გამოიწვევს, თუ არა წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა, საკონდიტრო ნაწარმის გაძვირებას ქვეყანაში, რა პრობლემები შეუქმნა ამ სექტორს პანდემიამ და როგორია კომპანია „აზზატოს“ სამომავლო გეგმები – ამ საკითხებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ქოიავამ ისაუბრა.
– როგორი იყო 2020 „აზზატოსთვის“ – რა გამოწვევების წინაშე დაგაყენათ პანდემიურმა ერთმა წელმა?
2020 წლის პირველ ნახევარზე საყვედური არ მეთქმის. გასაგებია, რომ პანდემიამ ყველა ბიზნესს დაარტყა და მათ შორის, საკონდიტრო სფეროსაც და ცხადია, „აზზატოსაც“, თუმცა კრიზისული სიტუაციები არის ხოლმე ახალი კრეატივის, სიახლეების, რეორგანიზაციის და გამოწვევების დაძლევის პერიოდი და „აზზატოც“ ასე მოიქცა. ჩვენ რამდენიმე კრეატირული იდეა დავნერგეთ, პერსონალი გარკვეულწილად გადავახალისეთ, გადავეწყვეთ პანდემიაზე, გავაძლიერეთ მიტანის სერვისი… პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ამ პანდემიამ გაგვზარდა…
-მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, პროდუქციაზე, რომელსაც „აზზატო“ აწარმოებს, საზოგადოების მხრიდან მოთხოვნა მაინც მაღალი იყო, თუ გაყიდვებში კლება ფიქსირდება?
ცხადია, იყო გარკვეული კლება კრიზისის პიკის პერიოდში. რომ ვთქვათ, გაყიდვები იგივე გვაქვს, თავისთავად, მოვიტყუები. თუმცა, ისევ და ისევ, იმ კრეატივიდან გამომდინარე და ახალი სისტემიდან გამომდინარე, რაც ჩვენ დავნერგეთ – დიდი პრობლემა არ გვქონია გაყიდების კუთხით. ჩვენი გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, გაყიდვაში ჩავუშვით გარკვეულწილად დაბალფასიანი ტორტები, მცირე ზომის ტორტები, ახალი დესერტები, ისეთები, რომელზეც ხელი მიუწვდებოდა მოსახლეობის საშუალო ფენას… შესაბამისად, გაყიდვებში გარკვეული კლება იყო, თუმცა მასშტაბური არა.
– წყლისა და ელექტროენერგიის გაძვირებამ ახალი რეალობის წინაშე დააყენა კომპანიები. თუ მოგიწევთ „აზზატოს“ პროდუქციაზე ფასების გადახედვა?
ეს საინტერესო და მძიმე შეკითხვაა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. არა მარტო წყალი და ელექტროენერგია გაძვირდა, ფასები გაიზარდა ასევე ნედლეულზე: ფქვილი, შაქარი, შოკოლადები… მოგეხსენებათ, ჩვენ ე.წ ფხვნილებს არ ვხმაროთ და მაგ გამოწვევის წინაშე ნამდვილად დავდექით. თუმცა, როგორც ზემოთ მოგახსენებთ, ჩვენ ვცდილობთ, ჩავუშვათ ახალი ტიპის ტორტები გაყიდვაში, რომელიც უფრო ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისთვის, მაქსიმალურად ვცდილობთ ასევე, რომ „დავიჭიროთ“ ის ფასები, რაც გვაქვს. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ჩვენს მომწოდებლებთან, რომლებიც ჩვენი მეგობრები და პარტნიორები არიან და ვმუშაობთ, ისეთი ფასები „დავსვათ“ ნედლეულზეც, რომ პროდუქციის გაძვირება არ მოგვიწიოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თუ მეტი აღარ გაძვირდა ნედლეული, შევინარჩუნებთ იმ ფასებს, რაც გვაქვს.
-რა გეგმები აქვს „აზზატოს” 2021-ში? მიუხედავად არსებული ვითარებისა, თუ აპირებთ გაფართოებას?
ზოგისთვის ეს შემცირების და შეკვეცის პერიოდია… ჩვენთვის პირიქით- ეს ახალი იდეების და სიახლეების პერიოდია: პირდაპირ კრიზისის პიკში, ნოემბერში გავხსენით ახალი ფილიალი ვაჟა-ფშაველას 39 ნომერში. ამავე დროს, კრიზისულ პერიოდში, კომპანია „ნანო კოფისთან“ განვაახლეთ თანამშრომლობა, რომელიც ქუთაისსა და ზესტაფონში ყიდის „აზზატოს“ პროდუქციას. მიუხედავად არსებული სიტუაციისა, მაინც ვაპირებთ, გაფართოებას და სიახლეების დანერგვას.
– რამდენი სახეობის ნაწარმი გაქვთ ამ ეტაპზე და თუ ხდება მუდმივად ასორტიმენტის გამრავალფეროვნება?
დაახლოებით, 9 სახეობის ტორტი გვაქვს და ამავე რაოდენობის დესერტი, სამარხვოს ჩათვლით. არა მარტო ასორტიმანეტის გაფართოება, ჩვენთან მუდმივად ხდება გემოების დახვეწა, გაუმჯობესება და მაქსიმალურად ვცდილობთ, თუ რაიმე ტიპის უკმაყოფილება ან შენიშვნა იქნება მოხმარებლის მხრიდან, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. მუდმივად ვცდილობთ, მოვერგოთ მათ გემოვნებასა და მოთხოვნებს.
– რა არის ის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, რითაც „აზზატოს“ ნაწარმი გამოირჩევა კონკურენტებისგან?
კონკურენცია ჩვენს სფეროში ძალიან მაღალია, ბევრი გიგანტია ბაზარზე, რაც კარგია, რადგან მუდმივად ფორმაში ვამყოფებთ ერთმანეთს. კონკურენტებს პატივს ვცემ, ამიტომ, მათზე არაფერს ვიტყვი. უბრალოდ, გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად 100%-ით ნატურალური პროდუქცია, მუდმივად მიმდინარეობს ჩვენი გემოების დახვეწა. ჩვენი გემო, ხარისხი და სტაბილურობა არის ის ნიშა, რომელიც „აზზატოს“ უჭირავს ბაზარზე. როგორც უკვე გითხარით, მაქსიმალურად განიხილება სერვისის და მომსახურების დროს, გემოებთან მიმართებაშიც, მომხმარებლის ყველა პრეტენზია, თუ შენიშვნა. ასე რომ, „აზზატო“ კვლავ აპირებს ქართულ ბაზარზე ძალიან ძლიერად ყოფნას, გაფართოებას და ძალიან ბევრი გემრიელი ტკბილეულის მომზადებას მომხმარებლისთვის.