LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის მიმართულებით უპრეცედენტო რაოდენობის ფრენებია დაგეგმილი

78

მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უპრეცედენტო რაოდენობის ფრენებია დაგეგმილი. როგორც ”ფორტუნას” აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, მხოლოდ ივლისში, ბათუმის მიმართულებით, 300-ზე მეტი ავიარეისი 22 მიმართულებიდან განხორციელდება. ფრენები, ძირითადათ, თურქეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, ირანიდან და რუსეთის ფედერაციიდან არის დაგეგმილი.

აღნიშნული ქვეყნებიდან ფრენებს გასულ წელს მოქმედ ავიაკომპანიებთან ერთად 7 ახალი ავიაკომპანია ანხორციელებს. მათ შორის Scat Airlines, Skybus, El Al Israel Airlines, Israir Airlines, Air Arabia, Bravo Airlines, Taban Air, თელავივიდან, შარჟადან, თებრიზიდან, თეირანიდან, მაშადიდან, კუვეიტიდან, ყაზახეთის 6 ქალაქიდან და კიევიდან.

2016 წლის 5 თვის მონაცემებით (იანვარ-მაისი) ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სულ 788 ავია რეისი განხორციელდა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 34,9%-იან მატებას გულისხმობს (2015 წელი იანვარ -მაისი 584 ავია რეისი). რაც შეეხება ჩამოფრენილ მგზავრთა რაოდენობას იანვარ-მაისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 54 429 მგზავრი ჩამოფრინდა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 32,95%-იანი ზრდაა.

„ჩვენი რეგიონის მიმართულებით განხორციელებული უპრეცედენტო რაოდენობის ფრენები ბევრი ფაქტორითაა განპირობებული. ეს წინსვლა ყველა პასუხისმგებელი ორგანოს – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, Tav Georgia-ს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგია. რაც შეეხება ტურიზმის დეპარტამენტს, ჩვენ რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით 11 სამიზნე ქვეყანაში ვაწარმოებთ აქტიურ პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს. შედეგები კი განსაკუთრებით კარგად ჩანს ყაზახეთისა და ისრაელის მაგალითზე. თუკი გასულ წელს ყაზახეთიდან საერთოდ არ გვქონდა ფრენები წელს ორი ახალი ავიაკომპანია ყაზახეთის 6 მსხვილი ქალაქიდან ანხორციელებს ფრენებს. ორი ახალი ავიაკომპანია დაგვემატა ისრაელიდან და წელს პირველად ფრენები დაიწყო ასევე არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდანაც”, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბერძენიშვილმა.

2012 წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 3 სამიზნე ქვეყანაში (პოლონეთი, ისრაელი, თურქეთი) ანხორციელებდა მარკეტინგულ კამპანიებს, დღეს ეს ციფრი კი 11-მდეა გაზრდილი. სამიზნე ქვეყნების მატების პარალელურად გაიზარდა ბათუმის მიმართულებით ფრენებისა და რეგიონში შემოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობაც.

magti 5g