვნელოვან მიმართულებას კი წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და პრაქტიკაში გამოცდა როგორც ახალი პრეპერატების, ასევე ახალი საბრძოლო საშუალებების“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ფართომასშტაბიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, შეძენილია 120 ერთეული მაღალი გამავლობის პიკაპი, ავტომანქანებზე დასამონტაჟებელი 70 ერთეული თერმული ნისლის გენერატორი, 50 ერთეული მცირემოცულობიანი სამანქანო შემასხურებელი, 100000 ფერომონი, 160000 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი, 200000 ლიტრი ზეთოვანი პირეტროიდული ინსექტიციდი.