ბათუმის ჯაზფესტივალის პირველი მონაწილე ცნობილია! 17 ივლისს ამ უკვე კარგად ცნობილ მუსიკალურ ღონისძიებაზე რიტმ ენდ ბლუზის მოყვარულებს ნამდვილად გაგიმართლებთ, რადგან ამ ჟანრის საუკეთესო არტისტს მოისმენთ. საუბარია ლორენ ჰილზე, რომელიც საქართველოს საკუთარ ბენდთან ერთად, ევროპის ტურნეს ფარგლებში ესტუმრება.
დასაწყისში რიტმ ენდ ბლუზი აღვნიშნეთ, თუმცა როცა ლორენ ჰილს ვახსენებთ, საქმე არც ისე მარტივადაა, მისი მუსიკალური დიაპაზონი საკმაოდ მრავალფეროვანია: სოული, ჰიპ-ჰოპი, რეგეი, ფოლკი ჟანრებია, სადაც ის ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში.
მასთან დაკავშირებით საკმარისია ვახსენოთ ჯგუფი The Fugees, სადაც ის ცნობილ პროდიუსერ ვაიქლეფ ჟანთან ერთად მუშაობდა. მათ ერთად ორი ალბომი გამოსცეს, რომელთაგან „The Score“-ს წილად განსაკუთრებული აღიარება ხვდა, მოიპოვა „გრემი“ და მისი ექვსი მილიონი ასლი გაიყიდა. ყველა მელომანს ახსოვს მათი ინტერპრეტირებული ცნობილი მელოდია „Killing Me Softly“, რომელიც „ემ-თი-ვის“ ჩარტების პირველი პოზიციებიდან დიდი ხნის განმავლობაში არ ჩამოდიოდა.
ამის შემდეგ ჯგუფი დაიშალა, ლორენმა კი ჯერჯერობით თავისი პირველი და უკანასკნელი ალბომი გამოსცა სახელწოდებით „The Miseducation of Lauryn Hill“, რომელმაც კრიტიკოსთა საუკეთესო შეფასებები მოიპოვა. ამ ნამუშევრისთვის ლორენ ჰილმა ხუთი „გრემი“ დაისაკუთრა, მათ შორის, წლის საუკეთესო ალბომისთვისაც. მისი რვა მილიონი ასლი გაიყიდა და დებიუტი „ბილბორდის“ ჩარტის პირველ პოზიციაზე შედგა.
მუსიკოსი 40 წლისაა… მისი ცოცხალი შესრულება ბენდთან ერთად, რომელიც ბრწყინვალე მუსიკოსებით გახლავთ დაკომპლექტებული, ქართველი მელომანებისთვის დიდი საჩუქარი იქნება, რომელსაც 17 ივლისს ბათუმის ჯაზფესტივალი შემოგთავაზებთ.
ჯერჯერობით არ ამხელენ, კიდევ ვისი მოსმენის შესაძლებლობა გვექნება, თუმცა ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ არანაკლებ საინტერესო სახელებს გავიგონებთ.
ნინო მურღულია