თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში, 9 იანვარს რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის საქმეზე, მსახიობ ანა ტყებუჩავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლოში პროცესზე დასასწრებად მივიდა მსახიობი ბაჩო ქაჯაიაც, რომლის სასამართლო სხდომაც, იგივე საქმესთან დაკავშირებით გუშინ გაიმართა.
პროცესის დაწყებამდე ბაჩო ქაჯაიამ „ტვ პირველს“ განუცხადა, რომ მსგავსი ბრალდებები ემსახურება საზოგადოების დაშინებას, რათა მოქალაქეები აღარ შეიკრიბონ:
„ჩემი აზრით, ეს ემსახურება საზოგადოების რაღაცნაირ დაშინებას, რომ ხალხი აღარ შეიკრიბოს, მაგრამ ამან ხომ არასდროს არ იმუშავა – დაბარებამ კი არა, ადამიანები ნაწამები, ნაცემები არიან და ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდებოდა, ამან არ იმუშავა და როგორ შეიძლება ჯარიმა იქნება, უბრალოდ დაბარება, თუ დაშინების ეს ფორმა, დარწმუნებული ვარ, ეს არ იმუშავებს და უფრო მეტი ადამიანი დადგება იქ“, – თქვა ბაჩო ქაჯაიამ.
ცნობისათვის, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მსახიობის, ბაჩო ქაჯაიას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 იანვარს გაიმართა. საქმეზე გადაწყვეტილებას სასამართლო 23 იანვარს გამოაცხადებს.
ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან – საგამოძიებო უწყების განცხადებით, ის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.
❗ დაბარებამ კი არა, ადამიანები ნაცემი და ნაწამები არიან და ამან არ იმუშავა. დარწმუნებული ვარ, დაშინების არც ერთი ფორმა არ იმუშვებს
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ოთხშაბათი, 22 იანვარი, 2025