აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, რამაზ ბოლქვაძესთან და ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად, ბათუმის ყინულის არენის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
ახალი ყინულის არენა სპორტის სასახლის მიმდებარედ შენდება და ჭადრაკის მსოფლიოს ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული. ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე ყინულის არენა განკუთვნილი იქნება ფიგურული სრიალის, ჰოკეის, ციგურებზე მასობრივი სრიალის სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩასატარებლად, ასევე სხვადასხვა დღესასწაულების, კონცერტების და გამოფენების მოსაწყობად.
როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, სპორტის სასახლე, ახალი ყინულის არენა და ოლიმპიური საცურაო აუზი საერთო ჯამში შექმნის ბათუმის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქალაქის ინფრასტრუქტურულ, ისე სპორტული ტურიზმის მიმართულებით განვითარებას.