ბათუმში ”მეგა პალასის” მშენებლობა, რომელზეც 15 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება, 2017 წელს დასრულდება.
როგორც ”ფორტუნას” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, 30-სართულიან შენობაში სულ 105 სასტუმრო ნომერი, კაზინო, რესტორანი, საცურაო აუზი და სხვა ობიექტები განთავსდება.
ამ ეტაპზე დასრულებულია შენობის მშენებლობის სამუშაოები და გარე და შიდა ფასადის მოწყობა (ლიფტების და ფანჯრების მონტაჟი, კიბეების მოწყობა და სხვა.) მიმდინარეობს. მშენებლობაზე 80 ადამიანია დასაქმებული.
“გარდა იმისა, რომ პროექტი მნიშვნელოვანია ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, ეს არის ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის დამატებითი საშუალება. მალე ამ ტერიტორიაზე კიდევ ორი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყება და დამატებით დაახლოებით 45 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. საუბარია ქართულ და უცხოურ ინვესტიციაზე.”- განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ.
ცნობისთვის, ბათუმში „მეგა პალასის“ მშენებლობა 2014 წელს დაიწყო.
