თბილისის ცენტრალური პარკი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარზე განთავსდება. ამის შესახებ პარკის პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.
პროექტის თანახმად, ეს იქნება მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტის და კვების ზონა. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის.
პარკის გარშემო სამი ავტოსადგომი მოეწყობა.
პარკში განთავსდება ცხენოსნის ქანდაკება, როგორც ამ ტერიტორიის სიმბოლო.
კახა კალაძე:
„სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში იყო ძალიან ცუდი ტენდენცია – რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე, სკვერების ადგილზე, სპორტული მოედნების ხარჯზე ხდებოდა ქალაქის განვითარება და მშენებლობები, რაც კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია. ჩვენ მივიღეთ ქალაქის განაშენიანების რეგულირების გეგმა, შევაჩერეთ ქაოტური განაშენიანება და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას, ასევე ახალი სკვერების მშენებლობას და არსებული პარკების განახლება-რეაბილიტაციას. გზაგამყოფებსაც კი არ ვტოვებთ გამწვანებების გარეშე, სადაც ამ პროექტების განხორციელება შესაძლებელია. მხოლოდ გამწვანებით ეკოლოგიურ მდგომარეობას ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელსაც მოწესრიგება სჭირდება”.
ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას გუშინ მოეწერა ხელი.