ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე რთულდება.
მისივე თქმით, ხელისუფლება ჯიუტად “აწვება” არაჰუმანურ და ანტიადამიანურ ქცევას და ამბობს, რომ გლდანის ციხე უნდა აღჭურვონ. მისი თქმით, ეს ქუჩური მიდგომაა.
ბასილაია განმარტავს, თუ რატომ არის სააკაშვილის #18 დაწესებულებაში გადაყვანა შეუძლებელი. მისი თქმით, რისკი – რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელდეს ბუნტი და თავდასხმა – შემცირებული არ არის:
“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე რთულდება. ეს არის ბუნებრივი პროცესის გაგრძელება. ის დიდი ხანია სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ. ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ჯიუტად “აწვება” რაღაც სრულიად არაჰუმანურ, ანტიადამიანურ ქცევას და იძახიან, რომ გლდანის ციხე უნდა აღვჭურვოთ. ეს არის ქუჩური მიდგომა. ეს არ არის სახელმწიფოებრივი და ინსტიტუციური მიდგომა.
სახალხო დამცველის დასკვნას გავეცანი კიდევ ერთხელ და მადლობა სახალხო დამცველს იმ კომპეტენტური და კეთილსინდისიერი შეფასებებისთვის. არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში გადაყვანა, ეს არის შეუძლებელი. როცა ვსაუბრობთ ადამიანის უსაფრთხოებაზე, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის უფლებაზე, ეს უფლებები არის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და ღარიბაშვილსა და ბრეგაძეს არავინ კითხავს, ეს არის კანონის მოთხოვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაბამის კლინიკაში იქნას გადაყვანილი.
რაც შეეხება სახალხო დამცველის დასკვნას, ის გვეუბნება, რომ: 1. ღარიბაშვილი და ბრეგაძე ცრუობდნენ, როცა ამბობდნენ, რომ N18 დაწესებულება იყო აღჭურვილი, სინამდვილეში კი ეს პროცესი დღეს მიმდინარეობს.
2. სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეს სამზადისიც მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობით არ იქნება საკმარისი;
3. N18 დაწესებულებაში მოთავსებულია ასეულობით პატიმარი, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზებულ დანაშაულთან, სხვადასხვა კრიმინალურ ქმედებასთან და ა.შ. და რისკი მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელდეს ბუნტი, თავდასხმა, შემცირებული არ არის. ამიტომ არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში გადაყვანა.” – თქვა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში 1 ოქტომბრიდან იმყოფება.
მის ადვოკატები, ექიმები, ოჯახის წევრები, მოქალაქეების ნაწილი და ოპოზიციის წარმომადგენლები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.