ბაქო-თბილისს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა Stadler Rail Group-ის მიერ წარმოებული მატარებლით შესრულდება – აღნიშნულ შემადგენლობაში არის საძინებელი ტიპის ვაგონები და რესტორანი და ერთი მიმართულებით 200-ზე მეტი მგზავრის გადაყვანაა გათვალისწინებული.

უკვე ცნობილია, რომ რეისები ყოველდღიურად შესრულდება. გრაფიკის მიხედვით, ბაქოდან მატარებელი 23:10 საათიდან გავა და თბილისში მომდევნო დღეს, 08:41 საათზე იქნება. თბილისიდან მატარებელი კი 21:00 საათზე დაიძვრება და ბაქოში მომდევნო დღეს 06:24 საათზე ჩავა.

„მატარებელი გაჩერდება ბაქოს რკინიგზის სადგურზე, ბილაჯარში, ევლახში, განჯაში, აღსთაფასა და ბოიუქ ქესიქის სადგურებზე, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე – გარდაბნის სადგურსა და თბილისის რკინიგზის სადგურზე“, – ნათქვამია აზერბაიჯანის რკინიგზის განცხადებაში.

რაც შეეხება ბილეთის ღირებულებას, აღნიშნულ ინფორმაციას აზერბაიჯანის რკინიგზა სავარაუდოდ, დღეს გამოაქვეყნებს.

შეგახსენებთ, ბაქო-თბილისს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა პანდემიის დრო შეწყდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს შეთანხმების საფუძველზე, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება.
