შპს „ნილი“, რომელიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების კვებით მომარაგებას უზრუნველყოფს, პროდუქციის ცხიმიანობასთან დაკავშირებით გამოვლენილი მცირე სხვაობის გამო დაჯარიმდა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ელოშვილმა განმარტა, თევზის ფილის ცხიმიანობაში 7 პროცენტის ნაცვლად, 6,0 პროცენტიდან 6,8 პროცენტი იყო, რაც დასაშვებ ნორმაზე, დაახლოებით, 0,2 პროცენტით ნაკლებია.
„ნებისმიერი ნუტრიციოლოგი გეტყვით, რომ ეს ხიფათის შემცვლელი არ არის. მეტიც, ეს მოზარდს აძლევს ზუსტად იმ კალორაჟს და სარგებელს, რაც საკვებისგან უნდა მიიღოს. გადაცდომა არის იმიტომ, რომ ეს ბუნებრივი საკვებია. ჩვენ ბაღებში არაბუნებრივ დანამატებს და საკვებს არ ვუშვებთ. შესაბამისად, ზუსტად შვიდპროცენტიანი ცხიმიანობით ბუნებრივი საკვების მაჩვენებლის მუდმივად შენარჩუნება ძალიან ძნელი იქნებოდა, თუმცა ამ მინიმალური გადაცდომის მიუხედავად, კომპანია ამაზე მაინც ჯარიმდება“, – აღნიშნა ილია ელოშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მეორე გადაცდომა იყო ხაჭოს ცხიმიანობა – ექვსი პროცენტის ნაცვლად, დაფიქსირდა 5,7 პროცენტი; მესამე გადაცდომა – ტომატის ნიმუშებში 22 პროცენტიდან 24 პროცენტამდე მასაში სხვაობაა, რაც ორპროცენტიანი ცვლილებაა; მეოთხე გადაცდომა ეხებოდა ყველს, რომლის ნიმუშებშიც, ნატურალური რძის ნაცვლად, რძის ფხვნილი აღმოჩნდა.
„თავისთავად, ესეც ჯანმრთელობისთვის საგანგაშო და საშიშ ფაქტორებს არ შეიცავს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბავშვმა ცხოველური დანამატები და ზეთები მიიღოს. ამიტომაც, კონტრაქტორი ვალდებულია, მთავრობის დადგენილების სტანდარტები დააკმაყოფილოს. შესაბამისად, ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას 30 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დავაკისრეთ. მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ მოულოდნელ შემოწმებებს, მიუხედავად იმ ათასობით შემოწმებისა, რომლებიც ბაღებში ისედაც ტარდება. უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ჩვენი შვილები კარგად და ჯანსაღად იკვებებიან და მათ ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა მერის მოადგილემ.
მისივე თქმით, საბავშვო ბაღებში საკვების ვარგისიანობასა და მიკროშემადგენლობასთან დაკავშირებით არანაირი საფრთხე არ არსებობს.
თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, სურსათის უვნებლობის სააგენტოს გარდა, 180-ვე ბაღს საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილება გეგმურად ამოწმებს. წლის განმავლობაში მათ მიერ დაახლოებით 1100-მდე შემოწმება ჩატარდა; სააგენტოს მონიტორინგის განყოფილება პროდუქტის შენახვის პირობებს, მენიუს შესაბამისობას, ბავშვებისთვის მიწოდებას, მზა კერძების რაოდენობას, ხარისხს, ვადებს, სამზარეულოს პერსონალის პირად ჰიგიენას, ნარჩენების გატანის წესის დაცულობასა და პროდუქტების ფინანსურ დოკუმენტაციას ამოწმებს.