თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას ბრალდება წარედგინა. ადვოკატმა ბრალის გაცნობის შემდეგ მედიას განუცხადა, ახალია ბრალს არ აღიარებს და მას სიგიჟეს უწოდებს.
„ბაჩოს პოზიცია გახლავთ ის, რომ ბრალდება არის სრულიად უსაფუძვლო, უარგუმენტო და აბსურდული, პირდაპირ გითხრათ, სიგიჟე. მას ბრალი წარედგინა იმისთვის, რომ მას პირადად მურთაზ ზოდელავასთან და პაატა ბურჭულაძესთან აკავშირებს ნაცნობობა და მეგობრობა – ეს არის ბრალის ფორმულირება. გავეცანით ბრალდებას და იქ რაიმე არგუმენტი, კონკრეტული გარემოებები, რაიმე მყარი მტკიცებულება, თუნდაც რაიმე სახის ინფორმაცია , რომ მას რაიმე გარკვეული ქმედებით ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული, ასეთი მოცემულობა მე ბრალში ვერ ვნახე. ის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, ვინაიდან უწოდებს აბსურდულს და სიგიჟეს“, – თქვა მან.
ადვოკატმა ასევე თქვა, რომ ბრალის ფორმულირებაზე განმარტებისგან თავს იკავებს და გაიმეორა, რომ ახალიას „ბრალი წარდგენილი აქვს მურთაზ ზოდელავასთან, პაატა ბურჭულაძესთან მეგობრობისა და ნაცნობობისთვის”.
საქართველოს პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამია რომ:
“პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ, ბაჩანა ახალაიას უშუალო ხელმძღვანელობით და ორგანიზებით, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს. ბრალდებულები საზოგადოებას მოუწოდებდნენ რევოლუციის საჭიროებისაკენ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს. მათივე განცხადებებით, ისინი ერთობლივად დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას, რისთვისაც საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მასობრივი ჩაბმის და გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, ბრალდებულებმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია. იმავე დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის მიხედვითაც მყისიერად უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და განეხორციელებინათ სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
