LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაბი კირკიტაძე მარტო დასვენებაზე ოცნებობს: „ამ პატარა ბიჭმა მკითხა, შეყვარებული თუ გყავსო…“

3905
ბაბი კირკიტაძე

ბაბი კირკიტაძე „ღამის შოუს ბენდთან“ ერთად მთელ საქართველოს უვლის კონცერტებით. დასვენება უკვე წლებია, არ გამოდის, მაგრამ საუკეთესო კომპენსაციაა ის ემოციები, რომლებსაც თავისი ჯგუფის წევრებთან ერთად ხალხთან შეხვედრისას იღებს.

ბაბი, შენი დასვენების გეგმებს გაგვანდობ?

ტრადიციულად, ვერ ვახერხებ დასვენებას, მაგრამ რომ წარმომიდგენია, როგორი უნდა  იყოს, რომ ძალები აღვიდგინო, სადმე ბუნებაში, ტყეში, სიმშვიდეში, სიწყნარეში, არ დავეძებ, თუნდაც სრულიად მარტო ვიქნებოდი, ერთი კვირა სრულად მეყოფოდა, მდინარე, ტყეში ბოდიალი, წიგნის წაკითხვა, საჭმლის მომზადება და მერე მირთმევა… საერთოდ არაფერს გავაკეთებდი… ასეთ დასვენებაზე ვოცნებობ.

რეალურად რა ხდება? 

რეალურად ხდება ის, რომ აბა გავიქეცით, ჩავატარეთ კონცერტი, გამოვიქეცით, კიდევ კონცერტი ჩავატარეთ, შუალედში გადავიღეთ რამე თუ არის გადასაღები. აგვისტოს ბოლომდე ასე ვარ, მაგრამ მთლად ასეც არ ვიტანჯებით, ბათუმში როცაა კონცერტები, თუ არის საშუალება, ვრჩები ხოლმე იმისთვის, რომ ცოტათი მაინც აღვიდგინო რესურსები.

ზღვაზე დასვენების მოყვარული ხარ?

ზღვაზე დასვენება მიყვარს შემოდგომით, მხურვალე მზესთან ვერ ვურთიერთობ, ვერც რუჯს ვიღებ. დიდ სიცხეში არსებობა არ შემიძლია. უფრო ხავერდის სეზონს რასაც ეძახიან, მაშინ მიყვარს ზღვაზე ჩასვლა, ზოგადად, უზომოდ მიყვარს ზღვა.

კარგად ცურავ?

კარგად ვცურავ, მაგრამ ამ ბოლო დროს დამეწყო ზღვის შიში. თურმე ცნობილი ფობიაა. ბევრისგან მოვისმინე და მივხვდი, რომ მარტო არ ვარ. მგონი, ბევრი ფილმი მაქვს ნანახი ზვიგენების შესახებ. დანამდვილებით ვიცი, რომ შავ ზღვაში ზვიგენები არ არიან, მაგრამ სულ მეშინია, რომ ფეხზე რამე არ მომედოს, გული მეკუმშება.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Babi Kirkitadze ? (@babikirkitadze)

ამ შიშის დაძლევა არ გიცდია?

საზღვარგარეთ ყოფნისას, კატერითაც გავედი ზღვაში, მინდოდა, ჩემს შიშებთან მარტო დავრჩენილიყავი, მაგრამ ეს კატერი შუა ზღვაში გამეთიშა, კიდევ კარგი, უკან მაშველი მომყვებოდა. კატერს უკან აუცილებლად მიჰყვება სამაშველო დიდი კატერი, რამე რომ მოხდეს, წივილ-კივილი ავტეხე და უცებ მოვიდნენ. არ ვიცი, რამ განაპირობა ეს შიში…

აუზშიც ვერ ჩადიხარ?

აუზში ახლაც კარგად ვცურავ, მაგრამ თუ აუზი მუქია, იქაც მეშინია ჩასვლა. მოკლედ, ნევროზიანი ბავშვი ვარ (იცინის).

მთის კუროტებიდან რომელი გიყვარს?

მთის დასვენებაზე გადასარევი აზრის ვარ. ზღვაზე მაინც უფრო აქტიურად ისვენებ, მეგობრები, ზღვა, გართობა, სადღაც წახვალ, წამოხვალ. მთაში დასასვენებლად არ ვყოფილვარ, მაგრამ წავიდოდი ან რაჭაში, ან ყაზბეგში. ორი და სამი დღით ყველგან ვყოფილვარ, მაგრამ საფუძვლიანად არ დამისვენია.

ის, რომ საფუძვლიან დასვენებას ვერასდროს ახერხებ, არ მოქმედებს შენზე?

ნევროზი რომ მაქვს, მგონია, ეს მიზეზია, თუმცა მეორე მხრივ, წუწუნივით არ მინდა გამომივიდეს, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ.

რა ხდება თქვენს კონცერტებზე ზაფხულში, როგორ გხვდებიან მსმენელები?

ბავშვებთან შეხვედრა არის ყველაზე დიდი ემოცია. გულწრფელები არიან, გამოხატავენ, მორბიან, სიხარულისგან უბრწყინავთ თვალები. ათი დღის წინ, ტაბაკინიდან, ზესტაფონის რაიონში ასეთი სოფელია, მთხოვეს ჩამეწერა ვიდეორგოლი საზაფხულო ბანაკისთვის. ზესტაფონი ჩემი განსაკუთრებული სიყვარულია, ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს, ბათუმიდან რომ მოვდიოდი, გადავწყვიტე შევლა. ასეთი სწორი გადაწყვეტილება დიდი ხანია, არ მიმიღია. ეს იყო საოცრება, ქუჩაში გამოფენილი ბავშვები მელოდებოდნენ, გაიქცნენ და ერთმანეთს ატყობინებდნენ, მოდისო. ვისაუბრეთ ბევრი, სასაცილო კითხვებს მისვამდნენ ყოჩაღი ბავშვები. კონცერტების ირგვლივ დამისვეს კითხვები, კულისებზე, სიმღერებს როგორ ვაკეთებთ. შეყვარებული თუ გყავსო, ერთმა უსაყვარლესმა ბიჭმა მკითხა. ვუპასუხე, არ მყავს-მეთქი. გაჩუმდა… შევპირდი, რომ ვეტყვი, როცა მეყოლება. ასე რომ, მართალია, ვერ ვისვენებ, მაგრამ ეს ემოციები ყველაფერს აბალანსებს, ეს წონის ყველანაირ დაღლას…

სექტემბერში „იმედზე“ როგორი სიახლეებით დაგვიბრუნდებით? 

სიახლეები, სავარაუდოდ იქნება, მაგრამ ჯერ არ ვიცით, გვეცოდინება ეს ყველაფერი. როგორც მუსიკალურ, ასევე გადაცემის ნაწილში და ამ სიახლეებს ერთად დაველოდოთ!..

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები