ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ეხმიანება “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომელიც მან ცოტა ხნის წინ, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე საუბრის დროს გააკეთა.
ამის შესახებ უგულავა სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ილუზიაა, თითქოს საქართველო ევროკავშირის კანდიდატი გახდება იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ელიტა იქნება ჩუმად და ერთიანი:
“ვუსმინე ბატონ გახარიას. ვეთანხმები რომ ერთიანობაა საჭირო. მინიმუმ “მომდევნო ერთი თვე არ ვლანძღოთ ერთმანეთი, გავჩუმდეთ მაინც” – გვითხრა მან. ალბათ, გულწრფელია ბატონი გახარია, მაგრამ ნუ მოვატყუებთ ხალხს.
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ ვის გალანძღავს ოთხი კვირის განმავლობაში, თუკი მეხუთე კვირას იგივე გაგრძელდება.
დასავლეთშიც არის ლანძღვა გინება. ეს არაა პრობლემა. ეს მხოლოდ დაბალი კულტურის მაჩვენებელია, მეტის არაფრის
საქართველო ევროკავშირის კანდიდატი გახდება არა იმ შემთხვევაში თუ პოლიტ. ელიტა დადუმდება, არა, ეს ილუზია და ტყუილია, არამედ თუ გავაცნობიერებთ რა პრობლემებია ქვეყანაში და რეალურად გადავწყვეტთ მის გადაჭრას, ასევე პარტნიორებსაც დავარწმუნებთ და არა დუმილით მოვატყუებთ.
ეს არსებითი საკითხია. ბატონი გიორგი ამ შემთხვევაში, როგორც ცივილური ქოცი მაინც დუმილით უშვებს, რომ ევროპელებს მოვატყუებთ, გავძვრებით. ეს ასე ვერ მოხდება, სამწუხაროდ.
თუ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ამისთვის საჭიროა:
1. რუსეთის მიმართ უკრაინაში დაწყებული ომის გამო დაწესებული სანქციების მიმართ მკაფიო მხარდაჭერა და ამ საკითხში ევროკავშირის შესაბამის კომისიებთან მჭიდრო თანამშრომლობა
2.ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებული დოკუმენტის განახლება და ამ რეფორმების დროში გაწერილი გრაფიკით შესეულების ვალდებულების აღება. სასამართლო, პროკურატურის, საარჩევნო სისტემის და ოპოზიციის როლის გაძლიერების ვალდებულების აღება
3. ფართო პოლიტიკური ამნისტიის მიღება და პოლიტპატიმრების უსწრაფესი განთავისუფლება. (სააკაშვილი, გვარამია და ა.შ.)
სხვა ყველა განცხადება/ ქმედება იქნება უბრალოდ გადაბრალების, ალიბის შექმნის მცდელობა. ბურთის გადაგდებაა, რომ ევროკავშირის უარი მე არ დამბრალდეს.
ასე რომ, ბატონო გახარია დუმილი, თავის და სხვისი მოტყუება კი არაა გამოსავალი, არამედ მკაფიო პოზიცია და ქმედებაა ერთადერთი სწორი გზა ევროკავშირისკენ”, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.