ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სადგური უკვე აშენდა, ხოლო მონაკვეთის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.
”მივესალმებით, რომ თურქეთში დაინიშნა ტრანსპორტის მინისტრი, რომელიც ამ თანამდებობაზე ადრეც მუშაობდა. ჩვენ ვიმედვნებთ, რომ ის გაააქტიურებს სამუშაოებს ამ მიმართულებით და საკმაოდ მალე მივიღებთ ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთს მზადყოფნაში” – განაცხადა ქუმსიშვილმა.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი 2008 წელს. იგი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა–ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე. ამ მონაკვეთის მშენებლობა აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო ფონდის მიერ გამოყოფილი კრედიტის მეშვეობით ხორციელდება, რომლის საერთო ოდენობა 775 მილიონ აშშ დოლარია.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ახალ რკინიგზას ექნება პოტენციალი წელიწადში 1 მილიონი მგზავრი გადაიყვანოს და პირველ ეტაპზე 5 მილიონი ტონა ტვირთი გაატაროს. სატვირთო მოცულობა მუდმივად გაიზრდება და მეორე ეტაპისთვის წელიწადში 15 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება.
