მომღერალ ბარბარა სამხარაძის ცხოვრების წესი ბოლო ერთი წელიწადია, რადიკალურად შეიცვალა, რადგან ბარიატრიული ოპერაციის წყალობით, უკვე დაემშვიდობა 60 კილოგრამს, ახლაც აგრძელებს კლებას, ვარჯიშს და კვების რაციონის კონტროლს, განსაკუთრებით, ულუფების. მისი მუსიკალური ცხოვრებაც აქტიურად მიდის, წერს ახალ სიმღერებს, ახლახან კი მუსიკალური სტუდიაც გახსნა. სურს თუ არა „ევროვიზიაზე“ გამგზავრება, fortuna.ge ბარბარა სამხარაძესთან ინტერვიუს გთავაზობთ.

ბარბარა, ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ გარკვეული პერიოდი გავიდა, როგორ გრძნობ თავს?
ოპერაციიდან ახლა უკვე გასულია ერთ წელზე მეტი, აღარ არის ისეთი კლება, როგორიც თავიდან იყო. მთლიანობაში, ამ ერთ წელიწადში, დაკლებული მაქვს 60 კილო. თავიდან შედარებით სწრაფად იკლებ, 15-20 კილოს თვეში, მერე კი კლების პროცესი შედარებით ნელდება, რადგან ორგანიზმი შოკში ვარდება და იწყებს წონის შენარჩუნებაზე ზრუნვას. ახლა ვარჯიში დავიწყე, კუნთის მასა იზრდება, მაგრამ წონა იგივე რჩება.
რა თქმა უნდა, კმაყოფილი ხარ იმ შედეგით, რაც ოპერაციის შემდეგ მიიღე, არა?
თავისთავად, რადგან 60 კილოს დაკლება ნამდვილად არ არის ცოტა. როცა ექიმმა მომცა უფლება, რომ შემეძლო, ძალისმიერი ვარჯიშები მეკეთებინა, ავიყვანე ტრენერი. არის გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ თავად ტრენერმა იცის და იმის მიხედვით მავარჯიშებს. კვირაში სამი დღე ვვარჯიშობ, დანარჩენი დღეები აქტიური დღის რეჟიმი მაქვს, ის სამი დღე კი ვცდილობ, არ ჩავაგდო.
ცხოვრების წესის ცვლილება ბევრი ადამიანის შემთხვევაში იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს. შენთან როგორ მოხდა?
მეც მქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები, გამიჭირდა შეგუება იმ რეალობასთან, რომ წონაში ვიკლებდი. რთული იყო იმის გააზრება, რომ ამდენი წელი ცხოვრობ ერთ ჩარჩოში, არა მხოლოდ შენთვის, არამედ შენი ახლობელი ადამიანებისთვისაც. ჩემს დას რომ სადღაც უნდა შევხვედროდი და ადგილზე ვიყავი მისული, მესიჯს მწერდა, სად ხარო… ერთია, რომ წაიკითხავ დაწერილს ამ ყველაფერს, რომ ეს ცვლილებები ხდება და მეორეა, როცა ამას ყოველდღიურად უყურებ და შენს თავზე ცდი. თითქოს მავიწყდება ხოლმე, მგონია, ისევ ის წონა ვარ, თუ სარკეში არ ჩავიხედები. მერე რეალობას ხედავ, რომ შენ შეიცვალე და სხვანაირი გახდი.

ფსიქოლოგიური აღქმის იქით თუ ვისაუბრებთ, ასევე მინდა ვთქვა, მე ჯერ კიდევ ისეთი ასაკი მქონდა, რომ ჩემი ჯანმრთელობის პრობლემები წონას არ უკავშირდებოდა, მაგრამ სამ-ოთხ წელში ბარიერების გადამლახველად და სტერეოტიპების დამამსხვრევლად კი არ იქცეოდა, იქცეოდა უფრო დიდ პრობლემად, ის გახდებოდა ჩემი სატარებელი და ჩემი ცხოვრების გამართულებელი. ძალიან დროულად და ძალიან მარტივად ვუშველე ჩემს თავს და მივიღე ეს გადაწყვეტილება, სანამ ჯანმრთელობის პრობლემები დამეწყებოდა, რადგან ანალიზები რომ გავიკეთე, იქ უკვე დიაბეტის მაჩვენებელში ზედა ზღვართან ახლოს ვიყავი, რამდენიმე წელიწადში ვიქნებოდი დიაბეტის რისკის ქვეშ.
ბარბარა, ულუფებსა და რაციონს რამდენად აკონტროლებ?
ფსიქოლოგთან ვიზიტისას როცა მან მკითხა, რა არის შენთვის ჭამაო, ვუპასუხე, არსებობის წყარო-მეთქი. ვის არ უყვარს გემრიელი ჭამა, თუმცა ყველას თავისებური აღქმა აქვს, რას ნიშნავს ის – დღეს ჩემთვის ჭამა არის ნახევარი ვაშლი, როცა ვიღაცისთვის ხუთი მთლიანი ვაშლის მირთმევაა. ჩემს ვიზუალთან შედარებით არასდროს ვჭამდი იმდენს, რომ ასეთი წონა მქონოდა. მქონდა მეტაბოლური სიმსუქნე, რასაც ჭამ, იმასაც რომ ვერ ინელებ, მიდის გვერდებში და აისახება წონაში. ჩემი კუჭის მოცულობა ძალიან პატარა იყო, ამიტომ უჭმელობასთან შეგუება არ გამჭირვებია. ისიც არ მომსვლია, რომ ზედმეტი მეჭამა. ვუსმენდი ჩემს თავს.
ახლაც რა თქმა უნდა, ასე ვაგრძელებ – მაქვს შიმშილის შეგრძნება, ორ-სამ საათში ერთხელ და აუცილებლად უნდა ვჭამო, მერე მიმძიმს საჭმლის მიღება ცარიელ კუჭზე. კვების ბალანსს ბუნებრივად მიდგენს ორგანიზმი. ჩემს თავს არ ვზღუდავ, ყველაფრის ჭამის უფლებას ვაძლევ, ოღონდ ძირითადი აქცენტი ულუფების სიმცირეზეა. შეზღუდვები გადადის ჩვევებში და საერთოდ არ მიქმნის პრობლემას.

როგორც ჩანს, სიახლეებთან შეგუების კარგი უნარი გაქვს…
ოპერაცია რომ მომინდა, ისე მოხდა ყველაფერი, რომ ორ თვეში გავიკეთე, არადა, ვგეგმავდი, ერთ წელიწადში გამეკეთებინა. მარტივად სიახლეებს ვერ ვეგუები, დრო მჭირდება ხოლმე, მაგრამ ისე სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი, უფრო შოკის მომენტი მქონდა, ადამიანს რომ ბნელ ოთახში შეიყვან და დატოვებ, მას კი რაღაც ნივთი აქვს მოსაძებნი, ასე ვგრძნობდი თავს (იღიმის). საბოლოოდ, მივედი იმ დასკვნამდე, რამაც სწორ გზაზე დამაყენა…
შენი კლების ამბავი კარგად მოგვარდა, მუსიკალურადაც ძალიან გააქტიურებული ხარ, განსაკუთრებით, საავტორო სიმღერების კუთხით…
ყველაზე დიდი სიახლე ის არის, რომ გავხსენი მუსიკალური სტუდია, სადაც მყავს მოსწავლეები და ვასწავლი სიმღერას. არ ვუჩივი მსურველების რაოდენობას. გაგიმხელთ ჩემს იდეას, რომელზეც უკვე ვმუშაობ – ძალიან მინდა, ამ ზაფხულში გავაკეთო მუსიკალური ბანაკი, სადაც ჩემი მოსწავლეები და არა მარტო ისინი, ჩამოვლენ და გავატარებთ საოცარ დროს. იმედი მაქვს, რომ გამომივა.
რაც შეეხება ჩემს სიმღერებს, ამ ეტაპზე გამზადებული მაქვს ერთი სიმღერის დემო ვერსია, აუცილებლად ზაფხულამდე გამოვა და ვნახოთ, რისი მომტანი იქნება ჩემთვის. არის სიმღერები, რომლებსაც არ ელოდებოდი და უცებ გავარდება. ბოლო ჩემი სიმღერა 14 იანვარს გამოვიდა, „ნიჭიერის“ გამარჯვების აღსანიშნავად. ეს სიმღერა ჩემს თავს მივუძღვენი და იმ პერიოდს, რაც მე გავიარე. ტექსტი ოპერაციამდე დავწერე, მაგრამ ისეთია, რომ ზუსტად უხდება ამ პერიოდს, რაც ბოლო ერთ წელიწადში გამოვიარე…

ბარბარა, „ევროვიზიაზეც“ მინდა გკითხო, რადგანაც შენი გულშემატკივრები გაგულიანებდნენ, რომ გასულიყავი შიდა შესარჩევ კონკურსზე…
„ევროვიზიის“ კონკურსი, ჩემი აზრით, საქართველოში, ყველა მომღერლის ოცნებაა, გამოცდილებაა, გადიხარ სცენაზე, უდიდეს ასპარეზზე, რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოში ვერ გექნება. დიდი აუდიტორიის წინაშე გაწევს გამოსვლა, ევროპის მასშტაბით, თუმცა არა მხოლოდ ევროპელები უყურებენ. ძალიან ბევრი ჯგუფი, მაგალითად, „აბბა“ „ევროვიზიიდან“ გახდა ცნობილი…
ბევრს ჰგონია, რომ შემოთავაზება მქონდა და მე ვთქვი უარი. ძალიან ბევრი ამბობს, რომ ბარბარამ თქვა უარი, სად წაიკითხეს ეს, არ ვიცი. ჩემს გვერდზე დავწერე, რომ არ ვიყავი მზად, არ მქონდა სიმღერა. არ მყავს ისეთი ახლობელი პირი, ვინც ამ ყველაფერს მეტყოდა, ასე ვთქვათ, დამაკვალიანებდა, როდის რა უნდა მომემზადებინა. არაფერი ვიცოდი. 2026 წლისთვის აუცილებლად ვიქნები უფრო მეტად ყურადღებით, რომ მოვემზადო. იმდენ ადამიანს უნდა ჩემი „ევროვიზიაზე“ წასვლა, არ მინდა, მათ სურვილად დარჩეს. მინდა, მეც ვეცადო… სულ ამით ვხელმძღვანელობ, რამდენადაც გიყვარვარ, იმდენად დიდია შანსი, რომ შემიზიზღო, ვიცი, ამ კონკურსს რა კრიტიკა მოჰყვება ხოლმე, ამიტომ სიმღერის არჩევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი პატარა შეცდომაც კი ყველაფერს გიყრის წყალში, ამიტომ მნიშვნელოვანია სიმღერა, რაც დაიწერება, სულ ცოტა, უნდა მიცნობდეს კომპოზიტორი, რომ ჩემი ფასეულობები და მუსიკალური გემოვნება მოარგოს კომპოზიციას. კარგი იქნებოდა, დამეწერა სიმღერა, მიმეტანა და მეჩვენებინა. დარწმუნებული ვარ, არანაკლებ კარგი სიმღერები ექნებოდათ მათ, ვინც დაწერეს და მიიტანეს, მაგრამ ჯერ არ ვიცით, ვინ გაემგზავრება „ევროვიზიაზე“ წელს, ვნახოთ…
ინტერვიუ: ნინო მურღულია