„რა განსხვავებაა B და C ჰეპატიტს შორის, ვინ არიან ვირუსით დაინფიცირების რისკის ქვეშ, როგორია B და C ჰეპატიტის დიაგნოსტირების და მკურნალობის მეთოდები, რამ შეიძლება შეუწყოს ხელი ღვიძლის დაზიანებას და რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან ვირუსის მქონე ან უკვე გამოჯანმრთელებულმა ადამიანებმა“ – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ექიმმა-ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა ისაუბრა.
ქალბატონო მაია, რა განსხვავებაა B და C ჰეპატიტს შორის და რომელი ვირუსი უფრო ვერაგია?
რაც ამ ორივე ვირუსს აერთიანებს, არის ის, რომ ორივე მათგანი ღვიძლს აზიანებს და ორივე მათგანი თუ დარჩა ორგანიზმში ქრონიკული ფორმით, იწვევს ქრონიკულ ჰეპატიტს, რომელიც წლების მანძილზე, შეიძლება, გართულდეს ღვიძლის ციროზით და კიბოთი. სამიზნე ორივეს ერთი და იგივე აქვს.
რაც შეეხება განსხვავებას, დავიწყებ იმით, რომ ორივე მათგანი ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი ვირუსია, სხვადასხვა აგებულებით, სხვადასხვა თვისებებით.
B ჰეპატიტის ვირუსი ორგანიზმში შეჭრის შემდეგ, უფრო მაღალი ალბათობით ხასიათდება, რომ თვითგანკურნებით დამთავრდეს. ინფიცირებული ადამიანების 5 % ვერ მოერევა ამ ვირუსს და რჩება ქრონიკული ფორმა.
C ჰეპატიტი 80 % შემთხვევაში ქრონიკული ხდება.
განსხვავებაა გადაცემის გზებშიც, მაგალითად, B ჰეპატიტი ძალიან ადვილად გადადის სქესობრივი გზით, C ჰეპატიტი ძალიან ძნელად. B ჰეპატიტის დედიდან ბავშვზე გადაცემაც უფრო ადვილია და უფრო მაღალია ალბათობა, ვიდრე C ჰეპატიტის.
აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი სისხლის გზით გადადის.
ყველაზე მეტად ვინ არის დაინფიცირების რისკის ქვეშ, ვინ მიეკუთვნება რისკჯგუფს?
წამყვანია სისხლის გადასხმა და ყველა ის მანიპულაცია, რომლის დროსაც, შეიძლება, რომ არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტი იქნას გამოყენებული. ასევე, საკმაოდ პრობლემურია სალონები, სტომატოლოგიური დაწესებულებები, ნებისმიერი დაწესებულება, სადაც ბოლომდე კარგად და კეთილსინდისიერად შეიძლება, არ მოხდეს სამედიცინო ან კოსმეტიკური ინსტრუმენტების სტერილიზაციის და დეზინფექციის პროცედურები.
როგორც ვთქვი, B ჰეპატიტის შემთხვევაში, ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია, სქესობრივი გადაცემა, დაუცველი სქესობრივი კონტაქტებით B ჰეპატიტის გადაცემა აუცრელ ადამიანში ძალიან მაღალია.
არსებობს თუ არა რაიმე სიმპტომი, რამაც საჭირო კვლევების ჩატარებისკენ შეიძლება გვიბიძგოს?
სიმპტომები ორად უნდა გავმიჯნოთ, ერთი – მწვავე ჰეპატიტის სიმპტომები და მეორე – ქრონიკული ჰეპატიტის სიმპტომები.
ზოგჯერ, პაციენტებს ჰგონიათ, რომ სიტყვა მწვავე სირთულეს ასახავს, სიტყვა მწვავე ნიშნავს ახალს, ანუ ვირუსის შეჭრიდან 6 თვის განმავლობაში, როგორც B, ისე C ჰეპატიტს მწვავე ჰეპატიტი ჰქვია.
მწვავე ჰეპატიტი შეიძლება სრულიად უსიმპტომოდ იყოს, ანუ ადამიანმა შეიძლება, საერთოდ ვერ გაიგოს, რომ ახლახან მის სისხლში ეს ვირუსი შეიჭრა ან შეიძლება, პროცესი წავიდეს ჰეპატიტის კლასიკური ნიშნებით, როგორიცაა სიყვითლე, გულისრევა და ა.შ. , თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მწვავე, ანუ ახალი ჰეპატიტი შეიძლება, სრულიად შეუმჩნეველი დარჩეს.
ქრონიკულს ვეძახით ჰეპატიტს, თუ 6 თვე გავა და ვირუსი ისევ დარჩება ადამიანის ორგანიზმში.
შეიძლება, ქრონიკული ჰეპატიტი წლების მანძილზე უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, შეიძლება, უკვე ღვიძლის ციროზიც იყოს დაწყებული და მაინც არ იყოს არავითარი სიმპტომი ან შეიძლება იყოს ძალიან არასპეციფიკური სიმპტომები, რომელთა დროსაც ძალიან რთულია, გაგახსენდეს ღვიძლი, მაგალითად, შეიძლება, იყოს საერთო სისუსტე, სიცხეები, ზოგს მარჯვენა მხარეს აქვს ყრუ ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება.
შემდეგ, უკვე როდესაც ღვიძლის ციროზი პროგრესირებს და შეიძლება, უკვე სიმპტომური გახდეს, შეიძლება, იყოს სპეციფიკური, მოყვითალო-მომწვანო ფერი სახეზე, პირიდან სისხლდენა, კანზე სისხლჩაქცევები და ა.შ. , რაც უკვე ციროზის სიმპტომებია.
სამწუხაროდ, ძალიან ბევრ შემთხვევაში, უკვე ასე დამძიმებული ადამიანი პირველად აქცევს ყურადღებას იმას, რომ მის ორგანიზმში რაღაც ხდება და ამ დაავადების, ქრონიკული ჰეპატიტის პრობლემაც ეს არის, რადგან ფაქტობრივად, შეიძლება, ადამიანი საერთოდ ვერ მიხვდეს, რომ მას ეს დაავადება აქვს.
C ჰეპატიტის შემთხვევაში, ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ანტივირუსული პრეპარატები, C ჰეპატიტის პროგრამა, რომელიც ბევრი ადამიანისთვის აღმოჩნდა ხსნა. B ჰეპატიტის შემთხვევაშიც არსებობს ანტივირუსული პრეპარატები, თუმცა როგორც ვიცი, მათ ყოველთვის არ იყენებთ. ვირუსის განსაზღვრის მარკერზე მინდა გკითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანია, როცა ვირუსის მაჩვენებელი ორგანიზმში დაბალია? მიუთითებს თუ არა ეს იმაზე, რომ შეიძლება, ღვიძლი სწრაფად არ დაზიანდეს ან საერთოდ არ დაზიანდეს?
C ჰეპატიტის მკურნალობა, ნამდვილად, ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე B ჰეპატიტის.
საქართველოში ჯერ კიდევ მიმდინარეობს C ჰეპატიტის პროგრამა, დაახლოებით, 3 თვიანი კურსებია და პრაქტიკულად, ყველა, 98 % იკურნება. დღეს, საქართველოში თითქმის 100 000 განკურნებული ადამიანი გვყავს.
რაც შეეხება B ჰეპატიტს, 1 წელია, რაც ჩვენს ქვეყანაში დაიწყო B ჰეპატიტის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, თავიდან, ხდება ღვიძლის მდგომარეობის შეფასება და ვისაც მეორე ხარისხი ან მეტი აქვს დაზიანება, მათ უკვე დანარჩენი ანალიზებიც უფინანსდებათ. უფასოა მედიკამენტიც, თუმცა B ჰეპატიტის შემთხვევაში, ადამიანმა მედიკამენტი მთელი ცხოვრება უნდა მიიღოს, რადგან C ჰეპატიტისგან განსხვავებით, არ არსებობს რაღაც მოჭრილი კურსი, იმიტომ, რომ წამალს ვირუსის სრულად აღმოფხვრა არ შეუძლია, ისე, როგორც ეს C ჰეპატიტის დროს შეუძლია და უბრალოდ, ამ დროს, ვირუსის რაოდენობა დაჰყავს ნულამდე და ღვიძლი არ ზიანდება, მაგრამ როგორც კი მედიკამენტს გავაჩერებთ, ვირუსი ისევ ბრუნდება, შესაბამისად, ადამიანები რაღაც ერთ ტაბლეტს სვამენ მთელი ცხოვრების მანძილზე და არიან კარგად.
როგორც თქვენ ბრძანეთ, ყველა ადამიანს, ვისაც B ჰეპატიტი აქვს, მკურნალობა არ სჭირდება. არის კონკრეტული კრიტერიუმები, რომლითაც ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, დაიწყოს თუ არა მკურნალობა.
კრიტერიუმებზე საუბრისას, ახსენეთ, მეორე ხარისხის და უფრო მეტი დაზიანება და თუ ეს დაზიანება არ არის, ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ველოდებით დაზიანების ხარისხის გაზრდას თუ შეიძლება, ადამიანმა ისე განვლოს წლები და იცხოვროს, რომ ეს დაზიანების ხარისხი სულაც არ დადგეს?
თუ ადამიანს მაღალი დაზიანება არ აქვს, მაგრამ ვირუსი ძალიან ბევრი აქვს და ღვიძლის ფუნქციებიც უკვე დარღვეულია, შეიძლება, მაინც მივიღოთ მკურნალობის დაწყების გადაწყვეტილება.
სხვათა შორის, დღეს, მსოფლიოში არის ახალი ტენდენცია, რომ თუ კი ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზი დაისვა, აღარ დაელოდონ სიტუაციის გართულებას და ამ კრიტერიუმების შესრულებას და პირდაპირ დაიწყონ მკურნალობა.
ზოგიერთი ქვეყანა უკვე შეუერთდა ამ მიმართულებას და შეიძლება, ადრე თუ გვიან, ჩვენც ამ რეჟიმზე გადავიდეთ.
მე მყავს პაციენტები, რომლებიც 10-15 წელია, პერიოდულად იტარებენ მონიტორინგს და მკურნალობა არ დასჭირვებიათ, ანუ გარდაუვალი აუცილებლობა არ არის, რომ დაავადებამ პროგრესი განიცადოს.

შეიძლება ისე მივიდეთ ცხოვრების ბოლომდე, ღრმა წლებამდე, რომ მკურნალობა არ დაგვჭირდეს?
შეიძლება. ნაკლებად არის იმაზე კვლევები, რომ ვიღაც პაციენტს ათწლეულების მანძილზე დაჰკვირვებოდა, მაგრამ კი, არის ასეთი შემთხვევები და თუ უშუალოდ ჩვენს პაციენტებზე ვილაპარაკებთ, როგორც წეღან გითხარით, გვყავს 15 წლიანი გამოცდილების პაციენტებიც, რომლებიც პუნქტუალურად, პერიოდულად იმოწმებენ ანალიზებს და მათთან დაავადება არ პროგრესირებს, თუმცა, არის მეორე ნაწილიც, რომლებთანაც დაავადებამ დაიწყო პროგრესირება და მკურნალობის დაწყება დაგვჭირდა.
მთავარია, პრობლემის დროული გამოვლენა. დროული გამოვლენა არის იმის გარანტი, რომ ჩარევაც დროულად მოხდება და სერიოზულ გართულებებს აღარ მივიღებთ.
რომელი კვლევა გვაძლევს ზუსტ სურათს ღვიძლის დაზიანების შესახებ? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი წერდა, რომ მათთან ღვიძლის ფუნქციები ნორმაში იყო, მაგრამ ღვიძლი მაინც დაზიანებული იყო…
კარგია, რომ ღვიძლის ფუნქციებზე მკითხეთ, რადგან ეს ტესტი ძალიან გვიშლის ხელს, ადამიანებმა დაიმახსოვრეს და წლებია, ბევრი თვითნებურად დადის, იმოწმებს მას და არის მშვიდად, რადგან არაფერი არ ხდება, თუმცა ამ დროს, მარტო ღვიძლის ფუნქციები ვერ იძლევა სურათს და ამიტომ არსებობს კომპლექსური კვლევები, რომლებიც უნდა გაკეთდეს, მაგალითად, ღვიძლის ელასტოგრაფია, რომელიც უშუალოდ ღვიძლის დაზიანების ხარისხს გვიწერს ციფრებში, ასევე მუცლის ექოსკოპია, ღვიძლის ფუნქციები, ვირუსის რაოდენობის განსაზღვრა… მოკლედ, არის მთელი რიგი ტესტები, რომელთა კომბინაციითაც უკვე გვექმნება შთაბეჭდილება დაავადების ფორმასა და სტადიაზე. კონტექსტიდან ამოგლეჯილად, მხოლოდ ღვიძლის ფუნქციები პასუხს ვერ მოგვცემს.
თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგჯერ, ღრმა, მძიმე ციროზის დროს, ღვიძლის ფუნქციები საერთოდ ნორმაში დგება, რადგან უხეშად რომ ვთქვათ, ღვიძლის იმის თავიც აღარ აქვს, რომ ანთება განავითაროს.
რამ შეიძლება შეუწყოს ხელი ღვიძლის დაზიანებას? მაგალითად, ჭარბი წონა თუ არის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი?
კი, ვირუსების გარდა, კიდევ ბევრი სხვა რა იწვევს ჰეპატიტს. თუ ვირუსიც არის და ის სხვა მიზეზიც, მაშინ პრობლემა ბევრად უფრო მძიმედ მიმდინარეობს.
ჭარბ წონასათან დაკავშირებით, ცხიმოვანი ჰეპატიტი სიხშირით ვირუსულ ჰეპატიტზე არანაკლებია. დღეს, ცხიმოვან ჰეპატიტს, ღვიძლის გაცხიმოვნებით გამოწვეულ ჰეპატიტს ეპიდემიას ეძახიან.
ღვიძლის გაცხიმოვნებით გამოწვეული ჰეპატიტი ხშირად ჭარბ წონასთან არის დაკავშირებული, თუმცა შეიძლება, სულაც არის იყოს ჭარბი წონა, მაგრამ მაინც განვითარდეს ღვიძლის გაცხიმოვნება, რადგან მეტაბოლური დარღვევები მიმდინარეობდეს.
ხშირია ალკოჰოლური ჰეპატიტიც. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს ალკოჰოლის მოხმარების რაოდენობასთან დაკავშირებით არასწორი შეხედულება აქვთ. როცა პაციენტს ვეკითხები, ჭარბად მოიხმარს თუ არა ალკოჰოლს, პირველი პასუხი ყოველთვის არის – არა, მაგრამ როდესაც ჩავეკითხები, აღმოჩნდება, რომ ჭარბად კი არა, ძალიან ჭარბად მოიხმარს. მაგალითად, კვირაში რამდენჯერმე, როგორც ქართველები ამბობენ, უწევთ დათრობა. ეს ჩვეულებრივი ქართული სუფრები და ალკოჰოლის ის რაოდენობა, რაც მოიხმარება, უმრავლეს შემთხვევაში, ძალიან ჭარბია და შეიძლება, ვირუსი საერთოდ არ ჰქონდეს ადამიანს და მხოლოდ აი ასეთი ქართული დროსტარებით, სამწუხაროდ, ღვიძლის ქრონიკული დაზიანება და ციროზი მიიღოს.
თუ არის ვირუსი და ამას ემატება გაცხიმოვნება და ალკოჰოლი, დაავადება ბევრად უფრო მძიმედ მიმდინარეობს.
არსებობს მედიკამენტური ჰეპატიტიც, რაც ასევე ხშირი და ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში. ადამიანები ძალიან ბევრ წამლებს მოიხმარენ, ხშირად, უმისამართოდ.
ჰეპატოტოქსიურ მედიკამენტებს გულისხმობთ?
დიახ, თუმცა ასე კლასიკურად ჰეპატოტოქსიური შეიძლება არ იყოს მედიკამენტი, მაგრამ ხანგრძლივმა გამოყენებამ, ბევრი მედიკამენტის გამოყენებამ შეიძლება, ღვიძლი დააზიანოს. ასევე, სამწუხაროდ, კარგად არ არის ხოლმე გააზრებული მედიკამენტების ურთიერთქმედება. მედიკამენტებს ძალიან დიდი გაფრთხილება სჭირდება, რადგან ყველა მათგანს აქვს პოტენციალი, რომ ღვიძლი დააზიანოს.
თუ B ან C ჰეპატიტის ვირუსი არის ორგანიზმში და ამას კიდევ ეს, ჩამოთვლილი ფაქტორები ემატება, მაშინ კიდევ უფრო სწრაფად პროგრესირებს დაავადება და შეიძლება, უფრო ჩქარა გამოიწვიოს ღვიძლის ციროზი და კიბო.
არ შეიძლება, არ ვახსენოთ D ჰეპატიტი, იგივე დელტა, რომელიც მხოლოდ B ჰეპატიტის მქონე ადამიანებს ემართებათ და სამწუხაროდ, ახალგაზრდა ასაკში ძალიან სწრაფად პროგრესირებს და უმრავლეს შემთხვევაში, ღვიძლის ციროზს იწვევს. სამწუხაროდ, მკურნალობის არსენალიც ძალიან შეზღუდული გვაქვს.
დაახლოებით B ჰეპატიტის მქონე ადამიანების 8-10 %-ში შეიძლება მოხდეს D ჰეპატიტის თანდართვა, რომელიც ასევე სისხლის გზით გადადის და შეიძლება, რომ ამ ადამიანების ორგანიზმში მოხვდეს.
თითქოს ამაზე ხაზგასმა არ არის, მაგრამ B ჰეპატიტის ვაქცინა ერთდროულად ორი ვირუსისგან გვიცავს, რადგან თუ B არ დაგვემართება, ვერც D დაგვემართება.
B ჰეპატიტით ინფიცირებულ ადამიანებთან, ვისთანაც ვირუსის მაჩვენებელი დაბალია, მოწოდებულია თუ არა ვაქცინაცია?
არა. თუ ადამიანი B ჰეპატიტის ვირუსით არის ინფიცირებული, თუ აქვს ქრონიკული ფორმა ან ოდესმე აქვს გადატანილი და გამოჯანმრთელებულია, ანუ აქვს ანტისხეულები, მასთან ვაქცინას არავითარი აზრი არ აქვს. უბრალოდ, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ თუ ადამიანი, რაღაც მიზეზების გამო, ვერ გაიკეთებს ანტისხეულების ტესტს და ადგება და პირდაპირ აიცრება, ეს უბრალოდ ზედმეტი ჩხვლეტა და ვაქცინის დანახარჯი იქნება, თორემ მას არაფერი არ დაუშავდება. სულ რომ აქტიური ჰეპატიტი, ან ციროზი ჰქონდეს ადამიანს, B ჰეპატიტის ვაქცინა მაინც ვერაფერს დაუშავებს, უბრალოდ, ვერც ვერაფერს არგებს.

საკმარისია ვაქცინაციის ის დოზა, რაც ჩვენი სახელმწიფო პროგრამით არის განსაზღვრული ბავშვობაში და მერე, პრაქტიკულად, აღარ?
დიახ, ითვლება, რომ საკმარისია, თუმცა ჩვენ მოზრდილ, 10 წლის ზემოთ ბავშვებში ჩატარებული გვაქვს ანტისხეულების კვლევა, B ჰეპატიტის ვაქცინაზე და აღმოჩნდა, რომ არსებობს ისეთი შემთხვევები და არც ისე ცოტა, თითქმის 20 %-მდე, როცა მათ გამქრალი აქვთ ანტისხეულები, ანუ კარგია რევაქცინაცია. უმჯობესია, რაღაც წლების მერე, იმუნური სტატუსი გადამოწმდეს და თუ ადამიანს დამცველობითი ანტისხეულები საკმარისი რაოდენობით არ ექნება, ხელახლა აიცრას.
სიყვითლე, განსაკუთრებით თვალებთან, ყოველთვის ღვიძლთან არსებულ პრობლემებს რატომ უკავშირდება? მწვავე ჰეპატიტის დროს, სიყვითლე არის ის მნიშვნელოვანი სიმპტომი, რომელიც ვლინდება? ამ დროს, სისხლში ბილირუბინის განსაზღვრა საკმარისია?
ხშირ შემთხვევაში, სიყვითლე სწორედ ღვიძლის დაავადებებთან არის დაკავშირებული, თუმცა არსებობს სხვა მიზეზით გამოწვეული სიყვითლეც, მაგალითად, სისხლის დაავადებებით, პანკრეასის დაავადებებით და ა.შ.
ბილირუბინი ის ნივთიერაბაა, რომლის აწევაც უკავშირდება ღვიძლის დაავადებებს და რაც იწვევს თვალის სკლერების და კანის სიყვითლეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიყვითლე ეს არის ერთ-ერთი შესაძლო სიმპტომი და არა – აუცილებელი. პირიქით, ჩვენ საკმაოდ იშვიათად გვხვდება სიყვითლით მიმდინარე მწვავე ჰეპატიტი. პაციენტების რეაქციაც ხშირად ასეთია – „არასდროს მქონია სიყვითლე და რანაირად მექნება ჰეპატიტი?“. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ სიყვითლე სულ არ არის აუცილებელი.
ჰეპატიტების დროს, რა შემთხვევაში ხდება პაციენტის ინფექციური პროფილის კლინიკაში მოთავსება?
ეს ცოტა რაღაც პოსტსაბჭოთა მედიცინის გადმონაშთია და ჯერ კიდევ ბევრს აწვენენ კლინიკაში. როდესაც მწვავე ჰეპატიტის დიაგნოზი ისმება, ადამიანები ხშირად თავად მოითხოვენ, რომ ჰოსპიტალში გადავამისამართო და ძალიან უჭირთ ხოლმე, იმ ფაქტთან შეგუება, რომ არაფერი არ სჭირდებათ, რომ მათ უბრალოდ ბევრი სითხე უნდა მიიღონ და პირიქით, არ მიიღონ მედიკამენტები. მწვავე ჰეპატიტის დროს, რაც შეიძლება, მეტად უნდა მოვერიდოთ მედიკამენტებს და დავიტვირთოთ სითხით, სწორედ ეს არის მკურნალობა. უბრალოდ, ამ დროს აუცილებელია რაღაც მაჩვენებლების მონიტორინგი, მაგალითად, კოაგულოგრამის, სისხლის შედედების მაჩვენებლების და ა.შ. და თუ რაღაც ისეთი გართულება დაიწყება, რომ იქნება ღვიძლის უკმარისობის რისკი, რაც ძალიან იშვიათია, მაშინ ვამისამართებთ სტაციონარში, სხვა შემთხვევაში, მწვავე ჰეპატიტს და მით უმეტეს, ქრონიკულ ჰეპატიტს ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება.
თანამედროვე მედიცინა რა ტიპის ახალ მიდგომებს, მკურნალობის მეთოდებს გვთავაზობს ჰეპატიტებთან მიმართებაში, რა არის დამაიმედებელი?
რა თქმა უნდა, ჯობია, რომ პრობლემა ნაადრევ ეტაპზე იყოს დიაგნოსტირებული, მაშინ არავითარი საშიშროება და შიში საჭირო არ არის.
დიაგნოზით დამწუხრებულ ადამიანებს ხშირად ვეუბნები, რომ კარგი კუთხით შეხედონ ამ ყველაფერს, რადგან დროულად მოხდა პრობლემის გამოვლენა, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
როგორც უკვე ვთქვი, C ჰეპატიტის შემთხვევაში ანტივირუსული მკურნალობა ძალიან გამარტივებულია.
B ჰეპატიტის შემთხვევაში, გასაგებია, რომ გარკვეული დისკომფორტია ის, რომ მთელი ცხოვრება უნდა სვას ადამიანმა წამალი, მაგრამ რამდენი დაავადების გამო სვამენ ადამიანები ყოველდღე წამალს, მაგალითად, დიაბეტის დროს, წნევების, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების დროს და ა.შ. ის, რომ ყოველდღე ერთ ტაბლეტს დავლევთ, დიდი ტრაგედია არ არის, რადგან სამაგიეროდ, ღვიძლი გვექნება ჯანმრთელი.
იმ ადამიანების შემთხვევაშიც, რომელთაც დიაგნოზი გვიან ესმევათ, გარკვეული გამოსავალი ყოველთვის არსებობს, უბრალოდ, ზოგჯერ არის ისეთი მდგომარეობები, როცა დიაგნოზის დასმისას, ღვიძლი უკვე დეკომპენსირებულია, ანუ ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობას. რა თქმა უნდა, ასეთი მდგომარეობიდანაც გამოჰყავთ პაციენტები, მაგრამ აქ უკვე ძალიან მაღალია რისკები. ზუსტად ამიტომ ვქადაგებთ სულ ტესტირებაზე. B და C ჰეპატიტზე სისხლის ტესტირება უმარტივესი და უფასოა და საქართველოსნაირ მაღალი გავრცელების ქვეყანაში სასურველია, რომ ყველამ 6 თვეში ერთხელ ან მინიმუმ წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროს სკრინინგი.
სამწუხაროდ, აღსანიშნავია, რომ 30 000-ზე მეტია ისეთი ადამიანი, ვისაც C ჰეპატიტის დიაგნოზი აქვს დასმული და მკურნალობა არ დაიწყო და დაიკარგა მეთვალყურეობიდან. ალბათ, ნაწილი მიგრაციაშია, უცხოეთში წავიდა, მაგრამ ნაწილი მითებს არის აყოლილი, რადგან პაციენტებს ახსოვთ ის პერიოდი, როცა ჩვენ ვიყენებდით ინიექციებს, ინტერფერონს, რომელსაც ძალიან ბევრი გვერდითი მოვლენა ჰქონდა, თუმცა უკვე წლებია, ამ პრეპარატს აღარ ვიყენებთ. წარმოიდგინეთ, ახლა რა პრეპარატიც არის ჩართული C ჰეპატიტის პროგრამაში 3 წლის ასაკიდან გამოიყენება და სამწუხაროდ, იღებენ ის ბავშვებიც, რომელთაც C ჰეპატიტი აქვთ, ამიტომ სრულიად უვნებელი პრეპარატია.
მეთვალყურეობიდან დაკარგული ეს ათასობით ადამიანი საკუთარ თავს ხომ აყენებს რისკის ქვეშ, მაგრამ ასევე აყენებს სხვასაც, რადგან ის ვირუსის გავრცელების წყაროა, თან მოგეხსენებათ, შესაძლებელია C ჰეპატიტით თავიდან დაინფიცირება.

ადამიანები ამბობენ, რომ ფიტოთერაპია ძალიან ეხმარება ღვიძლს, როგორია თქვენი მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით?
ღვიძლთან დაკავშირებით და ზოგადად, ჩვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექსპერიმენტები არ უნდა ვატაროთ და არ უნდა მივიღოთ გაურკვეველი ნივთიერებები, სულერთია, ეს ბალახი იქნება თუ სხვა რამ. ადამიანებს სჯერათ, რომ ბალახები სრულიად უსაფრთხოა, მაგრამ ასე არ არის, მედიკამენტის დიდი ნაწილი ზუსტად ბალახებისგან მზადდება, ამიტომ არ არის ისე, რომ თუ ბალახია, უსაფრთხოა.
ჰეპატიტების დროს, უმრავლეს შემთხვევაში, სიმპტომები ისედაც არ გვაქვს, ღვიძლის ფუნქციები ნორმაში გვაქვს და შედეგზე მსჯელობა ერთადერთი სისხლში ვირუსის რაოდენობის კონტროლით ხდება და მე არ მახსოვს, რომ ამ ფიტოთერაპიაზე მყოფი პაციენტები ამ ანალიზის პასუხებით მოსულიყვნენ, ანუ რომ ნამდვილად აკონტროლებენ პერიოდულად მდგომარეობას და რომ ვირუსი გაუქრათ ამ არაოფიციალური მედიკამენტების, ბალახების მიღებით, რადგან ასეთი რამ არ არსებობს. შედეგებზე ლაპარაკისას, მათ არანაირი რეალური მტკიცებულება არ აქვთ. ნეტავ, საქართველო იყოს ის ქვეყანა, სადაც რაღაც ასეთ გრანდიოზულს და ახალს მოიფიქრებენ, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ არის. სამწუხარო ის არის, რომ ეს ხალხი რეალურ მკურნალობაზე ამბობს უარს და შემდეგ, დამძიმებულები ბრუნდებიან.
ასეთი ადამიანებისთვის, მათ შორის, C ჰეპატიტის პროგრამის შემდეგ, უკვე გამოჯანმრთელებულებისთვის, იცვლება თუ არა ცხოვრების წესი, მაგალითად, ჩვეულებრივ იკვებებიან თუ არა, ჩვეულებრივ იღებენ თუ არა ალკოჰოლს, ჩვეულებრივ აგრძელებენ ცხოვრებას თუ არის რაღაც გარკვეული დისციპლინა, რომელსაც მიჰყვებიან?
მინდა ვთქვა, რომ კვებაზე ჩვენთან უფრო მეტ შეზღუდვებს უწესებენ ადამიანები თავიანთ თავს და ზოგჯერ, სამწუხაროდ, ექიმებიც, ვიდრე ეს საჭიროა. გაუთავებელი რაღაცნაირი დიეტები, თუ ადამიანს დეკომპენსირებული ციროზი არ აქვს, აბსოლუტურად არ არის საჭირო. ქრონიკული ჰეპატიტის დროს, უბრალოდ, ჯანსაღი კვებაა საჭირო. ჩვენ კვებაზე განსაკუთრებულ შეზღუდვებს არ ვაწესებთ.
რაც შეეხება ალკოჰოლს, გამოჯანმრთელებული ადამიანის შემთხვევაში, გააჩნია, მკურნალობამდე როგორი ჰქონდა ღვიძლის დაზიანების საწყისი დონე, მაღალი დაზიანების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრება არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი. ვირუსისგან განკურნება არ ნიშნავს იმას, რომ ალკოჰოლი არ გააგრძელებს ღვიძლის დაზიანებას. სამწუხაროდ, ჩემი არაერთი პაციენტი ისევ ალკოჰოლით აღნიშნავს ხოლმე გამოჯანმრთელებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გააჩნია ალკოჰოლის რაოდენობასაც, მაგრამ ჩვენთან ალკოჰოლის რაოდენობაზე ადამიანებს ძალიან არასწორი წარმოდგენა აქვთ.
რა თქმა უნდა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გაგრძელდეს, ეს მთავარი რეკომენდაციაა. ადამიანებს მთელი ცხოვრება უნდა ჰქონდეთ სწორი რეჟიმი და ალკოჰოლის მიღებისგან განსაკუთრებით უნდა შეიკავონ თავი.