ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ კორპუსიდან ძაღლი გადმოაგდეს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.
ცხოველთა უფლებადამცველმა ლია მგელაძემ მედიას უთხრა, რომ ადგილზე მივიდა პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, პოლიციელებისთვის ცნობილია ის ბინა, საიდანაც, სავარაუდოდ, ძაღლი გადააგდეს.
ძაღლი მიუსაფარია, ყურზე შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნიშანი ჰქონდა, რაც ადასტურებს, რომ იგი აღრიცხული და ვაქცინირებული იყო.
ცხოველთა დამცველები აღნიშნავენ, რომ ბათუმში კორპუსიდან ძაღლის გადაგდების ეს პირველი შემთხვევა არ არის და მსგავს ფაქტებზე პასუხისმგებლობის საკითხის მკაცრად დაყენებას მოითხოვენ.
