[ბაჩო ახალაიას] სისხლის სამართლის საქმეზე 46 ტომამდე საქმის მასალაა წარმოდგენილი, ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს პირის ბრალეულობას – ანი ნადარეიშვილს მოწმის სტატუსი აქვს. მოწმე ვერ იქნება ადვოკატი ამ სისხლის სამართლის საქმეზე, – ამის შესახებ პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან სასამართლო პროცესის დაწყებამდე აღნიშნა, ბაჩო ახალაიას მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარე იშუამდგომლებს გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებების დასაშვებად ცნობას, ასევე, გადაისინჯება აღკვეთის ღონისძიების საკითხიც. ამასთან, პროკურორის განმარტებით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე, ასევე იშუამდგომლებს სასამართლო სხდომის დახურვას.
„დახურვის მოტივაცია გახლავთ შემდეგი – მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში მოპოვებულია იმგვარი მტკიცებულებები და მონაწილე პირები გახლავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ასევე, გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე არის საიდუმლო მასალები, რის გამოც მიზანშეწონილად მიგვაჩნია სასამართლო სხდომის დახურვა. ყველა საქმეზე ინდივიდუალურად ხდება გადაწყვეტილების მიღება, ამ სისხლის სამართლის საქმეზე, ამ მტკიცებულებების და მოცემულობიდან გამომდინარე მიღებულია ასეთი გადაწყვეტილება.
სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ათეულობით ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის არსებობს ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაც. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება მტკიცებულებების შინაარსზე ბრალდების მხარე, ამ შემთხვევაში, ვერ გააკეთებს განმარტებას, თუმცა გიდასტურებთ, რომ საქმეში არსებობს ამგვარი მტკიცებულებები. ძალიან ბევრი პირდაპირი მტკიცებულება გვაქვს მოპოვებული. სისხლის სამართლის საქმეზე 46 ტომამდე საქმის მასალაა წარმოდგენილი სასამართლო პროცესზე, ამდენად, ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს პირის ბრალეულობას. მასალების შინაარსთან დაკავშირებით ბრალდების მხარე ვერ ისაუბრებს. სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იქნებიან ის ექსპერტები, რომლებმაც გასცეს შესაბამისი დასკვნები და დაიკითხებიან სასამართლოს წინაშეც”. – განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნულ სიახლის სამართლის საქმეზე ბაჩო ახალაიას მეუღლეს, ანი ნადარეიშვილს მოწმის სტატუსი აქვს, შესაბამისად ის ბაჩო ახალაიას ადვოკატირებას ვერ გაუწევს.
„ანი ნადარეიშვილი გახლავთ მოწმე ამ სისხლის სამართლის საქმეზე. [ ის, რომ მოწმეს შეუძლია მისი ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცეს] ეს მისი გადაწყვეტილება იქნება. ბრალდებულის სტატუსი მას არ აქვს. მოწმის სტატუსი აქვს. მოწმე ვერ იქნება ადვოკატი ამ სისხლის სამართლის საქმეზე“, – განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა.
ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
