ბათუმში, ერთ-ერთ კლინიკაში, ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელეკომპანია TV 25 ავრცელებს.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბავშვი ოთხი დღის წინ გაჩნდა, თუმცა დეფექტის შესახებ ინფორმაცია მათთვის დღეს გახდა ცნობილი. პაციენტის ახლობლები იმ ექიმის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ, რომელმაც მათი მტკიცებით, ახალშობილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია დამალა.
“დღეს მეუბნებიან, რომ ბავშვს ცალი თვალი არ აქვსო. აქამდე მეუბნებოდნენ, რომ პატარაა და თვალს გაახელსო.“- აცხადებს ახალშობილის დედა.
“ექიმს დღეს ვუთხარი, რომ ბავშვის ცალი თვალი არ მომწონდა. გუშინ მითხრეს, რომ ჩვილია და ძალით ხომ ვერ გავახელინებთო. დღეს უნდა გაეწერათ, მაგრამ დატოვეს, სიყვითლე აქვსო.
შემდეგ ჩემთან ერთად შეუმოწმეს, აუწიეს ცალი თვალი და მითხრეს, არ აქვსო,” – აცხადებს ახალშობილის მამიდა.
ექიმის თქმით, ახალშობილს თვალის შეშუპება აღენიშნებოდა და შესაბამისი სპეციალისტიც გამოიძახეს დასახმარებლად.
“გამოძახებული იყო კონსულტანტი, რის შემდეგაც დაისვა ეს დიაგნოზი. სანამ კონსულტანტი არ მოვიდა, დიაგნოზი არ გვქონდა,” – განმარტავს ექიმი მიზეზს, თუ რატომ არ უთხრეს ცალი თვალის პრობლემის შესახებ ოჯახს.