LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ორგანიზებით, ევროსტანდარტების შესაბამისი ღვინის პირველი ლაბორატორია გაიხსნა

126
ღვინის-ლაბორატორია

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური  ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ბიზნეს განვითარებისა და ტურიზმის მომსახურების ცენტრში, ევროსტანდარტების შესაბამისი ღვინის პირველი ლაბორატორია გაიხსნა, რომელიც არა მხოლოდ იმერეთის რეგიონის მეღვინეებს, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოს ღვინის მწარმოებლებს მოემსახურება.

თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული ღვინის ლაბორატორია ხელს შეუწყობს რეგიონში მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების მნიშვნელოვან განვითარებას, ღვინის ექსპორტის ზრდას და მეღვინეებს შორის ჯანსაღი კონკურენტუნარიანობის არსებობას.

ღვინის ხარისხის სერტიფიცირების სერვისებზე მომსახურება აქამდე მხოლოდ თბილისში იყო ხელმისაწვდომი, რაც იმერელი მცირე და საშუალო ღვინის მწარმოებლებისთვის გარკვეულ წინაღობას ქმნიდა და დაკავშირებული იყო ტრანსპორტირების ხარჯებთან. ამიერიდან კი, რეგიონში, ადგილობრივი მეღვინეებისთვის ღვინის წარმოების სხვადასხვა ეტაპზე (დაწურვა, დაყენება, დავარგება, ჩამოსხმა) დროული ლაბორატორიული მომსახურება მარტივი, სწრაფი და ეფექტური შესაძლებლობა გახდება, რაც დასავლეთ საქართველოში ღვინის ინდუსტრიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ჰოვარდ ჰარდინგი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) მთავარი ხელმძღვანელი: „ბაღდათში ღვინის ლაბორატორიის გახსნა, რომელიც დასავლეთ საქართველოს საჭიროებებს მოემსახურება, მნიშვნელოვანი მაგალითია, რომ ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები დიდ ინტერესს იჩენენ საქართველოს რეგიონების მიმართ. ინვესტიციის მიზანია, მდგრადი ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს ადგილობრივ მოსახლეობას, რაც გულისხმობს, რომ გაუმჯობესებული ღვინის ხარისხი და შემცირებული ხარჯები გაზრდის მეწარმეთა ფინანსურ სარგებელს. გარდა ამისა, მოცემული ინიციატივის შემუშავება და განხორციელება მართლაც ევროპული მოვლენაა, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ ხელისუფლებას, კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებასა და პროფესიულ სასწავლებლებს“.

აკაკი რუხაძე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ექსპერტი: „ვფიქრობ, ღვინის ლაბორატორიის არსებობას უდიდესი და მნიშვნელოვანი როლი ექნება რეგიონში მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის, ვინაიდან ღვინის ხარისხის სერტიფიცირების სერვისებზე მომსახურება აქამდე თუ მხოლოდ თბილისში იყო ხელმისაწვდომი, დღეიდან ხარისხიანი ღვინის მისაღებად ღვინის ლაბორატორიის სრული სერვისით ისარგებლებენ როგორც ადგილობრივი ღვინის მწარმოებლები, ასევე მეზობელი მუნიციპალიტეტებისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს რეგიონის მეღვინეები“.

magti 5g