ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელიც ირაკლი კობახიძემ და ალი ასადოვმა გახსნეს, საგარეო პოლიტიკურ დიალოგზე, სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ისეთ უმნიშვნელოვანეს რეგიონულ პროექტებს, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტები, შუა დერეფნის პროექტი, ასევე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი. აუცილებელია ძალისხმევის მიმართვა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის და ხელშეწყობის მიმართულებით“, – აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ ერთობლივად განხორციელებული მეგაპროექტები წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის მაგალითია.
„აღნიშნული პროექტები სამხრეთ კავკასიის ტრანსფორმაციას ემსახურება, ასევე შეიცვალა რეგიონის ენერგეტიკული და სატრანსპორტო რუკა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სამხრეთის დერეფანი. ჩვენი ქვეყნები ამ სტრატეგიული პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. დღეს ჩვენ ერთად ევროპაში მწვანე ენერგეტიკის ხიდს ვაშენებთ. შავი ზღვის წყალქვეშა ენერგეტიკული კაბელის პროექტი აზერბაიჯანში, საქართველოში, რუმინეთსა და უნგრეთში ხორციელდება. ეს პროექტი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, – აღნიშნა ალი ასადოვმა.
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა, სხდომის შემდეგ, ხელი მოაწერეს საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის ოქმს. ასევე, გაფორმდა შეთანხმებები ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის. კერძოდ, ხელი მოეწერა განზრახულობათა ოქმს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის; მემორანდუმებს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს შორის საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის საკონსულო საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ.