ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის შეთანხმება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით . „ლელო საქართველოს“ პოზიცია არ შეცვლილა. ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, სხვა საკითხების ირგვლივ პოზიციების დაახლოება არ არის საკმარისი.
„ჩვენ ვრჩებით იგივე პოზიციაზე და მიგვაჩნია, რომ ერთადერთი პასუხისმგებლიანი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იქნება, რომ ჩვენ ერთის მხრივ, ოპოზიციური პარტიები და მეორე მხრივ, ”ქართული ოცნება” შევთანხმდეთ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, ეს გამოიყვანს ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან და რაც მთავარია, მოგვცემს საშუალებას, რომ პარლამენტის კედლებში დავიწყოთ მუშაობა ”ქართულ ოცნებასთან” ერთად, იმ გამოწვევების გადასალახავად, რომელიც ასე მრავლად აქვს ჩვენს ქვეყანას. სხვა ნებისმიერი მცდელობა, რომ ოპოზიცია იქნეს შეყვანილი პარლამენტში, არ მოიტანს არანაირ შედეგს და რაც მთავარია, არ განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს. ამიტომ, მე მინდა მოვუწოდო ”ქართულ ოცნებას”, რომ რადგან მათ დღეს არ უყარეს კენჭი მანდატების შეწყვეტას, გამოყენებული იქნას ეს შესაძლებლობა იმისათვის, რომ მათ გადმოდგან ნაბიჯი ოპოზიციის და ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ ჩვენ შევთანხმდეთ ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით”. – განაცხადა, ”ლელოს” ლიდერმა.