აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამუშავდა ბათუმის ცენტრალური პარკის პროექტი, რომელიც გაშენდება ქალაქის შიდა ნაწილში არანაკლებ 22 ჰა ტერიტორიაზე.
,,ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ ტურიზმის ხელშეწყობას, განვითარებას, საზოგადოებისთვის და ქალაქისთვის ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნას. ურეხის და ე.წ. სტეფანოვკის დასახლებაში გაშენდება ახალი რეკრეაცია, ამ მიმართულებით ჩვენ ბოლო 1 წლის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით და დარწმუნებული ვარ ეს ახალი ცენტრალური პარკი შექმნის ახალ მიზიდულობის ცენტრს ტურისტული თვალსაზრისით, ამასთან ჩვენს თანაქალაქელებს ექნებათ გართობისთვის და დასვენებისთვის ახალი, ძალიან მიმზიდველი სივრცე,’’ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
მისივე ინფორმაციით, მიღწეულია შეთანხმება ინვესტორთან, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე აშენდება საბაგირო და დაუკავშირდება არგოს მთას, რითაც შეიკვრება ერთგვარი სამკუთხედი და საბაგიროს მეშვეობით ტერიტორია დაუკავშირდება ბულვარს. პროექტის ფარგლებში, ბათუმში შეიქმნება მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე, რაც მნიშვნელოვანია ქალაქის სწორი ურბანული განვითარებისთვის. სახელმწიფო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობაში არანაკლებ 14 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.