ბათუმის საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია BAHADIR KUL ARCHITECTS-ის პროექტით აშენდება.
მშენებლობა აპრილში დაიწყება და დაახლოებით, 2016 წლის ბოლოსთვის სტადიონის საძირკველი უკვე დასრულებული იქნება. სტადიონი, დაახლოებით, 2018 წლის ბოლოს აშენდება.
პროექტი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით შეირჩა. ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი იყო ამ მიმართულებით კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება, პროექტის ღირებულება და ვიზუალური მხარე.
კომპანიას 22 სტადიონი და 17 სპორტული ცენტრი აქვს დაპროექტებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, თურქეთში, ყაზახეთში, კამერუნსა და ა.შ
სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და უეფა-ს სტანდარტებით აშენდება. გარდა საფეხბურთო მატჩებისა, სტადიონზე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა მასშტაბური კულტურული ღონისძიების ჩატარება. სტადიონის ტრიბუნების ქვედა სივრცეში კომერციული ობიექტები განთავსდება.
საფეხბურთო სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება.
სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. სტადიონის ტრიბუნები გადახურული იქნება. იმის გათვალისწინებით თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით რამდენიმე ტიპის დიზაინით განათდება. შენობა საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.
სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება – ავტობუსების, მოთამაშეების, VIP და მედიის. ტერიტორიაზე 1000-ზე მეტ მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.